გადაბრალების სახიფათო სპორტი

გადაბრალების სახიფათო სპორტი


თითქმის ყველა ადამიანის მოგონებაში არსებობს შემთხვევა, როდესაც ბავშვის წაქცევის შემდეგ მშობელი მის დასაწყნარებლად ეჩხუბება და სცემს „იატაკს“.  ერთი შეხედვით ასეთი უწყინარი ამბავი მომავალში ძალიან ბევრი პრობლემის და არასწორი მიდგომების სათავედ შეიძლება იქცეს, რადგან სწორედ აქედან იწყება გადაბრალების პრობლემა. ამ საქციელით ბავშვს ვანახებთ, რომ მისი წაქცევა იატაკის ბრალი ყოფილა და მისი თანდასწრებით „ვსჯით“ კიდევაც იატაკს, რომელსაც ნამდვილად არაფერი დაუშავებია. 

ამის შემდეგ კი ვხვდებით ადამიანებს სამსახურში, სამეზობლოში, ოჯახში თუ სამეგობროში, რომლებიც თავიანთ პრობლემებს თუ მომხდარ ამბებს სხვებს აბრალებენ.  

გარდა იმისა, რომ გადაბრალება ურთიერთობებს აფუჭებს, მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი პასუხისმგებლობას არ იღებს თავის თავზე.

რისი გაკეთება შეიძლება? ერთის მხრივ, საკუთარ თავს დავაკვირდეთ და გადაბრალების თვისება მოვიშოროთ და, მეორეს მხრივ,  სადაც ხელი მიგვიწვდება, იქნება ეს ოჯახი, კომპანია თუ სხვა ადგილი, შევეცადოთ, რომ ეს ძალიან სახიფათო კულტურა აღმოვფხვრათ.

გადაბრალების ობიექტი ყოველთვის იარსებებს, ყოველთვის შევძლებთ ვთქვათ, რომ საქმე ვერ გაკეთდა პანდემიის, ეკონომიკური კრიზისის, ამინდის თუ სხვა გარემო პირობების გამო. სწორი იქნება თუ საკუთარ თავს გამოვუტყდებით და ვიტყვით, რომ საქმის უკეთ გაკეთება შეგვეძლო, მოვძებნოთ რეალური პრობლემა და საკუთარ თავზე ავიღოთ პასუხისმგებლობა. 

სამწუხაროდ, ისეთ გარემოში სადაც ადამიანები ერთმანეთს აბრალებენ მომხდარს რთულია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობების აღება, რადგან მაშინვე თქვენკენ გამოიშვერენ ხელს და მოისმენთ ისეთ ფრაზებს „ხომ ვამბობდი“, „მე ვიყავი მართალი“ და ა.შ. თუმცა, ასეთი არასანდო გარემო წინ ვერასდროს წაიწევს. 

ამიტომ გირჩევთ, რომ, პირველ რიგში, თქვენივე თავში ეძებოთ პრობლემა. დაფიქრდით, ნამდვილად გენეტიკის და წინაპრების ბრალია თქვენი ჯანმრთელობის პრობლემები? სამსახურში რომ არ დაგაწინაურეს სხვისი ბრალია? ბიზნესი რომ წარმატებული არ გამოდგა გარემოს ბრალია? რა თქმა უნდა, გარემო პირობებს და ჩვენგან დამოუკიდებელ მოვლენებს არ უარვყოფთ და ვიცით, რომ ბევრ ფაქტორს აქვს გავლენა ჩვენს ყველა ნაბიჯზე, მაგრამ, შევთანხმდეთ, რომ გადაბრალების სპორტი არ უნდა ვაქციოთ ჩვენს სპეციალობად. ეს ძალიან სახიფათო პრაქტიკაა როგორც ოჯახში, ასევე სამსახურში.  

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
5 აპრილი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები