მენეჯმენტი სხვადასხვა კულტურაში

მენეჯმენტი სხვადასხვა კულტურაში


ამ სტატიაში ვისაუბრებთ სამ დისკრეტულ კულტურაზე, რომლის მიხედვითაც ყოფენ მთელ ქვეყნიერებას და არსებულ მენეჯერულ სტილებს. 

ეს კულტურებია:

  1. სიმართლისა და სიცრუის;
  2. ძალისა და შიშის;
  3. სიამაყისა და სირცხვილის;

ამ თეორიის ავტორები ამბობენ, რომ ყველა ქვეყანა განაწილებულია ამ სამ კულტურაში და ისევე როგორც მენეჯმენტი, ასევე საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა ასპექტები ძალიან განსხვავდება ამ კულტურების მიხედვით. სწორედ ეს განსხვავებები ხშირად იწვევს სერიოზულ პრობლემებს მენეჯმენტში.

1. სიმართლისა და სიცრუის კულტურაში ყველაფერს დაწერილი თუ დაუწერელი წესი და სტანდარტი აქვს. მაგალითად, თუ გინდათ, რომ სამუშაო საათებში პირადი ზარი განახორციელოთ, ჯერ უნდა გაარკვიოთ, გაძლევთ თუ არა ამის საშუალებას შემუშავებული წესები ან დადგენილი სტანდარტები. თუ კონკრეტული ქმედების შესახებ არაფერია ნათქვამი, მაშინ თქვენ თავისუფალი ხართ არჩევანში. იგივე ეხება ქუჩაში ნაგვის დაყრას, თუ არსებობს სტანდარტი, რომ ქუჩაში ნაგვის დაყრა არ შეიძლება და ამის წესებით დასაბუთება ხდება, მაშინ თქვენც არ უნდა დაყაროთ ქუჩაში ნაგავი. ამ კულტურაში ნებისმიერ ქმედებასა და უმოქმედობას დადგენილი სტანდარტების წესებით დასაბუთება სჭირდება, მაგალითად, თუ გეუბნებიან, რომ ზამთარში მოკლე სახელოებიანი მაისურის ჩაცმა მიღებული არ არის, მაგრამ არ არსებობს არანაირი წესი, რომელიც ასეთი მაისურის ჩაცმას გიკრძალავთ, თქვენ შეგიძლიათ, თავად გადაწყვიტოთ, რა ჩაიცვათ. სიმართლისა და სიცრუის კულტურაში საზოგადოება ეყრდნობა სტანდარტებს, წესებს, შინაგანაწესს, კანონებს, პროცედურებს, სასამართლოს გადაწყვეტილებას და ა.შ. ამ კულტურას მიეკუთვნება პრაქტიკულად მთელი განვითარებული დასავლეთის სამყარო. სწორედ მათ შექმნეს მენეჯმენტის მეცნიერება. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მენეჯმენტის მეცნიერება აგებულია სიმართლისა და სიცრუის კულტურაზე.  საინტერესო ისაა, რომ სხვა კულტურების განხილვისას შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ განვითარებული დასავლეთის მიერ შექმნილი მენეჯერული კულტურა შეიძლება ისე კარგად და ეფექტურად არ მუშაობდეს. 

სიმართლისა და სიცრუის კულტურის თავისებურებებია: პირველი, მე თუ წესის თანახმად მოვიქცევი, აუცილებლად გავმართლდები. მაგალითად, მე თუ მანქანა ყველანაირი წესის დაცვით გავაჩერე კონკრეტულ ადგილას, აღარ აქვს მნიშვნელობა, მოეწონება თუ არა ვინმეს ეს, მე ნებისმიერ დრო შემიძლია „სახეზე ავაფარო“ ადამიანს წესი, რომელიც ჩემს ქმედებას ამართლებს. და მეორე, რაც არაა აკრძალული, რაშიც არ არსებობს დადგენილი სტანდარტი, მე სრულიად თავისუფალი ვარ ჩემს გადაწყვეტილებებში. მე თუ გავაჩერე მანქანა იმ ადგილას, სადაც გაჩერების არანაირი წესი არ არსებობს, ვერავინ შეძლებს ჩემს დაჯარიმებას და იძულებას, რომ მანქანა გადავაადგილო.

თანამედროვე მენეჯმენტი სწორედ ამ სისტემაზეა აგებული. ყველანაირი წესი თუ აკრძალვა სადღაც მაინც არის გაწერილი, იქნება ეს შინაგანაწესი, სამუშაო აღწერილობა, მეილი და ა.შ. ადამიანებისთვის, რომლებიც წესების გარემოში აღიზარდნენ, ასეთი გარემო კომფორტულიც კი არის. 

2. მეორე, ძალისა და შიშის კულტურაში ვისაც აქვს ძალაუფლება, სიმართლეც იმის მხარესაა. თუ პირველ კულტურაში მართალსა და მტყუანს კანონები და წესები განსაზღვრავენ, ამ კულტურაში სიმართლე იმის მხარესაა, ვისაც აქვს ძალაუფლება. სიმართლისა და სიცრუის კულტურაში შეგიძლიათ ჩაიხედოთ დოკუმენტებში და გაიგოთ, ვინ არის ხელმძღვანელი. ძალისა და შიშის კულტურაში უნდა გაიკითხოთ, ვინ არის ავტორიტეტი. ამ კულტურის ქვეყნებში ძალიან ხშირად იურიდიული და ფაქტობრივი ხელმძღვანელები არ ემთხვევიან ერთმანეთს. ერთ-ერთი მაგალითი, ვისაც მიაკუთვნებენ ამ კულტურას არის რუსეთი, სადაც ძალიან გამოკვეთილად ჩანს, რომ რეალური მმართველები სულაც არ არიან იურიდიული მმართველები. ასევე, ბევრ დიდ ქვეყანაში ძალაუფლება და მატერიალური შესაძლებლობა განსაზღვრავს, ვინ არის მართალი. ეს რეალობა ჩვენს საზოგადოებაშიც ხშირად შეგვხვდება, რა დროსაც ნაცნობობით, ქრთამითა და გავლენებით ადამიანები თავიანთ „სიმართლეს“ ამტკიცებენ. 

მნიშნველოვანია, გააზრებული გვქონდეს, თუ რომელი კულტურის მატარებელ ორგანიზაციაში ვმუშაობთ და საზოგადოებაში ვცხოვრობთ. მაგალითად, თუ ჩვენ ვმუშაობთ ძალისა და შიშის კულტურის ორგანიზაციაში და გვგონია, რომ სიცრუის და სიმართლის კულტურაში ვიმყოფებით, ძალიან გაგვიჭირდება გარემოსთან ადაპტირება, წინსვლა და განვითარება. 

ამ კულტურაში რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ არის ის, რომ ვისაც აქვს ძალაუფლება, ის ყოველთვის მართალია. კანონში რა წერია მნიშვნელობა არ აქვს, რადგან კანონების გვერდის ავლა და თვალის დახუჭვა ჩვეულებრივი მოვლენაც კია. ასეთ ორგანიზაციებში მენეჯერები ცდილობენ, საშიშად გამოიყურებოდნენ, დისტანცია უჭირავთ თანამშრომლებთან, მკაცრად იქცევიან და არ არიან ჩვეულებრივი დემოკრატიული მენეჯერები.

3. მესამეა სიამაყისა და სირცხვილის კულტურა, რომელსაც საქართველო მიეკუთვნება. ამ კულტურაში მთავარი მსაჯული არის ხალხი. კანონებს, წესებს და ხელმძღვანელების მოსაზრებებს ძალა ეკარგება. თუ სოციუმს მიაჩნია, რომ კონკრეტული ქმედება სასირცხვილოა, მაშინ ამ ქმედებას ადამიანი ყველაფრის ფასად აარიდებს თავს და პირიქით, თუ კანონის დარღვევა ან ავტორიტეტისთვის არ დაჯარება საამაყო საქციელად ითვლება, ადამიანები სწორედ ასე მოიქცევიან. საზოგადოების აზრი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი აღზრდის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტიც კი იყო. ფრაზა „სირცხვილია რას იტყვის“ ყველაზე მყარი შემაკავებელია. სიტყვა სამარცხვინო უკიდურესი შეფასებაა ჩვენ საზოგადოებაში. სიტყვა საამაყო კი ყველაზე ღირებული შექებაა: საამაყო შვილი, ექიმი, გმირი და ა.შ. სირცხვილისა და სიამაყის კულტურაში თუ არსებობს შერცხვენის რისკი, მაშინ შეიძლება კონკრეტული ნაბიჯები არ გადავდგათ. ჩვენ იმ სკოლაში თუ უნივერსიტეტში გვინდა სწავლა, ის პროფესია გვინდა, ის ნივთი გვინდა, ის სტატუსი გვინდა, რომელიც არის საამაყო. სირცხვილი კი ნებისმიერ ფასად უნდა ავიცილოთ. მიუხედავად მოსალოდნელი სასჯელებისა, სკოლის გაცდენა და სიზარმაცე თანატოლებში საამაყო საქციელად ითვლებოდა. თუ მოძრაობის წესების დარღვევაა საამაყო, მიუხედავად ჯარიმებისა, ადამიანები დაარღვევენ წესებს. მთავარია, გარშემომყოფებში საამაყო, მისაბაძ ადამიანად ითვლებოდეთ, წესებსა და შეზღუდვებს ძალა ეკარგება. 

ამ კულტურას ორი ვექტორი აქვს: სირცხვილის აცილება ნებისმიერ ფასად და სიამაყის გამოწვევა მიუხედავად მოსალოდნელი სასჯელებისა. ხშირია შემთხვევები, როდესაც თანამშრომლები არ აღიარებენ, რომ ერთმანეთის კონკურენტები არიან, რადგან ეს სასირცხვილოა და როდესაც საქმე დაწინაურებას ეხება, კოლეგა, რომელიც წინაურდება გაკიცხვის საგანიც კი ხდება.  

რა გავლენა აქვს ამ კულტურებს მენეჯმენტზე? დასავლური, ანუ სიმართლისა და სიცრუის კულტურა აგებულია ამავე კულტურაში აღზრდილი ადამიანების მიერ. ხოლო როდესაც ამ კულტურის სხვა კულტურაში შემოტანას ვცდილობთ, ბევრი რამ ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. სიმართლისა და სიცრუის კულტურაში წესების დაცვა პრიორიტეტულია, სიამაყისა და სირცხვილის კულტურაში ეს ასე არ არის. მაგალითად, სიამაყის და სირცხვილის კულტურაში ადამიანები ნაცნობების და ახლობლების საშუალებით ცდილობენ თავი აირიდონ რიგებს, რაც საამაყო ქმედებადაც ითვლება, მაშინ, როდესაც დასავლურ კულტურაში წესის ამგვარი დარღვევა მიუღებელია. ასევე დაწინაურებაზე საკუთარი თავის კანდიდატად წარდგენა სასირცხვილოდ ითვლება, რადგან სოციუმს მიაჩნია, რომ თუ თქვენ გუშინ ერთ დონეზე იყავით, დღესაც ეგრე უნდა იყოთ, ეს რეალობა მენეჯერებს პრობლემებსაც კი უქმნის, რადგან იკარგება ჯანსაღი კონკურენცია. ძალიან ბევრ სასწავლო დაწესებულებაში შემოვლითი გზებით ნიშნის მიღება უფრო საამაყოდ ითვლება, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში სწავლა. დასავლურ სისტემაში უშრომელად რაღაცის მიღება არასწორია და არავინ ამას არ უნდა აკეთებდეს. 

რთულია, პარალელურად ორ კულტურაში ცხოვრება. ერთი მხრივ, საუბარია კულტურაზე, რომელშიც გავიზარდეთ და რომლის ნაწილებიც ვართ და მეორე მხრივ შემოტანილ კულტურაზე, რომელსაც ვცდილობთ მოვერგოთ. გამოსავალი რა არის? ვიწუწუნოთ, ეს რანაირი კულტურა შეგვხვდა? თუ შევეცადოთ, გამოვიყენოთ ჩენი კულტურის თავისებურებები და ორგანიზაციაში მენეჯმენტის ინსტრუმენტები გავაუმჯობესოთ? იქნება ეს დელეგირება, უკუკავშირი, პრიორიტეტების დასახვა, გუნდურობა და ა.შ. 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
12 ოქტომბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

რა მნიშვნელობა აქვს უკუკავშირს და რა სარგებელი შეიძლება მივიღოთ მისგან?

უკუკავშირი მნიშვნელოვანი საჩუქარია განვითარებისთვის და გვეხმარება საკუთარი ქცევა სხვადასხვა მხრიდან დავინახოთ. . . .

როგორ ავალებენ თანამშრომლები მენეჯერებს (უკუდელეგირება)

როგორ ახერხებენ თანამშრომლები იმას, რომ რაც მათ ევალებათ და მათი პასუხისმგებლობაა, ავალებენ თავიანთ ხელმძღვანელებს? . . .

რომელ "სამ სპილოს" ეყრდნობოდა ძველი მენეჯმენტი და რატომ აღარ გამოდგება ისინი დღეს?

ალბათ იკითხავთ რა კავშირშია ერთმანეთთან სპილო და მენეჯმენტი. ამ შემთხვევაში ფუნდამენტურ დასაყრდენს ვგულისხმობთ. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები