მეორე ნამცხვრის ეფექტი - მოთმინება და წარმატება

მეორე ნამცხვრის ეფექტი - მოთმინება და წარმატება


არსებობს ძალიან ცნობილი ექსპერიმენტი, რა დროსაც 3-5 წლის ბავშვების ჯგუფს ჩაუტარეს გამოცდა. ცარიელ ოთახში, სადაც მხოლოდ სკამი და მაგიდა იდგა, თეფშზე ძალიან გემრიელი ნამცხვარი, ზეფირი, დაუდეს. პირობა იყო შემდეგი: თუ 15 წუთის განმავლობაში ნამცხვარს არ შეჭამდნენ, დროის გასვლის შემდეგ მიიღებდნენ მეორე ნაჭერს და საბოლოოდ ორი ნამცხვრის ჭამას შეძლებდნენ.

რეალურად, როდესაც საქმე გემრიელი ნამცხვრის ჭამას ეხება, 15 წუთი ბავშვისთვის ძალიან დიდი დროა, თან ისეთ გარემოში, სადაც ბავშვს ყურადღების გადატანა არაფერზე შეუძლია. 

ამ ექსპერიმენტისთვის თვალის დევნება ძალიან საინტერესო და სახალისოც აღმოჩნდა. ზოგი ბავშვი სუნავს ამ ნამცხვარს, ზოგი ლოკავს, ზოგი ზურგს შეაქცევს, რომ საერთოდ არ დაინახოს. ცხადია, რომ ზოგიერთი ვერ მოითმენს და შეჭამს დროზე ადრე. ნაწილი კი გაძლებს, არ შეჭამს და მეორე ნამცხვარს მიიღებს ჯილდოდ.

ამ ექსპერიმენტის მთავარი ნაწილი კი ის არის, რომ ამ ბავშვებს დააკვირდნენ შემდეგი 30 წლის განმავლობაში. დააკვირდნენ სწავლაში, სამსახურში და მთლიანობაში შეისწავლეს მათი წარმატება. აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომლებმაც მოითმინეს 15 წუთი და მიიღეს მეორე ნამცხვარი, 30 წლის განმავლობაში იყვნენ აკადემიურად უფრო წარმატებულები, უკეთესი ნიშნები ჰყავდათ, უკეთეს უნივერსიტეტში სწავლობდნენ, კარიერულად უფრო წარმატებულები და პირადი ცხოვრებითაც უფრო კმაყოფილები იყვნენ.  

ეს ექსპერიმენტი ადასტურებს, რომ მოთმინებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ცხოვრებაში. 

სკოლის დამთავრებას, აკადემიური განათლების მიღებას ძალიან დიდი მოთმინება სჭირდება. იმისთვის, რომ კარგი განათლება მიიღოთ, დახელოვნდეთ კონკრეტული მიმართულებით, ბევრ რამეზე უარის თქმა გიწევთ, რაც პირდაპირ დაკავშირებულია მოთმინების უნართან. 

ოჯახურ ურთიერთობებსაც კი საფუძვლად მოთმინება უდევს. 

მოთმინების უნარი ძალიან განსხვავდება თაობების მიხედვით. რომ დააკვირდეთ, აღმოაჩენთ, რომ მოთმინების დონე იკლებს ახალ თაობებში. ე.წ. X თაობა გაცილებით, დინჯი და მომთმენია, Y თაობის მოთმინების უნარს X თაობა ყოველთვის აკრიტიკებს, ხოლო Z თაობას ფაქტობრივად მოთმინების უნარი საერთოდ არ გააჩნია. ეს გარკვეულწილად ლოგიკურიც და დადებითიც კი არის, რადგან ისეთი მოთმინება, როგორიც ადრე საჭირო იყო, თანამედროვე ადამიანს დღეს შეაფერხებს. მაგალითად, ადამიანის უფლებების ნაწილში მოთმინება კარგის მომტანი არ არის, უარყოფითი, სტრესული გარემოს ატანა და მოთმენა საჭირო არ არის. 

დღევანდელ რეალობაში, ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ მოთმინების სიკეთეებს, მეორე მხრივ, მოთმინების ცუდ მხარეებსაც. დღევანდელი თაობა გაცილებით ოპერატიული და რეაქტიულია. ტექნოლოგიურად ასეთი განვითარება, პროგრესი და ინოვაციები სწორედ რომ მოუთმენლობის გამოხატულებაა. ახალი თაობა ვერ იტანს ძველ ტელევიზორს, ძველ ტელეფონს, მოძველებულ სერიალებს და ფილმებს, სულ ახლის და უკეთესის მიღება ან შექმნა სურს. 

თუმცა განათლებისა და კარიერული წარმატების საკითხებში სერიოზულად ეშლებათ ხელი. არსებობს სფეროები, რომლებსაც სჭირდება მოთმინების გამოხატულება, როგორც არ უნდა იცვლებოდეს დრო. 

ახალ თაობებს კიდევ უფრო მეტი ვარჯიში სჭირდებათ, რომ საჭირო დროს მოთმინება გამოიჩინონ. 

დრო შეიცვალა, ძველი თაობების რეალობა რადიკალურად განსხვავდება ახალი თაობის რეალობისგან, თუმცა ერთი რამ უცვლელია - მოთმინების გარეშე წარმატების მიღწევა რთულია, შეუძლებელიც კი. 

კარგი ის არის, რომ მოთმინება განვითარებადი უნარია. იმისთვის, რომ ეს უნარი გამოიმუშაოთ, სპეციალურად ჩააყენეთ თავი ისეთ მდგომარეობაში, სადაც მოთმინება უნდა გამოიჩინოთ, დააძალეთ თავს, რომ მეტი დრო დაუთმოთ განათლებას, უარი თქვით სასიამოვნო საქმის კეთებაზე და აკეთეთ საჭირო საქმე. გარწმუნებთ, რომ გრძელვადიანი წარმატებისთვის ეს ძალიან გამოგადგებათ. 

 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
9 დეკემბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები