დემოტივატორები ადამიანებში

დემოტივატორები ადამიანებში


სანამ უშუალოდ დემოტივატორების განხილვაზე გადავალთ, განვმარტავთ ჩვენ მიერ შედგენილ მოტივაციის სქემას. წარმოიდგინეთ ფიალა, რომელიც სამ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ. სავსე ფიალა გამოხატავს „გაგიჟებულს“ ანუ ძალიან მოტივირებულ ადამიანს, ცარიელი ფიალა გამოხატავს ტერმინს „გადაგწვავთ“, რა დროსაც თანამშრომელი იმდენად დემოტივირებულია, რომ მზად არის ყველგან გალანძღოს თავისი კომპანია, ფინანსურ თაღლითობაზეც კი წავიდეს და უჩივლოს კომპანიას თუ ამის საჭიროებას დაინახავს. ნახევრად სავსე ფიალა კი გამოხატავს ზომიერად მოტივირებულ თანამშრომელს.

"ფლომასტერის" ტრენინგებზე ხშირად ვამბობთ - კომპანიისთვის სასურველია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის ფიალა იყოს ნახევრად სავსე. „გაგიჟებული“ თანამშრომელი შემაწუხებელია კოლეგებისთვის, სავსე ფიალა პერიოდულად შეიძლება კარგი იყოს , მაგალითად კონკრეტულ პროექტებზე ან წლის ბოლოს.

რა არის დემოტივატორი? წარმოიდგინეთ, რომ მოტივაციის ფიალას უჩნდება ხვრელები და როგორც არ უნდა ეცადოს მენეჯერი, რომ ფიალა შეავსოს, ხვრელებიდან სითხე მაინც იცლება. ამიტომ, დემოტივატორების მოგვარება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მოტივაციის ამაღლება. თუმცა, ეს სხვადასხვა რამაა.

პირველ რიგში, უნდა გაარკვიოთ, რა შეიძლება იყოს დემოტივატორი. ყველაზე გავრცელებული დემოტივატორი არის უსამართლობის შეგრძნება - თუ ადამიანი ფიქრობს, რომ ის უსამართლობის მსხვერპლია სამსახურში, დაჯილდოებისას, ხელფასის ან საქმის გადანაწილებაში, ეს სერიოზულ პრობლემას ქმნის და აფერხებს მუშაობის პროცესს. სერიოზული დემოტივატორია ჯანმრთელობის პრობლემა, სოციალური ურთიერთობის პრობლემა, გადაღლა, გართობის და ხალისის ნაკლებობა, გაუგებარი დავალებები. თუ თქვენ გყავთ 10 თანამშრომელი, ყველას სხვადასხვა დემოტივატორი შეიძლება ჰქონდეს.

დემოტივატორების იდენტიფიცირება შეიძლება კვლევის ჩატარებით. თუმცა, ყველაზე ეფექტური მეთოდი თითოეულ თანამშრომელთან გასაუბრებაა, ამას წინ ძალიან დიდი ნდობა უნდა უძღოდეს. აუცილებელია, მენეჯერს ჰყავდეს მეგობარი, თანამოაზრე, რომელიც თანამშრომლების სახელით გაუზიარებს მას კომპანიაში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციას. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ამას არანაირი კავშირი არ აქვს დაბეზღებასთან. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ თავიანთი პრობლემების გაზიარებას სიტუაციის გაუმჯობესება მოყვება. 

თუ თქვენ მოახერხებთ და ერთ კვირაში უსამართლობის სისტემას დაარეგულირებთ, არ ნიშნავს, რომ შემდეგ კვირაში ახალი არ გაჩნდება. დემოტივატორებთან ბრძოლა მუდმივი პროცესია. მთავარია, ამ საქმეში მარტო არ იყოთ, გყავდეთ გუნდის წევრები, რომლებიც არ არის აუცილებელი, თანამდებობით მაღალ პოზიციას იკავებდნენ, მათ უბრალოდ არსებული მდგომარეობის გამოსწორება და კომპანიაში მოტივაციის ამაღლებაში უნდა სურდეთ თქვენი დახმარება. 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
4 ოქტომბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები