იყავი შენ (Be You)

იყავი შენ (Be You)


ყველა ჩვენგანს, ფაქტობრივად, მუდმივად, ყოველ დღე თუ არა ყოველ კვირა მაინც უჩნდება შეკითხვა - როგორ მოვიქცე? როგორ გამოვხატო ჩემი სათქმელი? როგორ წარვადგინო ჩემი თავი?

რამდენიმე მაგალითს გეტყვით უახლესი წარსულიდან, უცხოეთიდან დამიკავშირდა ჩემი საქმიანი ნაცნობი, რომელსაც წინ დიდი გასაუბრება ელოდა, საკმაოდ მაღალ პოზიციაზე. სჭირდებოდა დახმარება და მომმართა კითხვით, თუ როგორ მოქცეულიყო გასაუბრებაზე. ეს პრობლემა, როგორც გამოცდილ ადამიანს, ასევე ახალგაზრდასაც უდგას, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს კარიერაში. იგივე კითხვით მოუმართავს მენეჯერს, რომელიც უნდა წარსდგეს კოლეგების, კლიენტების, მომწოდებლების წინაშე და წარადგინოს საკუთარი თავი. მქონია შემთხვევა, როდესაც უნივერსიტეტში ახლად დანიშნული პროფესორი მეკითხებოდა, როგორ მოქცეულიყო აუდიტორიის წინაშე.  

სრულიად სხვადასხვა ადამიანებს, სხვადასხვა გარემოებაში ერთი და იგივე პრობლემა უდგათ ხოლმე. მიუხედავად განსხვავებებისა დასკვნა ერთია. მინდა გაგიზიაროთ ყველაზე კარგი რჩევა, რომელიც მიმიღია და შემდგომ გამიცია - იყავი შენი თავი ანუ be you.  

რას ნიშნავს იყო შენი თავი? მე რომელიც ვარ დღეს თუ რომელიც მინდა რომ ვიყო ხვალ?  

არ აქვს მნიშვნელობა გასაუბრებაზე მიდიხარ, თუ თანამშრომელს უნდა გაუზიარო უკუკავშირი, ნებისმიერ სიტუაციაში ჩნდება შეკითხვა საკუთარი თავის წინაშე, როგორ მოვიქცე? როგორ გამოვხატო ჩემი თავი? როგორ დავიჭირო თავი? ვფიქრობ, ყველაზე ჭკვიანური რჩევა არის, რომ იყო ისეთი როგორიც ხარ. ეს შეიძლება ცხადია, მაგრამ მაინც განმარტება სჭირდება.  

ეს, როგორც წესი, ნიშნავს, რომ მოიქცე ისე რასაც გული გიკარნახებს. შეიძლება ვთქვათ, რომ რაც კომფორტულია შენთვის ის უნდა გააკეთო. ქოუჩინგში ხშირად ვიყენებთ ამ მეთოდს - მითხარი ის, რაც პირველი მოგივიდა თავში აზრად. ეს შეკითხვა ისმევა იმიტომ, რომ პირველი რაც მოგვდის აზრად თითქმის არასდროს მოგვწონს. ადამიანებს გვახასიათებს თვითკრიტიკულობა, ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად. ამიტომ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ როგორც ვიქცევით არ არის საუკეთესო არჩევანი.  

ეს საკითხი ორი ნაწილისგან შედგება. შენ თუ არ მოგწონს უკუკავშირს როგორც იძლევი, ან გასაუბრებაზე როგორც წარმოაჩენს თავს, უნდა ივარჯიშო, იმეცადინო და შეცვალო რაც არ მოგწონს. ცხადია, რომ უნდა განვითარდე და დაიხვეწო. მეორეს მხრივ, დღეს შენ ისეთი ხარ როგორიც ხარ. მე შეიძლება მესმოდეს, რომ სხვანაირი ვიდეოების გაკეთება მინდა, მაგრამ დღეს ასეთის  გამკეთებელი ვარ. საუბარი აქ იმაზეა, გავაკეთო თუ არ გავაკეთო? 

ჩვენ ვამბობთ, რომ შესაძლებელია შენ თავი იყო, ანუ იქცეოდე ისე, როგორიც ხარ დღეს, რაც არის შენთვის ბუნებრივი და თან ხვალისთვის ფიქრობდე განვითარებაზე.

რეალობა ის არის, რომ შენგან არავინ გამოვა შენივე თავის გარდა. შენ მხოლოდ და მხოლოდ შეგიძლია განავითარო საკუთარი თავი, მაგრამ სხვა ვერ გახდები. შენ მთელი ცხოვრება მეცადინეობ შენს როლზე, მსახიობი ხარ, რომელსაც აქვს ერთი როლი და ეს არის შენი პიროვნების გამოხატვა, ძალიან ბევრი წელი, ძალიან ბევრი საათი გაქვს ამაზე ნამუშევარი და რაც გამოვიდა ის გამოვიდა. ამიტომ დღეს შეეცადე, რომ რაც არის ის წარმოაჩინო და მერე თუ რამე არ მოგწონს და შესაცვლელია განავითარე.  

როგორც კი შეეცდები, რომ რაღაცა სხვა გამოიყვანო შენი თავისგან ეს იქნება ხელოვნური და ყველა შეამჩნევს ამ ხელოვნურობას. იქნება ეს გასაუბრება, უკუკავშირის გაზიარება თანამშრომლისთვის, ახალ ხალხთან ურთიერთობა -შეამჩნევენ, რომ წვალობ და თამაშობ, რაც კარგად არ იმოქმედებს შედეგზე, ამიტომ იყავი რაც ხარ.  

წარმოიდგინე, რომ მიხვედი გასაუბრებაზე სადაც ითამაშე სხვა პიროვნება, რომელიც არ ხარ და ის სხვა პიროვნება მოეწონათ და აგიყვანეს სამსახურში. მერე რას შვრები? შენ ხომ არასწორი მოლოდინები შეუქმენი დამსაქმებელს? საბოლოო ჯამში გულდაწყვეტას ექნება ადგილი.  

ბევრჯერ გვითქვამს, რომ გასაუბრება მეორე ყველაზე ტყუილებიანი ადგილია პაემნის შემდეგ, ანუ ხალხი იტყუება, თამაშობს უფრო „კაი ტიპის“ როლს ვიდრე რეალურად არის. ეს ძალიან სახიფათო სტრატეგიაა იმიტომ, რომ თუ გამოგივიდა  ურთიერთობის დაწყება დამსაქმებელთან თუ პარტნიორთან, თქვენი კომუნიკაცია ყოველდღიურობაში რომ გადავა, საბოლოოდ მიხვდებიან ვინც ხარ და რასაც წარმოადგენ.  

ამიტომ, ყოველთვის უნდა შექმნა რეალისტური მოლოდინები შენს პიროვნებასთან დაკავშირებით. იყავი შენი თავი, თუ საწყენია ეწყინოთ, თუ სასაცილოა გაეცინოთ. თუმცა, ისე არ ჩათვალო, რომ მომზადება არ არის საჭირო.  

გახსოვდეს, რომ ძალიან ბევრი ვერსია არსებობს შენი თავის - მოუმზადებელი შენ არსებობს და მომზადებული შენ არსებობს, გამოპრანჭული შენ არსებობს და უყურადღებოდ ჩაცმული შენც არსებობს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყო შენი თავის საუკეთესო ვერსია შესაბამის გარემოში. ინფორმაცია უნდა შეაგროვო საჭირო საკითხის შესახებ, გასაუბრებაზე მიდიხარ თუ უკუკავშირს იძლევი. მთავარია საბოლოო ჯამში იყო შენ და იყო საუკეთესო ვერსია.  

შეხვედრა რომ დაიწყება, რომელიც არის ძალიან საპასუხისმგებლო, რაც არის შენთვის ბუნებრივი ისე მოიქეცი, თუ ღელავ იღელვე არ დამალო, თუ იუმორი ბუნებრივად მოგდგამს არ შეზღუდო თუ გაბრაზებული ხარ რაღაცაზე გამოხატე ემოცია, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნები ნამდვილი.

ნამდვილი რომ იქნები ამას ყველა შეამჩნევს და ყველა დააფასებს. ყველას ხვდება თვალში და ყურში ადამიანი, რომელიც არის გულწრფელი და ეს გულწრფელობა უფრო მეტ სიკეთეს მოგვიტანს ვიდრე ის რაღაცები რასაც ჩვენ მოვახერხებდით ხელოვნური თამაშით.  

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
28 თებერვალი 2023 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები