გინდა თუ მოქმედებ

გინდა თუ მოქმედებ


საიდან მოვიდა ამ სტატიის იდეა?

ყველგან სადაც ვასწავლი, საქართველოში იქნება თუ მის საზღვრებს გარეთ, გარშემო მყოფებში თუ მეგობრებში, არის უამრავი ადამიანი, რომლებსაც რაღაცები უნდათ, იქნება ეს წონის დაკლება, ქვეყნის უკეთესობა, კერძო სახლის ქონა, უცხოეთში მაგისტრატურის გავლა, ფინანსური დამოუკიდებლობა თუ სხვა რამ.

სწორედ ეს „მინდა“ არის ჩვენი კულტურის ნაწილი. 

ერთ-ერთ პროგრამაზე, ცნობილმა ავტორმა და ტრენერმა, ჯონ კინგმა თქვა, რომ ამ საკითხს ორი მხარე აქვს. წარმოიდგინეთ თქვენი ხელის მტევანი, რომელსაც აქვს გარე და შიდა მხარე (ხელის გული), ჩავთვალოთ რომ გარე მხარე არის მინდა, ხოლო შიდა მხარე ვმოქმედებ. ჯონ კინგის შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში: გინდა თუ მოქმედებ?

პროგრამის მსვლელობისას დასმულმა ამ შეკითხვამ დაბნეულობა გამოიწვია, თუმცა რეალობა ის არის, რომ ძალიან ბევრი რამ რჩება მინდას მხარეს და არ გადადის მოქმედების მხარეს. სწორედ ამას ეხება ეს სტატია, თუ რა ვუყოთ იმ ბევრ მინდას. სტატიის ბოლოსკენ კი კონკრეტულ რჩევებს მოგცემთ ამ მიმართულებით. 

ჩვენ ხშირად ვამბობთ მინდა, მაგრამ თუ დავფიქრდებით მინდა არის მიზანი ან სურვილი, რომელიც არ ითარგმნა კონკრეტულ მოქმედებებში და ითარგმნა მხოლოდ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან თუ სხვებთან საუბარში.

ამის მიზეზი შეიძლება იყოს არ გამოსვლის შიშია, უდროობა ან რესურსების არასაკმარისად განაწილება. პრობლემაც სწორედ ის არის, რომ მხოლოდ მინდა ვერაფერს შეცვლის. ის მხოლოდ სინდისზე გვაწვება და ქმედება არ მოჰყვება.

შენ თუ გინდა რაღაცის მიღწევა, მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი.

მაშინ რა არის საკმარისი? მოქმედება, მხოლოდ მოქმედება. 

პატარა ნაბიჯის გადადგმა და მოქმედების მხარეს გადასვლა მნიშვნელოვანია. შეიძლება ბევრ დანაზოგს ვერ აკეთებდე, ბევრს ვერ სწავლობდე, ბევრი პრაქტიკა არ გქონდეს ახალ პროფესიაში, მაგრამ ცოტა „ვმოქმედებ“ ყოველთვის ჯობნის დიდ „მინდას“.

თუ შეგიძლია გულზე ხელის დადებით თქვა, რომ ამ კვირაში მე ვიმოქმედე ამ მიზნისთვის, ესე იგი რაღაც გაგიკეთებია.

ხოლო  ყველაფერი რაზეც დრო და ენერგია არ დახარჯულა რჩება მინდას მხარეს, მხოლოდ სურვილად.

რას აკეთებთ იმისთვის რაც გინდათ?

როგორც კი მინდას და ვმოქმედებს შორის განსხვავებას დააკვირდებით, მიხვდებით, რომ თქვენი ზოგი მიზანი გადასული არის ქმედებებში და ზოგი მიზანი დარჩენილია მინდას მხარეს. 

საბოლოოდ მივდივართ იქამდე თუ რა ვქნათ? რა ვიმოქმედოთ?

თავდაპირველად ჩაატარეთ აუდიტი თქვენი მინდა ოთახის. ნახეთ რეები აწყვია შიგნით.

ამ დროს სამნაირი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.

1.     რაღაც გინდოდათ ადრე, მაგრამ არ გამოგდით და უნდა „გადააგდოთ“.

ამ გადაწყვეტილებისას ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ყველაფერი, რაც ოდესღაც გინდოდათ გამოსვლადი აღარ არის. წლებთან ერთად რეალობაც და სურვილებიც იცვლება.

მაგალითისთვის, მე მინდოდა მესწავლა პიანინოზე დაკვრა, ეს სურვილი წლების განმავლობაში ინახებოდა მინდას ოთახში, ქმედებაში ვერ ითარგმნა და აუდიტის ჩატარების შემდეგ „გადავაგდე.“

თუმცა მინდას ოთახში დღემდე  ინახება არაერთი სურვილი და მიზანი, რადგან აუდიტის ჩატარება არ ნიშნავს უმალ ყველა სურვილის მოქმედებაში მოყვანას.

2.     მეორე ვარიანტია, რომ სურვილი მინდა ოთახში რჩება, მაგალითად მინდა უცხოეთში მაგისტრატურა, მაგრამ ჯერ დრო არ დამდგარა. ასეთ შემთხვევაში მთავარია მინიმალურ დონეზე მაინც დაიწყოთ მოქმედება.

3.     ხოლო მესამე გადაწყვეტილებაა პერიოდულად, 3-6 თვეში, ერთხელ ჩაატაროთ თქვენი მინდა ოთახის აუდიტი და გადაახარისხოთ სურვილები.

 

 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
12 სექტემბერი 2023 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები