ჩატეხილი ფანჯრების თეორია

ჩატეხილი ფანჯრების თეორია


სანამ სტატიის თემაზე ვისაუბრებთ, განვმარტოთ, თუ რა არის ჩატეხილი ფანჯრების თეორია

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ თეორია უფრო სიღრმისეულია, მაგრამ მარტივად რომ ავხსნათ, ის ამბობს ესეთ რამეს, შენობაში ერთი შუშა რომ ჩავტეხოთ და დავტოვოთ ასე, ცოტა ხანში სხვა ადამიანები ჩატეხავენ სხვა შუშებს. რაც გულისხმობს, რომ ერთი ჩატეხილი შუშა იწვევს სხვა შუშების ჩატეხვას.

პირველი შეკითხვა, რატომ ჩატეხავენ შუშას ახლა თუ აქამდე არ ტეხავდნენ? 

პასუხია, რომ შუშის ჩატეხვის ცდუნება უფრო მაღალია მაშინ, როდესაც ადამიანები ხედავენ რომ ეს სხვამ უკვე გააკეთა.

ზოგადად, შუშის ჩატეხვის, კედელზე წარწერის გაკეთების, თუ სხვა მსგავსი საქციელის ჩადენის ცდუნება ყოველთვის არსებობს ბავშვებში, მოზარდებში, თუ ნასვამ ადამიანებში.

ეს თეორია კი გვებნება, რომ ეს ცდუნება უფრო ძლიერდება იმ შემთხვევაში, თუ სხვა გააკეთებს მსგავს რაღაცას და ხედავენ, რომ „მოსულა“ ასეთი რაღაცის გაკეთება.

მაგალითად, თუ ვინმე გავა ქუჩაში და აღმოაჩენს, რომ სიგარეტის ნამწვები ძირს ყრია, მწეველი ადამიანი ჩათვლის, რომ ამ ტერიტორიაზე ძირს ნამწვების დაყრა მისაღებია და დიდი ალბათობით იგივეს იზამს. 

რა თქმა უნდა, არსებობენ მაღალი შეგნების მქონე ადამიანები, რომლებიც სულ რომ სავსე იყოს იქაურობა ნამწვებით, იგივეს არ გაიმეორებენ.  

ჰოლანდიაში ჩატარდა ექსპერიმენტი. საფეერფლეები, რომლებიც ველოსიპედის სადგომთან იყო დაყენებული, გადაიტანეს მოშორებით. ადამიანები, რომლებიც სამსახურიდან გამოდიოდნენ, მივიდოდნენ ველოსიპედთან ჩააქრობდნენ სიგარეტს საფერფლეში და გააგრძელებდნენ გზას. როცა საფერფლეები აიღეს და მოშორებით გადაიტანეს, მწეველების ნაწილი წავიდა უფრო მოშორებით და იქ გადააგდო სიგარეტი, ნაწილმა კი იქვე ძირს დააგდო. მას შემდეგ, რაც ძირს დაყრილი სიგარეტები გაჩნდა კონკრეტულ ტერიტორიაზე, სხვებმაც მასიურად დაიწყეს ძირს დაყრა. 

გამოდის, რომ შინაგანი ტალღა და ცდუნება ერთია და მეორეა, როგორ გარემოს შევქმნით საზოგადოებაში, გუნდში, ორგანიზაციაში, ოჯახში და ა.შ. 

დიდი ალბათობით, გქონიათ სიტუაცია, როცა ოფისში, კლინიკაში, სახელმწიფო ორგანიზაციაში თუ სხვა დაწესებულებაში შედიხართ და ყველაფერი სუფთაა, მოწესრიგებულად არის განლაგებული. ამ მომენტში თქვენს ცნობიერებაში იხატება სურათი, რომ აქ რაღაც კარგი ხდება, ექიმები კარგი ჰყავთ, მენეჯმენტი კარგი ჰყავთ და ა.შ.

გადმოვიდეთ გატეხილი ფანჯრიდან და ძირს დაყრილი სიგარეტის ნამწვებიდან თქვენს ორგანიზაციაში. თუ თანამშრომელს, ან თქვენს დამკვეთს პატარა დარღვევების და მოუწესრიგებელი წვრილმანების გამო შთაბეჭდილება დარჩა, რომ ამ ორგანიზაციაში უწესრიგობაა, უპატრონობაა, მაშინ თქვენი თანამშრომლების თუ დამკვეთების ქცევა შესაბამისად არაჯანსაღი იქნება. ის, თუ როგორ გარემოში ამყოფებთ ადამიანებს, დიდ გავლენას ახდენს მათ ქცევებზე. 

გაგახსენდებათ ალბათ სიტუაცია, რომ შეხვედრა დანიშნული გაქვთ კომპანიაში, მიხვალთ თვის დროზე და აგვიანებენ, ამ დროს გიფიქრიათ, რომ ადამიანი, ვისთანაც გაქვთ შეხვედრა, დროს ვერ ანაწილებს სწორად, აგვიანებს შეხვედრაზე, გალოდინებთ, თქვენს დროს პატივს არ სცემს და ა.შ. შემდეგ დაიწყებთ გარემოს დათვალიერებას და შეამჩნევთ ისეთ დეტალებს, რაც მიგანიშნებთ, რომ უწესრიგობაა გარშემო. არ იფიქროთ, რომ დამკვეთი თუ პოტენციური თანამშრომელი ამ ყველაფერს ბლოკნოტში ინიშნავს, ის უბრალოდ გონებაში იმახსოვრებს, უჩნდება განწყობა, რომ აქაურობას შესაბამისი პატრონი არ ჰყავს და ა.შ. 

დაფიქრდით, თქვენ, როგორც ლიდერი, ხომ არ იძლევით ასეთ მაგალითებს? ხომ არ გაქვთ ორგანიზაციაში ჩატეხილი ფანჯრები? 

თუ თქვენ აგვიანებთ, სხვა თანამშრომლებიც დაიწყებენ დაგვიანებას. თუ თქვენ სამუშაოს სათანადოდ არ ასრულებთ, ამას სხვებიც გაიმეორებენ. თუ თქვენ არ უვლით თქვენს ოფისს, გარემოს, რატომ მოუვლიან სხვები? 

როდესაც ყოველდღე მიდიხართ სამსახურში, შეხედეთ საკითხებს ასეთი კუთხით. სად გაქვთ ჩატეხილი ფანჯრები? აღმოაჩენთ, რომ ბევრი დეტალია გამოსასწორებელი, განათებაა შესაცვლელი, კაფელია გამოსაცვლელი, კაბელებია დასამალი, ან თუნდაც თქვენს ქცევაშია ბევრი რამ შესაცვლელი. შეიძლება იფიქროთ, რომ ესენი ბევრს არაფერს შეცვლის, მაგრამ სწორედ ასეთმა პატარ-პატარა უწესრიგობებმა შეიძლება გამოიწვიოს დიდი ფანჯრების ჩატეხვა. 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
13 იანვარი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები