გმირის გზა

გმირის გზა


ამ სტატიის თემა ზღაპრები და მითები არ არის. ჩვენ გმირის გზის პრაქტიკული ღირებულება გვაინტერესებს. შევეცდებით დავადგინოთ, რამდენად შეესაბამება გმირის გზა ჩვენი რეალური ცხოვრების გზას. 

პირველ რიგში, წარმოიდგინეთ სამყარო, რომელიც ჰორიზონტალური ხაზით გაყოფილია ორ ნაწილად. სამყაროს ცენტრში იმყოფება გმირი. სამყაროს ზედა ნაწილში ჩვეულებრივი ცხოვრებაა, ხოლო ხაზის ქვედა ნაწილში არაჩვეულებრივი, ზღაპრული სამყაროა.

გმირის გზა სწორედ ჩვეულებრივ სამყაროში იწყება. ის ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, თავის საქმეებით იყო დაკავებული - ოჯახური, სამსახურეობრივი, პირადი ურთიერთობები, ბიზნესი და ა.შ. გმირი ამ დროს კომფორტის ზონაში იმყოფებოდა და მისთვის კარგად ნაცნობი საქმეებით იყო დაკავებული. 

ერთი შეხედვით, გმირს ყველაფერი კარგად აქვს, მაგრამ რაღაც არღვევს მის სიმშვიდეს. სწორედ აქ იწყება მეორე ეტაპი, რომელსაც სამოქმედოდ მოწოდებას ვუწოდებთ. ანუ საიდანღაც გმირის ცხოვრებაში შემოდის მოწოდება,რომ ასე ვეღარ იქნება, ვეღარ გაგრძელდება, რაღაც უნდა შეიცვალოს. ეს მოწოდება შეიძლება გაჩნდეს გარედან, იქნება ეს დაწინაურება, კონფლიქტი, კონკრეტული შემთხვევა და ა.შ. ან შეიძლება იყოს შიდა მოწოდება, როდესაც აღარ არის კმაყოფილი კარიერული მდგომარეობით, ჯანმრთელობით, ფიზიკური მდგომარეობით თუ პირადი ცხოვრებით.  

როგორც წესი, სამოქმედოდ მოწოდებას მოყვება მოწოდების უარყოფის ეტაპი. თითოეული ჩვენგანი ეწინააღმდეგება კომფორტის ზონიდან გამოსვლას, ვფიქრობთ, რომ არ გამოგვივა, არ შეგვიძლია, სწორი დრო არ არის, ამ ფერხულში ახლობლებიც ერთვებიან ფრაზებით: „კარგი სამსახური გაქვს“, „ყველაფერი გაქვს“, „მშვენიერი ოჯახი გყავს“ და ა.შ. ჩვენს შინაგან უარყოფას გარემო ფაქტორებიც ემატება. 

ძალიან ბევრი „გზა“ ამ ფაზაში წყდება. იმარჯვებენ ჩვენი შინაგანი ხმები და ის ადამიანები, ვინც გვეუბნებიან, რომ ვერ შევძლებთ, არ გვინდა სიახლეები, რაღა დროს ცვლილებებია და ა.შ.  

მაგრამ თუ ეს ეტაპი გადალახა გმირმა, მის ცხოვრებაში დგება შემდეგი ეტაპი, რომელსაც მენტორთან შეხვედრა ეწოდება. ეს არის გარდამტეხი მომენტი, როცა რაღაცის გამო მოქმედების გადაწყვეტილებას იღებს გმირი და გამოდის კომფორტის ზონიდან. მენტორი აუცილებლად ჭაღარა, გამოცდილი ადამიანი არ არის, ეს შეიძლება იყოს თქვენივე შინაგანი მდგომარეობა, კონკრეტული წიგნი თუ ფილმი, კონკრეტული მოვლენა, თქვენი მეგობარი თუ უცხო ადამიანი. მოკლედ ის, რაც გადაწყვეტილების მიღების წერტილია.  

მენტორთან შეხვედრის შემდეგ გმირი მოწოდებას მოქმედებად აქცევს. სწორედ ამ დროს გმირი ჩვეულებრივი სამყაროდან გადადის არაჩვეულებრივ სამყაროში. ამ ეტაპს კი საზღვრის გადაკვეთა ჰქვია. 

ამ ნაბიჯის შემდეგ უკან ადვილად ვეღარ ბრუნდებით. საზღვრის გადაკვეთა შეიძლება იყოს საზღვარგარეთ უნივერსიტეტში სწავლის დაწყება, სესხის აღება და ბიზნესის დაწყება, თქვენი გრძნობების შესახებ გამოტყდომა, კონფლიქტში შესვლა, სამსახურიდან წამოსვლა - მოკლედ, საზღვრის გადაკვეთის უამრავი ვარიანტი არსებობს.  

ეს ის გადაწყვეტილებებია, რომელთა განხორციელების შემდეგ უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. ამ დროს იწყება გამოცდის ეტაპი. რატომ გამოცდა? თქვენ ეჭიდებით ახალ რაღაცას და უნდა დაუმტკიცოთ საკუთარ თავს, მართლა გინდათ თუ არა ეს სიახლე, გაუძლებთ თუ არა ახალ რეჟიმს, ახალ გამოწვევებს, ახალ ურთიერთობებს? თქვენ გამოხვედით ჩვეულებრივი სამყაროდან. შეხვდებით უცხო ადამიანებს, გეყოლებათ მტრები, როგორც გარე სამყაროდან ასევე შინაგანი მტრები - დაბალი თვითშეფასება, ეჭვები, რომ არაფერი გამოგივათ და მუდამ გექნებათ გონებაში ფრაზა: „რა მინდოდა, რას ვირთულებდი ცხოვრებას?!“ 

 

ილუსტრაციის ავტორი: Esbjorn Jorsater

არსებობს დიდი რისკი, რომ სწორედ თქვენ იყოთ ის, ვინც ყველაზე მეტად გაფერხებთ. 

ამ ეტაპის შემდეგ სიტუაცია მძიმდება. ყველაფერს თუ გაართვით თავი, ჩააბარეთ გამოცდები, შეეჩვიეთ უცხო ხალხს და ახალ რეჟიმს, მერე ჩნდება მონსტრი, დიდი პრობლემა, იქნება ეს ფინანსური პრობლემა, კონფლიქტი, ჯანმრთელობის პრობლემა თუ სხვა - ეს მონსტრი, სწორედ ის არის, რაც საბოლოოდ უფსკრულზე დაგაგდებთ. 

გმირის გზის ყველაზე რთული და ნეგატიური ეტაპი სწორედ ეს არის. ეს მონსტრი მიწასთან ასწორებს თქვენს თვითშეფასებას. ეს ეტაპი ხშირად დასასრულად გეჩვენებათ და მიგაჩნიათ, რომ არაფერი გამოგივიდათ, თავი შეირცხვინეთ, სინათლე არსად ჩანს, დასრულდა ექსპერიმენტი. ამ დროს შემოდის სინანული, თუ რატომ გადადგით ეს ნაბიჯები, რატომ გაირთულეთ ცხოვრება და ა.შ. 

თუმცა, სწორედ ამ ეტაპის შემდეგ მოდის გადარჩენის და ჯილდოს ეტაპი. რაღაც გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში, იქნება ეს ადამიანი, ფინანსური გამოსავალი, შინაგანი ძალა და იდეა, თუ როგორ „გამოასწოროთ“ ყველაფერი. ჩნდება შეგრძნება, რომ სამყარომ მაშველად ვიღაც ან რაღაც გამოგიგზავნათ.  

ამას მოჰყვება პროცესი, რომელსაც აღდგომა, ფეხზე წამოდგომა ჰქვია. ეს წამოდგომა ხანგრძლივი პროცესია, პირველ ჯილდოს მეორე მოყვება, მეორეს მესამე და თანდათან ჩნდება შეგრძნება, რომ წინ მიიწევთ. უბედურების მდგომაროებიდან გამოდიხართ და მიდიხართ იმედიან ადგილებში. 

აღდგომის, ფეხზე დადგომის შემდეგ ახალ, არაჩვეულებრივ სამყაროდან ხდება სახლში დაბრუნება. ისევ საზღვარს გადავკვეთავთ და ქვედა სამყაროდან ამოდიხართ ზედა სამყაროში, სხვა ადამიანი, ახალი მიღწევით, გამარჯვებით, განათლებით, იდეებით, ენერგიით, ჯანმრთელობით.

ბოლო მე-12 ეტაპს ჰქვია ელექსირი. ეს ელექსირი მხოლოდ თქვენ არ გავსებთ სიცოცხლით, თქვენს გარშემომყოფებსაც მოუტანთ ხსნას, იქნება ეს იმედი, თქვენი გამოცდილებით მათი დახმარება, მოტივაცია, რომ მათაც შეცვალონ უკეთესობისკენ ცხოვრება. ეს ელექსირი არის ჯილდო, რომელსაც იღებს მთელი საზოგადოება, რომელიც ეწინააღმდეგებოდა თქვენს ამ თავგადასავალში, მოგზაურობაში წასვლას და რომელიც მოგზაურობიდან დაბრუნებულ ზარზეიმით დაგხვდათ. 

ეს მოდელი დაგეხმარებათ იმაში, რომ გაიგოთ ცხოვრების რა ეტაპზე იმყოფებით და გქონდეთ წარმოდგენა, თუ რა გელოდებათ შემდეგ. 

უნდა იცოდეთ, რომ ყველგან  არსებობს ტანჯვა, დაცემა და მონსტრი. თუ გინდათ, რომ არაფერი გეტკინოთ, მაშინ საზღვარი არ უნდა გადალახოთ, თუმცა ეს უმოქმედობას და რეგრესს გამოიწვევს. ხოლო თუ გადალახავთ საზღვარს, შესაბამისი მოლოდინებიც უნდა გქონდეთ.  

 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
9 დეკემბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები