21-ე საუკუნის უნარები წარმატების მისაღწევად

21-ე საუკუნის უნარები წარმატების მისაღწევად


ეს ზუსტად ის უნარებია, რომლებიც ამ საუკუნეში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. 

ამ სტატიაში მოგიყვებით საკვანძო 12 უნარზე, რომლის შესახებაც დოკუმენტში საუბრობენ. სტატია შეგიძლიათ ერთგვარ თვითშეფასების ტესტადაც გამოიყენოთ და ნახოთ, რაში ხართ ძლიერი და რაში შეიძლება გაუმჯობესდეთ. 

  1. პირველი მნიშვნელოვანი უნარი არის კრიტიკული აზროვნება. განათლების სისტემაში ახლა ინერგება კრიტიკული აზროვნების სწავლება, საბჭოთა განათლების სისტემაში ეს არ ისწავლებოდა. კრიტიკული აზროვნება არის უნარი, რომ სხვის აზრს ან სხვის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას კი არ დაეყრდნოთ, არამედ თავად შეძლოთ განსჯა, რა არის სწორი და რა არასწორი, რა არის კარგი და რა ცუდი. კრიტიკულად აზროვნება დაგეხმარებათ, მიიღოთ ინფორმაცია, აწონ-დაწონოთ ის და საკუთარი აზრი გამოიტანოთ. ეს უნარი ასევე საკუთარი მოსაზრებების მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას გულისხმობს.
  2. მეორე უნარი შემოქმედებითობაა. არატრივიალური გზების გამონახვის საშუალება. ჩატარდა ექსპერიმენტი, რა დროსაც ჰარვარდის კურსდამთავრებულებს მისცეს ქაღალდის სამაგრი, მათ კი რაც შეიძლება მრავალფეროვანი გამოყენების გზები უნდა მოეძებნათ ამ ნივთისთვის. შედეგად  დაახლოებით 20-მდე გამოყენება გამოუნახეს. იგივე სამაგრი მისცეს საბავშვო ბაღის ბავშვებს, რომლებმაც დაახლოებით 200-მდე გამოყენება მოუძებნეს ნივთს. ეს ნიშნავს, რომ შემოქმედებითობა განათლების პროდუქტი არ არის, განათლებამ შეიძლება დააზარალოს კიდეც კრეატიული აზროვნება. ბიზნესში, სოციალურ ცხოვრებაში, თუ სხვა ნებისმიერ ასპექტში, კრეატიულობის დეფიციტი ხელისშემშლელი შეიძლება აღმოჩნდეს, განსაკუთრებით თანამედროვე დროში.
  3. მესამე თანამშრომლობის, კოლაბორაციის უნარია. 21-ე საუკუნეში მნიშვნელოვანია, რომ გარშემო თანამოაზრეები შემოიკრიბოთ და მარტო არ იყოთ. სკოლაში ამოცანების ამოხსნა ჯგუფურად დანაშაულიც კი იყო, სამსახურში, პროექტების კეთებისას თუ სხვა ნებისმიერ საკითხში პირიქით, ჯგუფურობად მუშაობა მნიშვნელოვანია.
  4. მეოთხეა კომუნიკაცია. კარგი საკომუნიკაციო უნარების გარეშე გაგიჭირდებათ იგივე კოლაბორაცია. კომუნიკაციის ცოდნა არ გულისხმობს მხოლოდ ლაპარაკს. "ფლომასტერის" ტრენინგებზე ხშირად ვამბობთ, ტომ კომუნიკაცია იწყება მოსმენით.
  5. მეხუთე უნარი, რომელიც თანამედროვეობაში უმნიშვნელოვანესია, არის საინფორმაციო წიგნიერება. ეს უნარი გულისხმობს ზღვა ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას, დაპრიორიტეტებას და ზედმეტის გადაგდებას. ჩვენ 100-ჯერ მეტი ინფორმაცია შემოგვდის, ვიდრე ეს ჩვენი წინა თაობების შემთხვევაში ხდებოდა. თუ ადრე განათლებული ადამიანი დინჯად კითხულობდა წიგნს ან გაზეთს, დღეს იგივე დროში 10 წიგნში ჩასატევი ინფორმაციის დამუშავება და მისგან სარგებლის მიღება უნდა შეგვეძლოს.
  1. მეექვსე უნარი მედია წიგნიერებაა. ადრე არავის სჭირდებოდა სწავლება, როგორ ეყურებინა ტელევიზორისთვის, არ არსებობდა  ყალბი სიახლეების ცნება და სოციალური მედია. იყო ძალიან კონკრეტული ტელე-რადიო და ბეჭდური საშუალებები. დღეს კი რადიკალურად განსხვავებული რეალობა გვაქვს.თანამედროვე ადამიანს უნდა შეეძლოს ყალბი და ნამდვილი სიახლის გარჩევა და წყაროების შემოწმება.
  2. მეშვიდე არის ტექნოლოგიური ცოდნა. ეს უნარი არ მოიცავს მხოლოდ კომპიუტერის ცოდნას. ტექნოლოგიების ცოდნა საკმაოდ კომპლექსური საკითხია: სმარტფონები, სოციალური ქსელები, ვიდეო კამერები და სხვა მრავალი საშუალება ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. თუ ადრე ტექნოლოგიური ცოდნა მხოლოდ ტექნიკოსს მოეთხოვებოდა დღეს ეს ყველა ადამიანს სჭირდება იმისთვის, რომ სამუშაოს მინიმუმის შესრულება შეძლოს.
  3. მერვე მოქნილობაა - 21-ე საუკუნის ადამიანი უნდა იყოს მოქნილი. მიუხედავად იმისა, რომ გარემო სწრაფად იცვლება, ძალიან ბევრი ადამიანი აწყდება ამ პრობლემას, რადგან ბევრი თვლის, რომ არსებობს დადგენილი წესები, თუ როგორ უნდა გაკეთდეს კონკრეტული საქმე, იქნება ეს გადაცემის წაყვანა, ვიდეოს გადაღება, თუ სხვა და არ განიხილავენ სხვაგვარად მიდგომას საკითხისადმი. ასეთმა მოუქნელობამ შესაძლოა, პროგრესი შეაფერხოს როგორც კონკრეტულ ადამიანში, ასევე საზოგადოებაში.
  4. მეცხრეა ლიდერობა. ლიდერობა არ უნდა აგერიოთ ხელმძღვანელობაში. აქ არ იგულისხმება თანამდებობა. ლიდერობა არის უნარი, რომ აიღოთ პასუხისმგებლობები, ვალდებულებები და შეასრულოთ ეს ყველაფერი თქვენს გუნდთან ერთად.
  5. მეათე გახლავთ ინიციატივა, ადამიანს უნდა შეეძლოს ინიციატივების გამოჩენა. მხოლოდ დავალებების მოლოდინში ყოფნა ხელს შეუშლის თქვენს პიროვნულ თუ კარიერულ განვითარებას.
  6. მეთერთმეტე არის პროდუქტიულობა. თანამედროვე ადამიანს, იმისთვის, რომ იყოს წარმატებული, გაცილებით მეტის მოსწრება უნდა შეეძლოს იმ დროში, რა დროშიც წინა თაობები ერთ საქმეს ასწრებდნენ. სტრესის პირობებში პროდუქტიულობის შენარჩუნებაც ძალიან მნიშვნელოვანი უნარია, კოვიდ პანდემიამ ეს კიდევ უფრო ცალსახად დაგვანახა.
  7. მეთორმეტე - სოციალური უნარები, გულისხმობს ხალხთან ურთიერთობას. სანაცნობო ქსელის ჩამოყალიბება, თუ განსხვავებულ აზრთან თანაცხოვრება კრიტიკულად მნიშვნელოვანი უნარებია, რომლის გარეშეც თანამედროვე საზოგადოებასთან ადაპტირება პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
4 ოქტომბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები