გაპრავება.ჯი

გაპრავება.ჯი


წარმოიდგინეთ ადამიანი სახელად ვასო, რომელიც მუშაობს X კომპანიაში. ერთ-ერთ სამუშაო დღეს ვასო უფროსმა თავისთან კაბინეტში დაიბარა. ამ დროს ვასომ  იცის, რომ რამდენიმე დღის წინ თვე დამთავრდა და გეგმა ვერ შესრულდა, იქნება ეს წარმოების, გაყიდვების თუ პროექტის გეგმა. ვასო, რა თქმა უნდა, ღელავს ამასთან დაკავშირებით, მოსაწევ ოთახშიც უთხრეს, რომ უფროსი საკმაოდ მკაცრია.

მიდის ვასო უფროსის კაბინეტისკენ და გზაში ფიქრობს როგორ გაიმართლოს და როგორ დაიცვას თავი. რეალურად ის მატყუარა არ არის და მართლა ფიქრობს იმაზე თუ რა მოხდა, რამ გამოიწვია გეგმის ვერ შესრულება? ახსენდება სირთულეები და პრობლემები და სანამ კაბინეტამდე მივიდა ბევრი არგუმენტი დააგროვა თავის გასამართლებლად.

უფროსი მკაცრი სახით ეკითხება თუ რატომ ვერ შესრულდა გეგმა. ვასო ამ დროს იწყებს შედეგების „გაპრავებას“.

გამოდის, რომ სხედან უფროსი და ვასო და საუბრობენ იმაზე, რომ ვასო არ არის ცუდი იმიტომ რომ გეგმა ვერ შეასრულა და ზოგადად გეგმა რომ ვერ შესრულდა ეგეც არ არის ცუდი. ცალსახად, ეს საუბარი არ მიდის სწორი მიმართულებით.

უფროსმა მოისმინა ვასოს არგუმენტები და უკუკავშირს უბრუნებს, რომ ხდება ხოლმე ასეთი ამბები, რა თქმა უნდა, კარგი არ არის და იქნებ შემდეგ თვეში უკეთ იმუშაოს.

გამოვიდა ვასო უფროსის კაბინეტიდან და გულზე მოეშვა დარდი. უკანა გზაზე რას ფიქრობს ეს არის ყველაზე მთავარი.

ვასო იჯერებს თავის მონათხრობს. მონათხრობი, რომელიც უფროსის კაბინეტისკენ მიმავალმა ვასომ თავის დასაცავად შექმნა ახლა უკვე მისთვისაც რეალობაა.

ამ ქმედების გამო მას ვერ გავაკრიტიკებთ, რადგან ყველამ ვიცით, რომ სადაც შეტევაა იქ თავდაცვაც არსებობს. ვასოს შეიძლება შეგნებულად ამის გაკეთება არ უნდოდა, მაგრამ ადამიანს როდესაც უტევ ის ავტომატურად თავდაცვის პოზიციაში გადადის.

მოკლედ, დააჯერა ვასომ თავისი უფროსიც და საკუთარი თავიც და „გააპრავა“ თავისი უშედეგო სამუშაო. უშედეგობის „გაპრავება“ კი ყველაზე მძიმე რამეა, რაც შეიძლება საკუთარ თავს დავმართოთ.

რატომ? იმიტომ, რომ ყველაფერი ცუდი ესე იწყება. პირველად როცა ვაცდენთ ვარჯიშს საკუთარ თავს ვეუბნებით, რომ გაციებულები ვართ, გარეთ ცუდი ამინდია და ვარჯიშზე უარესად არ გავცივდეთ. ეს თითქოს საკმაოდ ლეგიტიმური მიზეზია, მაგრამ მეორე და მესამე ჯერზე იგივე გამართლების მოყვანა საკმაოდ ვალიდური იქნება.  

ისიც უნდა ითქვას, რომ უფროსის სიმკაცრე ხშირად იწვევს სწორედ ამ „გაპრავების“ ტალღას ორგანიზაციაში, რაც ასევე საკმაოდ საზიანო კულტურაა კომპანიისთვის.

უკეთესი სცენარის შემთხვევაში, უფროსის კაბინეტში უნდა განეხილათ ის თუ რა დააკლეს ვასომ და სხვა გუნდის წევრებმა სამუშაოს, რისი გაკეთება შეეძლოთ უკეთესად.

იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ დღეს რატომ გავაცდინეთ ან დავარღვიეთ დიეტა, არამედ იმაზე უნდა ვიფიქროთ უკეთესად რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ.

ძალიან ბევრი რამ, რასაც საკუთარ თავს ვეუბნებით შეიძლება არასწორი იყოს. ბრალეულობა კი არ უნდა ვეძებოთ ან რაღაცებს კი უნდა გადავაბრალოთ არასასურველი შედეგები, არამედ უნდა გავარკვიოთ თუ რისი გაკეთება შეგვეძლო უკეთესად.  

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
7 ივლისი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები