ამბების თხრობა TED-ის ფორმატით

ამბების თხრობა TED-ის ფორმატით


ამ სტატიაში სწორედ TED-ის ფორმატით ამბების თხრობაზე ვისაუბრებთ, გავეცნობით, რა მეთოდებს იყენებენ ისტორიის საინტერესოდ და დამაჯერებლად გადმოსაცემად, ასევე მოვყვებით ისტორიას ჩვეულებრივად და შემდგომ TED-ის ფორმატის მიხედვით. 

ისტორია მდგომარეობს შემდეგში:

„ჩემი მეგობარი მუშაობდა ნორმალურ ორგანიზაციაში, კარგ პოზიციაზე, მისაღები ანაზღაურებით. თუმცა დიდი ხანი ჰქონდა განცდა, რომ კარიერულად ვერ ვითარდებოდა, მის ცხოვრებაში ახალი არაფერი ხდებოდა, ყოველდღიური საქმიანობა გაუფერულდა და უინტერესო გახდა. ამის გამო, გადაწყვიტა სამსახურიდან წამოსულიყო და თავისი ბიზნესი წამოეწყო. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პიროვნებაა თავის სფეროში.“

ერთი შეხედვით ამ ისტორიაში განსაკუთრებული არაფერია. თუმცა, ტედი ამბობს, რომ ნებისმიერი ისტორიისთვის შეიძლება ფრთების შესხმა და სხვა ადამიანებისთვის საინტერესო, სამაგალითო ამბად გადაცემა. ტედს აქვს ამბების მოყოლის მოკლე, მკვეთრად განსაზღვრული ფორმატი. ტედის საუბრების მაქსიმალური ხანგრძლივობა 15-18 წუთს შეადგენს. 

სანამ იგივე ისტორიას ტედისეული მეთოდის მიხედვით მოვყვებით, მანამდე ვისაუბრებთ იმ ნაბიჯებზე, რომლის მიხედვითაც ისტორია უნდა შეიქმნას.

ამბის თხრობის 5 მარტივი ნაბიჯი: 

  1. პირველი ნაბიჯი არის პერსონაჟი. ტედი ამბობს, რომ ყველა ამბავს სჭირდება გმირი. ამბის გმირი რაც შეიძლება ცხადად და ხატოვნად უნდა იყოს აღწერილი, რომ მსმენელმა მისი წარმოდგენა შეძლოს. ამბის მოყოლისას ჩვენ მხოლოდ ვთქვით, რომ „მეგობარი უკმაყოფილოა სამსახურით.“ მსმენელმა ვერ გაიგო, ეს ადამიანი ქალია თუ კაცი, სად მუშაობს, რა პროფესიის არის, რამდენი ხანია მუშაობს ორგანიზაციაში და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. ტედი გვეუბნება, რომ დავუთმოთ დრო პერსონაჟის აღწერას. მნიშვნელოვანია, ვთქვათ სახელი, თუნდაც შეცვლილი. წარმოიდგინეთ წიგნი, რომლის გმირებსაც სახელი არ ჰქვიათ და არაფერი ვიცით მათ შესახებ, ამ დროს ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება მათი წარმოსახვა და მათი ისტორიის გულთან ახლოს მიტანა.
  2. მეორე ნაბიჯი არის დილემა. პერსონაჟი უნდა დადგეს გადაწყვეტილების წინაშე. დილემა ზოგადი და ცხოვრებისეული საკითხი არ უნდა იყოს, მაგალითად როგორ იყოს ბედნიერი, როგორ განავითაროს კარიერა და ა.შ. გმირმა არჩევანი უფრო კონკრეტულ საკითხზე უნდა გააკეთოს, მაგალითად წამოვიდეს თუ არა სამსახურიდან, გაუშვას თუ არა თანამშრომელი სამსახურიდან. ტედისეულ მოყოლაში ეს დილემა უფრო მხატვრულად უნდა გადმოიცეს, ასეთ დროს მსმენელის ემოციები უფრო მძაფრდება და ისტორიაც უფრო საინტერესო ხდება მათთვის.
  3. მესამე ნაბიჯს ტედი „aha moment“-ს ეძახის, ეს არის გამონათების მომენტი, როდესაც გმირი გადაწყვეტილებას იღებს. არჩევანის გაკეთება რაღაც კონკრეტულმა მომენტმა/ამბავმა უნდა განაპირობოს. ჩვენ მიერ მოყოლილ ისტორიაში არ ჩანს გამონათების მომენტი, არ ვსაუბრობთ მიზეზზე, თუ რამ გადააწყვეტინა ჩვენს გმირს სამსახურიდან წამოსვლა.
  4. მეოთხე ნაბიჯი არის ცვლილება პერსონაჟში. მას შემდეგ, რაც ამბის გმირმა გადაწყვეტილება მიიღო, უნდა აღვწეროთ, თუ რა ცვლილებები განიცადა მან. ისტორიის მოყოლის მორალი ხომ სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გავაგებინოთ მსმენელს, რა ცვლილებები გამოიწვია კონკრეტულმა ამბავმა პერსონაჟში. ისტორიის დასაწყისში ვყვებით გმირის შესახებ, თუ როგორი იყო ის და ისტორიის ბოლოს რა შეიცვალა მასში, მას შემდეგ, რაც კონკრეტულ გზას დაადგა.
  5. ბოლოს მსმენელს უნდა გავაგებინოთ, თუ რა დასკვნა გამოიტანონ ამ ისტორიიდან. ტედის ფორმატის ეფექტურობა იმაშია, რომ ისტორიის გმირის ფილმის პერსონაჟად  წარმოდგენის გარდა, ის გვთავაზობს კონკრეტულ და დამაფიქრებელ დასკვნებს. ამას სწორედ მაშინ აკეთებს, როდესაც აუდიტორია ამისთვის ემოციურად უკვე მზად არის. დასკვნა უნდა პასუხობდეს შეკითხვებს: რა ვისწავლეთ ამ ამბისგან? რატომ ვყვებით ამ ამბავს?

ახლა შევეცდებით, ჩვენი პირველი ისტორია ტედის ფორმატის მიხედვით მოვყვეთ. 

„38 წლის ანდრო, ჩემი მეგობარი, რომელიც უკვე 12 წელია მუშაობს ერთ-ერთ წამყვან ბანკში, ბოლო 4 წელია ანგარიშსწორების განყოფილების უფროსია. აქვს ძალიან კარგი ხელფასი, კარგი გარემო, სოციალური სტატუსი და სტაბილური შემოსავალი. ოჯახში ყველაფერი კარგად მისდის, ბავშვები წამოიზარდნენ, სკოლაში დადიან. ამ სიკეთეების მიუხედავად, მოწყენილია, სულ უფრო და უფრო ფიქრობს ადგას თუ არა სწორ გზას ცხოვრებაში. მობეზრდა ეს სამსახური, მაგრამ ჩერდება ხელფასის, სტაბილურობისა და კარგი გარემოს გამო. 

ამ ფიქრებით უკვე დიდი ხანია შეპყრობილია. 

ერთ მშვენიერ საღამოს სახლში დაურეკა ეკამ, ყოფილმა კლასელმა, რომელიც 20 წელია არ უნახავს და კლასელების შეკრებაზე დაპატიჟა. დიდი ხნის უნახავმა კლასელებმა ძალიან კარგი დრო გაატარეს, ბევრი იცინეს და გაიხსენეს ძველი დრო. ანდროს გვერდზე მაგიდასთან იჯდა მისი კლასელი ნინო, რომელიც, როგორც გაირკვა, ბოლო 14 წელია თავის ბიზნესს საკმაოდ წარმატებულად მართავს. მისი ორგანიზაციის შესახებ იცოდა ანდრომაც, თუმცა არ იცოდა, ნინო რომ იყო დამაარსებელი. შეკრების დასრულების შემდეგ ანდროს გონება მთლიანად ნინოს ისტორიამ მოიცვა. წარმოიდგენდა თავის თავს ნინოს ადგილას, მასაც თავისი ბიზნესი რომ წამოეწყო, როგორ წარიმართებოდა მისი ცხოვრება.  

შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში მუდმივად ამ საკითხზე ფიქრმა და ოჯახთან განხილვებმა ანდრო მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ სამსახურიდან წამოსულიყო. კლასელების შეკრებიდან 3 თვის თავზე ის უკვე თავის კომპანიას არეგისტრირებს. შემდეგი ორი წელის ანდროსთვის ყველაზე პროდუქტიული, საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა. მიხედა თავის ჯანმრთელობას, დაკავდა სპორტით, უფრო დიდი დროის გატარება დაიწყო შვილებთან და ოჯახის წევრებთან, ძველ მეგობრებთან აღადგინა კონტაქტი. დღეს კი ის  წარმატებული ადამიანია თავის სფეროში და მისი კომპანია დღითიდღე იზრდება და ვითარდება. 

დღეს ის ნათლად ხედავს, რომ მანდ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. 

გარდა ამისა, ანდრო ასწავლის სტუდენტებს, რომ არ უნდა აკეთონ ის, რაც არ უყვართ, არ უნდა შეეშინდეთ ცვლილებების და რაც არ უნდა ძნელი იყოს გასავლელი გზა, მით უფრო ტკბილი იქნება საბოლოო შედეგი და მიზნის მიღწევა.“ 

ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანი, თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელი საჯარო გამოსვლისას ტედისეულ მეთოდს იყენებს, რაც უფრო ეფექტურს და შედეგიანს ხდის მათ გამოსვლებს. 

ერთი შეხედვით მშრალი და უინტერესო ისტორიაც კი ემოციური და დამამახსოვრებელი შეიძლება აღმოჩნდეს მისი სწორად მოყოლის შემთხვევაში.

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
12 ოქტომბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები