ემოციური ინტელექტის უნივერსიტეტი

ემოციური ინტელექტის უნივერსიტეტი


ბოლო დროს, ყველა კომპანიაში ვისთანაც ტრენინგისების, ლიდერობის თუ განვითარების მიმართულებით ვმუშაობთ, ყველგან ემოციური ინტელექტი ერთ-ერთი სასურველი და საინტერესო თემების ჩამონათვალშია, რომელიც ხალხს უნდა რომ შეისწავლოს. ჩვენც ამ მიმართულებით გარკვეულ ნაბიჯებს ვდგამთ და გვინდა ამ სტატიაში ძირითადი ჩართო წარმოგიდგინოთ და გაგაცნოთ თუ რას მოიცავს ემოციური ინტელექტი. მსოფლიოში, ბოლო 20 წელიწადში ეს თემა საკმაოდ პოპულარული გახდა. გოლმანის შრომის საფუძველზე გაჩნდა ეს ტერმინი და პოპულარიზაციაც მოხდა. მისი მოთხოვნადობა განპირობებულია ორი რაღაცით. პირველი - სხვადასხვა კვლევამ დაადასტურა, რომ ემოციური ინტელექტი არის წარმატების ერთ-ერთი საუკეთესო განმსაზღვრელი თითქმის ყველა საქმიანობაში. IQ, რომელიც არის ჩვენი ინტელექტის ინდექსი, დიდი ხანია ჩვენს ცნობიერებაში არსებობს და აქტიურად ექცევა ყურადღება, თუნდაც უნარების თუ ატესტაციის გამოცდებში. ეს არის მახვილი გონების მაჩვენებელი თუ რამდენად შეუძლია ადამიანს რთული ამოცანების ამოხსნა. ემოციური ინტელექტი არის იგივე ოღონდ ემოციურ ჭრილში. ანუ რამდენად შეუძლია ადამიანს რთული ემოციური ამოცანების ამოხსნა. აღმოჩნდა, რომ ემოციური ამოცანების ამომხსნელი ადამიანები ისეთივე მოთხოვნადები არიან, მეტად თუ არა, როგორც ინტელექტუალური ამოცანების ამომხსნელები. მეორე - ხელოვნური ინტელექტის სწრაფ განვითარებასთან ერთად დავინახეთ, რომ IQ-სთან დაკავშირებული საკითხების მოცვა ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, იქნება ეს რთული ამოცანების ამოხსნა, კოდების წერა, მეცნიერების ამოცანების ამოხსნა და ა.შ. მაგრამ ემოციური ინტელექტის ტერიტორიას თითქმის ვერ ფარავს. ამიტომ, გარდა იმისა, რომ საჭირო რაღაცაა ემოციური ინტელექტი და მისი ჩანაცვლება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ლიდერობაზე თუ ვილაპარაკებთ, მთლიანად ემოციურ ინტელექტს ეყრდნობა. ლიდერობაში მხოლოდ ფორმალურ ლიდერებს არ ვგულისხმობთ, ვისაც თანამდებობა და როლი აქვთ. ასევე იგულისხმება არაფორმალური ლიდერებიც თუნდაც ოჯახში, სამეგობროში თუ სამეზობლოში. კიდევ ერთი სიკეთე, რაც შეიძლება ემოციურ ინტელექტს ჰქონდეს არის, რომ IQ-სგან განსხვავებით ნებისმიერ ასაკში არის განვითარებული. IQ-ზე ამბობენ, რომ ყალიბდება ახალგაზრდობაში, ჩამოყალიბების წლებში და მერე პრაქტიკულად უცვლელია. ემოციურ ინტელექტზე ამბობენ, რომ 50,60 და 70 წლის ადამიანსაც შეუძლია იმუშაოს ამის განვითარებაზე და ეს არის დასწავლადი უნარი, რაც ძალიან ოპტიმისტური ამბავია. ასევე დავამატებდი, რომ მე X თაობის წარმომადგენელი ვარ, 1973 წელს დავიბადე და ჩემი აღზრდის პერიოდში იქნებოდა ეს ოჯახში თუ სკოლაში ემოციების გამომჟღავნება და ემოციებზე საუბარი საკმაოდ არაპოპულარული იყო, განსაკუთრებით პროფესიულ გარემოში, მენეჯერულ პოზიციაზე წარმოუდგენელიც კი იყო. ამიტომ, გარდა იმისა, რომ გვაინტერესებს და ვხედავთ ამის ფასეულობას, გვაკლია კიდეც. ბევრი ჩვენგანი ისე გაიზარდა და ისე გახდა მენეჯერი თუ ლიდერი, რომ ემოციურ ინტელექტზე დიდად არ უზრუნია. ვფიქრობ, ესეც განაპირობებს ინტერესს ამ მიმართულებით. 

რა არის ემოციური ინტელექტი და როგორ შეიძლება მისი განვითარება? ამის ასახსნელად შემოგთავაზებთ ბაკალავრიატის უნივერსიტეტის სტრუქტურას. იცით რომ ეს არის 4 წლიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს რომ გახდე დიპლომირებული ერთ კონკრეტულ თემაში. ჩვენი ანალოგიის მიხედვით 4 წლიანი უნივერსიტეტი უნდა გაიარო იმისთვის, რომ გახდე ემოციური ინტელექტის “სპეციალისტი.” ამ ანალოგიას სპეციალურად ვაკეთებ იმისთვის, რომ მივანიშნო რომ ეს არის გრძელვადიანი პროცესი. ჩვენ გვიყვარს მოკლე გზები და ვცდილობთ ხრიკები ვისწავლოთ რომ ხვალიდან უფრო ეფექტურები გავხდეთ. ემოციურ ინტელექტშიც არსებობს ხრიკები, მაგრამ ეს არ გიშველით. როგორც წონაში დაკლება შეიძლება მოკლე ვადაში, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში შედეგს ვერ შეინარჩუნებთ, იგივე ეხება ემოციური ინტელექტის გამომუშავებასაც. შეიძლება რაღაც ხრიკები იცოდეთ, მაგრამ მაინც მოგიწევთ ემოციური ინტელექტის უნივერსიტეტის დამთავრება. ხშირად როცა ამ საკითხზე ტრენინგს ითხოვენ, ვკითხულობ ხომ ნამდვილად გააზრებული აქვთ რომ ამის დასწავლას თვეები და წლები რომ დასჭირდება? ცოტა გულდაწყვეტა აქვთ ხოლმე, რადგან ჰგონიათ რომ ზეგიდან უკვე რაღაც შეიცვლება. ზეგაც შეიძლება რაღაცის სწავლა და შეცვლა, მაგრამ გააზრებული უნდა გქონდეთ, რომ ემოციური ინტელექტის განვითარება საკმაოდ მძიმეწონიანი თემაა და ამას დროის და ენერგიის ინვესტიცია სჭირდება. 

რა ისწავლება 4 წლიან უნივერსიტეტში? 

ემოციური ინტელექტის უნივერსიტეტში პირველი კურსის მასალა არის საკუთარი ემოციების ამოცნობა და სახელის დარქმევა. მე თუ წარმატებით დავასრულებ პირველ კურსს შემეძლება გავცე გასაგები და ვრცელი პასუხი შეკითხვაზე, რა დამემართა? რას ვგრძნობ? როგორ ვგრძნობ თავს? და რატომ ვგრძნობ ასე თავს? შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ამას ერთი წელი და ამდენი სწავლა სულაც არ სჭირდება. ხშირად მეუბნებიან, რომ რა უნდა იმის მიხვედრას გახარებული ვარ თუ გაბრაზებული. საქმე იმაშია, რომ გახარებულსა და გაბრაზებულს შორის არსებულ შკალაზე არის კიდევ 120 სიტყვა, რომელიც იგივე ემოციას გამოხატავს, მაგრამ სხვადასხვა კონტექსტში. არსებობს საინტერესო გრაფიკული გამოსახულება, რომელსაც ჰქვია Anger Iceberg ანუ ბრაზის აისბერგი, რომელსაც ტანის 90% წყალქვეშ აქვს და ნაწილზე, წვერზე რომელიც წყალს ზემოთ არის აწერია ბრაზი, ხოლო წლის ქვეშ ნაწილზე წერია ბრაზის ნაირსახეობები ან წყაროები თუ საიდან მოვიდა ეს ემოცია. ბრაზი შეიძლება უკავშირდებოდეს სირცხვილს, დაუცველობას, უსამართლობას, დაბნეულობას, დაღლილობას და სხვა ბევრ რამეს. იგივენაირად არსებობას ფერები და ერთ ფერს აქვე რამდენიმე გრადაცია. ემოციების შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს 45 ნაირი ბრაზი და 67 ნაირი სიხარული. ამიტომ პირველ კურსზე მოგვიწევს ვისწავლოთ თუ როგორი გაბრაზება და გახარება არსებობს და ვისწავლოთ მათი გამოცნობა. ერთ ერთი წარმატებული ინსტრუმენტი, რომელიც აქტიურად გამოიყენება არის დღიურის წერა. დილით 5 წუთი რომ დავუთმო იმის გააზრებას თუ რას ვგრძნობ და დავფიქრდე რატომ ვგრძნობ ამას საკმაოდ კარგი მეთოდი იქნება. ეს შეიძლება მარტივად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასე არ არის. ამ პროცესის დამხმარე აპლიკაციებიც არსებობს, “how I feel” მახსენდება, რომელიც საშუალებას გვაძლევს რომ იგივე გავაკეთოთ. ეს არის პირველი კურსის მასალა და უნდა იცოდეთ, რომ მეორე კურსის მასალას ვერ გაივლით თუ პირველი კურსი არ გაიარეთ. ამიტომ, პირველი რაზეც ყველა ჩვენგანმა უნდა იმუშაოს არის საკუთარი ემოციების გამოცნობა. ტრენინგზე მხვდებიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს საკითხი არ აინტერესებთ, არ უნდათ და პირდაპირ უნდათ რომ სხვებზე გავლენის მოხდენა შეეძლოთ. ეს კი მესამე კურსის მასალაა და თუ საკუთარ ემოციებში კარგად ვერ ერკვევით სხვის ემოციაზე და ემპათიაზე ლაპარაკი ზედმეტია. 

დავამთავრეთ პირველი კურსი, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ მომენტში შემიძლია გავცე შეკითხვას პასუხი რა მჭირს? რას ვგრძნობ? და რატომ ვგრძნობ? გადავიდეთ მეორე კურსზე სადაც ვსწავლობთ თუ რა უნდა ვუყოთ ამ ემოციებს? როგორ ვუშველოთ? როგორ მოვიქცეთ როდესაც ესა თუ ის ემოცია დაგვეუფლება. აქ შემოდის ემოციური კონტროლი, რეაგირება, ტრიგერები და ა.შ. მეორე კურსელი სწავლობს ლექსიკონს, ეს ემოცია რომ მეწვევა, ამა და ამ მიზეზით ჩემი მოქმედება უნდა იყოს ეს. მაგალითად, შევამჩნიე, რომ თუ სამსახურში დავალება არ შესრულდა ხანდახან ვბრაზდები, ოჯახშიც შეიძლება გავბრაზდე, მეგობრის ან მეზობლის საქციელზეც. პირველი კურსის მასალაში ეს გაბრაზება უნდა გავიაზრო, მეორე კურსზე კი უნდა ვიცოდე რა გავაკეთო. როდესაც ვამჩნევ, რომ სამსახურში ვბრაზდები ვისწავლე რომ გავაკეთო პაუზა, ვისუნთქო. ადამიანს ძლიერი ემოციები რომ აწვება წყვეტს სუნთქვას რა დროსაც ტვინს ჟანგბადი ნაკლებად მიეწოდება და ვერ ახერხებს, რომ მონაწილეობა მიიღოს პროცესებში ცივი გონებით მიიღოს გადაწყვეტილება. ამიტომ, ვისწავლე რომ უნდა ვისუნთქო, რაც იმის საშუალებას მაძლევს, რომ პირი მოვკუმო და ცოტა ხანი არ ვილაპარაკო იმიტომ, რომ გაბრაზებულზე შეიძლება ცუდი რაღაცები ვთქვა და ადამიანს ვაწყენინო. ასევე, აღმოვაჩინე რომ თუ ავდგები და გავივლი გამოვივლი კიდევ უფრო კარგი შედეგი დადგება. შეიძლება აღმოაჩინოთ რომ წყალთან ურთიერთობა, ხელ-პირის დაბანა, ფანჯრიდან გახედვა და სიმწვანის და ბუნების დანახვა ან ძილი გეხმარებათ ემოციების დაძლევაში. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამ მეთოდებით თქვენ არ ცდილობთ ემოციების გაქრობას. ხშირად ამბობენ რომ არ უნდა გაბრაზდე, არ უნდა მეწყინოს. ასე არ ხდება, ადამიანი თუ ხარ გაბრაზდები, გეწყინება, გაგიხარდება, დაგეზარება და სხვა დანარჩენი ემოციების დაგეუფლება. მთავარია შენი მოქმედება იყოს გააზრებული და გამიზნული. მიიღო გადაწყვეტილება როგორც ზრდასრულმა ადამიანმა იმის შესახებ თუ რა პასუხს გასცემ ემოციას. ემოცია არ განაპირობებს მოქმედებას, ამას თქვენი გადაწყვეტილება განაპირობებს. ამიტომ, მეორე კურსელები სწავლობენ როგორი პასუხი გასცენ კონკრეტულ ემოციას კონკრეტულ სიტუაციაში. ემოციის დაუფლებიდან გადაწყვეტილების მიღებამდე არსებობს ერთი წამი, სწორედ ეს წამი გვაქცევს ადამიანებად და განგვასხვავებს ცხოველებისგან. დაფიქრდით, ცხოველი რომ გაბრაზდება მაშინვე იწყებს რეაგირებას, მას არ გააჩნია დაფიქრების ერთი წამი. ამიტომ, ნუ წაართმევთ თქვენ თავს ან უნარს და უფლებას, რომ ემოციის მოწოლის შემდეგ დაფიქრდეთ. სწორედ აქ უნდა გამოიჩინოთ სიმშვიდე. წარმოიდგინეთ, რომ მეორე კურსელს აქვს თავისი ემოციური აფთიაქი და იცის რომელ ემოციას როგორ უწამლოს. აღმოვაჩინე, რომ როდესაც რაღაც გამიხარდება მაშინაც არ უნდა ვილაპარაკო იმიტომ, რომ ზედმეტ რაღაცებს ვამბობ, ზედმეტად ვაფასებ და ვაქებ ადამიანს, ამით კი შეიძლება ვინმეს ვაწყენინო იმიტომ, რომ ერთ დღეს დიდი მადლობა გადავუხადო და მეორე დღეს აღარ ვიყო ასეთ ემოციებში. 

მესამე კურსი არის სხვისი ემოციების გამოცნობა და გამკლავებაში დახმარება. პირველ და მეორე კურსზე რასაც ვაკეთებდით ჩვენი თავისთვის, მესამე კურსელები იგივეს ვაკეთებთ სხვებთან. ვინ არიან სხვები? ემოციური ინტელექტი იმასაც გულისხმობს, რომ უცხო ადამიანების ემოციები ამოვიცნოთ. შეხვედრაზე, საქმიან მოლაპარაკებაზე თქვენთვის უცნობ ადამიანს შეიძლება შეატყოთ ემოციები და შესაბამისი რეაგირება მოახდინოთ. იმაზე აღარ მაქვს საუბარი რომ თქვენი ნაცნობების, მეგობრების და ოჯახის წევრების ემოციების ამოცნობა რომ უნდა შეგეძლოთ. ემოციური ინტელექტის ტესტებში ნახავთ, რომ არსებობს უცხო ადამიანების ფოტოები და ვიდეოები და გვთხოვენ გამოვიცნოთ მათი ემოციები. როცა წიგნს ვკითხულობთ ან ფილმს ვუყურებთ მაშინაც ემოციების ამოცნობის ვარჯიშები მიმდინარეობს. სხვა ადამიანის ემოციების ამოცნობა არავერბალური და ვერბალური ნიშნებით არის შესაძლებელი. მესამე კურსის პირველ სემესტრში ვმეცადინეობთ რომ მივხვდეთ რა სჭირს ადამიანს და მეორე სემესტრში ვმუშაობთ იმაზე თუ რა მოვუხერხოთ მათ ემოციებს, როგორ შეიძლება დავეხმაროთ ემოციასთან გამკლავებაში. ტრენინგების ჩატარების დროს ყოველთვის ვაკვირდები ადამიანებს სახეზე და როგორც კი შევამჩნევ არავერბალურ მინიშნებას რომ თვალები გადაატრიალა, მოდუნებული პოზა მიიღო, ხელები გადააჯვარედინა, ტელეფონში დაიწყებო ყურება ვხვდები რომ მოიწყინა ადამიანმა, დისკომფორტი აქვს, რაღაცის თქმა უნდა და ერიდება საუბრის დაწყება. მე თუ ვისწავლი ამის ამოცნობას და ამ ადამიანს კულტურულად და კომფორტულად დავუსვამ შეკითხვებს პრობლემასაც მოვაგვარებ. ემოციური ინტელექტის უნივერსიტეტის მესამე კურსელი უკვე საკმაო ძალაუფლებას ფლობს და შეუძლია გამოიყენოს ეს ცოდნა არა მარტო თავისთავთან მიმართებაში, არამედ სხვებთან მიმართებაშიც. დამერწმუნეთ ეს ძალიან დიდი აქტივია. 

და ბოლოს, მეოთხე კურსი არის ემპათია, რაც ძალიან რთული საგანია. აუცილებლად უნდა გვქონდეს პირველი სამი კურსი გავლილი, რომ მეოთხე კურსის დახურვა შევძლოთ. ემპათია არის სხვების მდგომარეობაში შესვლის უნარი მიუხედავად იმისა მათი პოზიცია და მდგომარეობა მოგვწონს თუ არა. ემპათია სიმპათიისგან სწორედ ამ მნიშვნელოვანი დეტალით განსხვავდება. სიმპათია არის, რომ მე სხვის მდგომარეობაში შევდივარ იმიტომ,რომ მომწონს მისი მდგომარეობა, ვეთანხმები და იმ სიტუაციაში მეც ეგრე გავაკეთებდი. მაგალითად, უყურებთ საყვარელ მსახიობს, რომელმაც ოსკარი მოიგო და დაჯილდოებაზე გამოდის სიტყვით, ამ დროს პირდაპირ უერთდებით ამ ემოციას, ეთანხმებით და იზიარებთ - ეს არის სიმპათია. საკვანძო განსხვავება სიმპათიასა და ემპათიას შორის არის რომ, ამ უკანასკნელის დროს ვინც არ მოგწონთ, ვისაც არ ეთანხმებით და ვინც არ იწვევს თქვენში სიმპათიას იმათიც გესმით. ემპათიური ადამიანები ახერხებენ შევიდნენ სხვის მდგომარეობაში, გაიაზრონ მათი ემოციები, დაათვალიერონ მათი შინაგანი მდგომარეობა და გაუგონ, მაშინაც კი, როცა ეს ემოციები მათ წინააღმდეგ არის მიმართული. მაგალითად, უკრაინის ომში ქართველების სიმპათია უკრაინელი მეომრების მიმართ სრულიად გასაგებია, ხოლო რუსი მეომრების გაგება არის ემპათია, ამ დროს არ არის საჭირო მათ ვეთანხმებოდეთ, გვჯეროდეს მათი, მაგრამ უნდა ვიაზრებდეთ, რომ ისინიც ადამიანები არიან და აქვთ ემოციები. ემპათია არ არის თქვენი კეთილგანწყობა, ეს არის კოგნიტიური უნარი შეხვიდე ემოციების მუზეუმში, დაათვალიერო, გაიგო, გამოხვიდე და გამოიტანო ინფორმაცია თუ რას გრძნობს ადამიანი მაშინაც, როცა შენთვის არ არის მოსაწონი მისი ქმედება. სწორედ აქ არის განსხვავებულობის მიღების გასაღები. შენ შეიძლება მიიღო შენნაირი ხალხი, მაგრამ ასევე მიიღო სხვა რასის, რელიგიის, სქესის, ეთნიკური ჯგუფის, პოლიტიკური მრწამსის თუ სექსუალური ორიენტაციის ადამიანი. ამის გააზრებისას მიხვდებით, რომ ძალიან რთულია ემპათიურობის დაუფლება და ამიტომ არის ეს მეოთხე კურსის მასალა. 

ბოლოს, მინდა ვთქვა რომ ემოციური ინტელექტის უნივერსიტეტში სწავლა მთელ ცხოვრება გრძელდება. წლების მომატებასთან ერთად ბევრ რამეს ვსწავლობთ და ემოციურადაც ვითარდებით, მთავარია ამ საკითხს სათანადო დრო და ყურადღება დავუთმოთ.

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
27 აპრილი 2024 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები