მოლოდინები და კმაყოფილება

მოლოდინები და კმაყოფილება


მოლოდინები და კმაყოფილება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ჩვენი თეორიის მიხედვით, კმაყოფილებას აქვს ფორმულა, რომელიც გამოიყურება შემდეგნაირად: 

კმაყოფილება = რეალობის აღქმა - მოლოდინები

მაგალითად, თუ მიდიხართ ფილმის სანახავად და მოლოდინი გაქვთ, რომ 10-დან 10 ქულიან ფილმს უნდა უყუროთ და რეალურად ეს ფილმი შეაფასეთ 7 ქულით, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო დარჩებით. ამ ფორმულის მიხედვით გამოდის, რომ 7-10=-3, ანუ თქვენი კმაყოფილების მაჩვენებელი მინუს ქულაა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მოლოდინი გამართლდა და ფილმს 10 ქულა მიანიჭეთ, შედეგი მაინც არ იქნება კარგი, რადგან თქვენი კმაყოფილების ქულა იქნება 0. თქვენ არ იქნებით უკმაყოფილო, მაგრამ არც კმაყოფილი. 

ასევე განვიხილოთ კარიერის მაგალითი. ვთქვათ, თანამშრომელს აქვს მოლოდინი, რომ 6 თვეში დაწინაურდება, თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლდა და დაწინაურდა თუნდაც 8 ან 12 თვის შემდეგ, ასეთ შემთხვევაში, მისი, როგორც თანამშრომლის კმაყოფილების დონე იქნება მინუსებში. 

და მესამე მაგალითი, თუ თქვენი ხელმძღვანელები წარსულში ძალიან კმაყოფილი იყვნენ თვენი მუშაობით, ცხადია, რომ მათი მოლოდინები გაიზრდება. ასეთ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ იგივე წარმატებით ასრულებთ დაკისრებულ მოვალეობას, მენეჯმენტის კმაყოფილების დონე დაიკლებს, რადგან კარგად შესრულებული სამუშაოს შემდეგ მათი მოლოდინები გაიზარდა, შესაბამისად, თქვენგანაც ელიან, რომ თქვენი მუშაობის ხარისხიც გაუმჯობესდება. ეს ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ერთნაირად, თუნდაც კარგად მუშაობა გამოიწვევს მენეჯერებში უკმაყოფილებას. ეს ნიშნავს, რომ ერთ დონეზე მუშაობა აღიქმება როგორც გაუარესება. 

კარგად თუ დაფიქრდებით, ჩვენ თავადაც ასეთი პრინციპით ვაფასებთ სხვებსაც. თუ ჩვენ კმაყოფილები ვართ რესტორნის ან სასტუმროს მომსახურების ხარისხით, გარკვეული დროის შემდეგ თუ იგივენაირ მომსახურებას მივიღებთ მათგან, ვიფიქრებთ, რომ სერვისი გააუარესეს. 

კმაყოფილების ფორმულის გამოყენება მნიშვნელოვანია ცხოვრების ყველა ასპექტში, განსაკუთრებით პროფესიულ ცხოვრებაში. 

კმაყოფილების მისაღებად კრიტიკული მნიშვნელობა აქვს სწორი მოლოდინების შექმნას. რაც უფრო მაღალ მოლოდინებს შევქმნით ჩვენი თავის თუ პროდუქტის გარშემო, მით უფრო დიდია იმის რისკი, რომ უკმაყოფილებას გამოვიწვევთ ადამიანებში. 

გახსოვდეთ, რომ რაც უფრო კარგად შეასრულებთ საქმეს, თქვენი მომდევნო საქმე კიდევ უფრო კარგი უნდა იყოს, რადგან თქვენი „თამასა“ უკვე აწეულია სხვების თვალში. გაუფრთხილდით თქვენი შვილების, ოჯახის წევრების, თანამშრომლებისა და მენეჯერების მოლოდინებს, სწორედ ამაზეა დამოკიდებული მათი კმაყოფილება, ბოლო კმაყოფილებაზე კი დამოკიდებულია მათ ბედნიერება. 

ასევე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც გვინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილოთ, არის ის, რომ ფორმულაში ნახსენებია რეალობის აღქმა და არა რეალობა. რაც გულისხმობს, რომ თქვენ როგორი რეპორტი გაუკეთეთ მენეჯერებს, როგორი ვიდეო ჩაწერეთ, თუ როგორ შეასრულეთ საქმე ერთი საკითხია, ხოლო როგორ აღიქვეს და შეაფასეს ეს ყველაფერი მენეჯერებმა - მეორე საკითხი. რეალობასა და მის აღქმას შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა. 

"ფლომასტერის" ტრენინგის მონაწილეებს ხშირად ვეუბნებით: მთელი მარკეტინგი იმას ემსახურება, რომ არსებული პროდუქტის გარშემო შევცვალოთ რეალობის აღქმა, რომ ის უფრო კარგად აღიქვას ბაზარმა, მყიდველმა თუ დამკვეთმა. შექმნათ პროდუქტი, დადოთ ის გამოსაჩენ ადგილას და წარმოაჩინოთ ისეთად, როგორიც არის, მას აუცილებლად დააკლდება „მარილი“. ერთია, მე როგორ ვაფასებ ავტომობილს, რომლის ყიდვაც მსურს და მეორეა, როგორ ხდება მისი რეკლამირება, რომ ჩემი კმაყოფილება გაიზარდოს ამ მანქანის მიმართ.  

როდესაც ვინმეს კმაყოფილებაზე ვზრუნავთ, უნდა ვიფიქროთ ცალკე რეალობაზე და ცალკე რეალობის აღქმაზე. ძალიან ხშირად, ორგანიზაციები არ მუშაობენ შიდა კომუნიკაციაზე, მენეჯმენტმა კი იცის კომპანიის მიღწევების შესახებ, მაგრამ ისინი საჭიროდ არ თვლიან თანამშრომლებში რეალობის აღქმის შეცვლას, რომ მათი კმაყოფილების დონემ აიწიოს.  

კარგად რომ დაფიქრდეთ, მიხვდებით, რომ გარკვეულწილად რეალობის აღქმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად რეალობა. მარკ ტვენის თქმით, მას ცხოვრებაში ბევრი სირთულე გადახდა, თუმცა უმეტესობა რეალურად არც მომხდარა. ძალიან ხშირად ჩვენს ცნობიერში ვამახინჯებთ ფაქტებს და ვუქმნით ჩვენს თავს გადაჭარბებულ მოლოდინებს, რაც შედეგად იმედგაცრუებას იწვევს. 

დასკვნა შემდეგია, მოლოდინების რეგულირება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ჩვენ შეიძლება ჩვენს რეალობას ყოველდღიურად ვაუმჯობესებთ, მაგრამ თუ არ ვაუმჯობესებთ ჩვენს აღქმებს, ეს გაუმჯობესებული რეალობა გამოგვეპარება, ყურადღების მიღმა დაგვრჩება. 

პროდუქტის თუ საკუთარი თავის რეკლამირებისას თუ გადაჭარბებულ მოლოდინებს შექმნით, უნდა ელოდოთ გულდაწყვეტას და უკმაყოფილებას, იმიტომ, რომ შექმნილი გადაჭარბებული მოლოდინები ფორმულის მიხედვით გამოაკლდება რეალობის აღქმას და შედეგად მინუს ქულებს მიიღებთ. 

 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
20 ოქტომბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები