მოსმენა - წარმატებისთვის კრიტიკული უნარი

მოსმენა - წარმატებისთვის კრიტიკული უნარი


შეკითხვაზე „იცით თუ არა მოსმენა“, აბსოლუტურად ყველა ადამიანი გიპასუხებთ, რომ დიახ, მას ეს უნარი აქვს. გაითვალისწინეთ, რომ საუბარია ყურადღებით, გულისყურით მოსმენაზე. კვლევები აჩვენებს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს შეუძლია ყურადღებით მოსმენა.   

გარწმუნებთ, რომ თქვენ გაქვთ საკმაო რეზერვი და დამატებითი რესურსი იმისთვის, რომ სწორად მოსმენის უნარი განივითაროთ. 

ამ სტატიაში მოგაწვდით კონკრეტულ რჩევებს, თუ როგორ უნდა მოახერხოთ ეს.  

დასაწყისისთვის უცნაური რამ უნდა გთხოვთ, რაც შეიძლება, პირველი კლასის მერე არ გაგიკეთებიათ. წარმოთქვით ხმამაღლა ფრაზა:

„მე არასდროს ვუსმენ, არც მომისმენია და არც მოვუსმენ. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ჩემთვის სასარგებლოა.“

გაიგეთ რაც თქვით? 

გაიმეორეთ:

„მე არასოდეს ვუსმენ, არც მომისმენია და არც მოვუსმენ. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ჩემთვის სასარგებლოა.“

ეს გამონათქვამი ამბობს, რომ ადამიანები მხოლოდ კონკრეტულ ვითარებაში უსმენენ ერთმანეთს. 

ადამიანებს, რომლებსაც სმენის პრობლემა არ აქვთ, ცალსახაა, რომ რასაც არ უნდა ელაპარაკებოდნენ ესმით, მაგრამ არსებობს მოსმენის ორი რეჟიმი: გულისყურით და უგულისყუროდ. 

არის სიტუაციები, როდესაც ყურადღებით არ უსმენთ თანამოსაუბრეს და არის სიტუაციები, როდესაც გულისყურით უსმენთ. 

გამოდის, რომ თქვენ ორივენაირად შეგიძლიათ მოსმენა. მთავარია, ამ რეჟიმების მართვა შეგეძლოთ და შესაბამის სიტუაციაში შესაბამისი რეჟიმი ჩართოთ. 

განვიხილოთ მოსმენის რეჟიმის 4 ვარიანტი. 

პირველი ვარიანტია, როდესაც ადამიანი ყოველთვის ყველას უსმენს გულისყურით. ეს არარეალური რეჟიმია, რადგან ტვინს ტექნიკურად არ შეუძლია, ყველაფერს სრული ყურადღებით უსმინოს.  

მეორე, ასეთივე რადიკალური რეჟიმია პირველის საპირისპირო, როდესაც ადამიანი არასდროს არავის უსმენს გულისყურით. ასეთი რეჟიმი ძალიან დააზარალებს ყველანაირ ურთიერთობას, როგორც კარიერულს, ისე მეგობრულს.  

მესამე ვარიანტია,  როდესაც ადამიანს სულ ჩართული აქვს გულისყურის რეჟიმი და როდესაც მომაბეზრებელი ან უინტერესო გახდება საუბარი, რთავს ამ რეჟიმს და გადადის ზედაპირულ მოსმენაზე. 

და ბოლოს, მეოთხე, როდესაც სულ გამორთული აქვს გულისყურის მოსმენის რეჟიმი და როდესაც რამე საინტერესოს მოკრავს ყურს, რთავს ყურადღებით მოსმენის რეჟიმს. 

დაფიქრდით, რომელიც რეჟიმი გაქვთ სტანდარტულად დაყენებული. 

გახსენდებათ სიტუაცია, როცა თანამოსაუბრისთვის შუა ლაპარაკში გითქვამთ: „მოიცა, მოიცა, აბა კარგად მომიყევი რაზე ლაპარაკობ?“ ეს ნიშნავს, რომ გამორთული გქონდათ ყურადღებით მოსმენის რეჟიმი და როდესაც რაღაც მნიშნველოვანს მოკარით ყური, მაშინვე დაიწყეთ გულისყურით მოსმენა. 

გამოდის, რომ გულისყურის რეჟიმი თქვენ სტანდარტულად გამორთული გაქვთ.

კვლევები ადასტურებს, რომ ყველა ადამიანი ზედაპირული მოსმენის რეჟიმშია და მხოლოდ მაშინ რთავს გულისყურის რეჟიმს, როცა ჩათვლის საჭიროდ.

გაიხსენეთ სტატიის დასაწყისში ფრაზა, რომლის წარმოთქმაც ხმამაღლა გთხოვეთ „...გარდა იმ სიტუაციისა, როცა ჩემთვის სასარგებლოა.“

ახლა გვინდა, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. 

მოსმენის უნარზე როცა ვლაპარაკობთ, არსებობს სამი „მომაკვდინებელი ცოდვა“, რომლებსაც სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია თქვენი კარიერისა თუ პირადი ურთიერთობებისთვის.  

1. პირველი ცოდვა/პრობლემაა, როდესაც ვერ უსმენთ გულისყურით მაშინაც, როცა ეს აუცილებელია. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველაფერს ყურადღებით უნდა მოუსმინოთ, მაგრამ როდესაც იმყოფებით შეხვედრაზე, ტრენინგზე, მეგობართან, რომელიც მისთვის მნიშვნელოვან საკითხზე გელაპარაკებათ და თქვენ გეთიშებათ გულისყურით მოსმენის რეჟიმი, ბევრი მნიშნელოვანი ინფორმაცია ყურადღების მიღმა დაგრჩებათ. ანუ, როდესაც გულისყურით მოსმენის რეჟიმი ავტომატურად გეთიშებათ და ამას ვერ აკონტროლებთ, წარმატების მიღწევაში ხელი გეშლებათ.   

მაგალითად, თუ კონკრეტულ მომენტში თქვენთან საუბარი სურთ და არ გცალიათ, სჯობს უთხრათ, რომ დაკავებული ხართ და როდესაც გამონახავთ მათთვის თავისუფალ დროს, იყავით ბოლომდე ჩართულები, მოუსმინეთ ყურადღებით ყველა გარე ხელისშემშლელი ფაქტორი მოიშორეთ, იქნება ეს მობილური, ელ-ფოსტების შემოწმება და ა.შ.  

მოსმენა, გარდა იმისა, რომ რაღაცის გაგებისა და შემეცნების ინსტრუმენტია, პატივისცემის გამოხატულებაცაა. 

 2. მეორე ცოდვა, რომელსაც უნდა ებრძოლოთ - როდესაც ხვდებით, რომ ისე ვერ ლაპარაკობთ, რომ სხვებმა მოგისმინონ. მაგალითად, ელაპარაკებით ხელმძღვანელს და ხვდებით, რომ ცალი ყურით გისმენთ, შემდეგ კი ავიწყდება რაც უთხარით.

ხშირად აწყდებით პრობლემას, რომ კოლეგებს, მეგობრებს თუ შვილებს ვერ აგებინებთ თქვენს სათქმელს. ამ დროს აბრალებთ სხვებს, რომ არ გისმენენ, თქვენი არ ესმით და ა.შ. საქმე იმაშია, რომ ადამიანები მხოლოდ მაშინ ისმენენ, როდესაც სარგებელი ესმით. 

თქვენ უნდა გადაეწყოთ ისეთ საუბარზე, რომელიც სარგებლით იწყება. უფროსმა, კოლეგამ თუ შვილმა თავიდანვე სარგებელი უნდა მოისმინოს, ანუ მისთვის საინტერესო ინფორმაცია. იგივე შეიძლება ითქვას გუნდის წევრებისთვის უკუკავშირის გაზიარებაზე, თუ თქვენ პირველ რიგში ეტყვით, თუ რა სარგებელს მოუტანს უკუკავშირი მათ, მაშინ ისინი უფრო ყურადღებით წაიკითხავენ და გაიაზრებენ თქვენს შენიშვნებს. 

3. მესამე ცოდვა - როდესაც ლაპარაკობთ, ხვდებით, რომ არ გისმენენ და მაინც აგრძელებთ ლაპარაკს. ძალიან ბევრ მენეჯერს თუ არამენეჯერს ეს მავნე ჩვევა ახასიათებს. ეს რეალურად ძალიან ცუდი ჩვევაა, რომელიც რეპუტაციას გაგიფუჭებთ. როგორც კი ხვდებით, რომ არ გისმენენ, სჯობს გაჩუმდეთ და ყველასთვის მისაღებ, სარგებლის ენაზე დაიწყოთ ლაპარაკი.   

კარგი ამბავი ის არის, რომ ამ უნარების გაუმჯობესება ვარჯიშის შედეგად შესაძლებელია. დააკვირდით თქვენს თავს, როგორ უსმენთ სხვებს, რამდენად გისმენენ სხვები, როდის ჩაირთო თქვენი გულისყურით მოსმენის რეჟიმი და როდის გამოირთო. როგორ ლაპარაკობთ, როცა გისმენენ და როცა არ გისმენენ. ხომ არ აგრძელებთ ლაპარაკს მაშინაც, როცა არ გისმენენ? დარწმუნებულები ვართ, საკმაოდ ბევრ საინტერესო დეტალს აღმოაჩენთ. 

მოსმენის უნარის გაუმჯობესებით აღმოჩნდებით კაცობრიობის 1%-ში, რომელსაც უკეთ გამოსდის კომუნიკაცია და ადამიანებთან ურთიერთობები. 

 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
9 დეკემბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები