მოტივაციის ქურდები

მოტივაციის ქურდები


დაფიქრდით, ორგანიზაციაში, სადაც მუშაობთ, არის თუ არა რაიმე წესი კომპანიის მარაგების მოპარვასთან ან დაზიანებასთან დაკავშირებით. სადაც არ უნდა მუშაობდეთ, დარწმუნებული ვართ, ამ წესების დაცვა მნიშვნელოვანია - იქნება ეს დადგენილი სტანდარტები, უსაფრთხოების წესები, თუ პროცედურები, რომლებიც ხაზს უსვამს იმას, რომ კომპანიაში ქურდობა დაუსჯელი არ დარჩება. 

თანამშრომელს, რომელიც საწყობიდან იპარავს რაიმეს, ან აზიანებს და აფუჭებს კომპანიის ინვენტარს, კარგი ბედი ნამდვილად არ ეწევა. კომპანიების უმეტესობა ხელშეკრულების დონეზე არეგულირებს ასეთ საკითხებს. 

ორგანიზაციები ცდილობენ, მაქსიმალურად ნათლად ახსნან, რომ არ შეიძლება კომპანიის საკუთრების დაზიანება და მოპარვა. 

ამის საჭიროებაში, რა თქმა უნდა, ყველა გვეთანხმება.

ჩვენ გვაქვს მეორე შეკითხვა.

რა მოხდება, კომპანიაში ვინმეს რომ შეუსწროთ, როგორ იპარავს სხვა თანამშრომლის ენერგიას და როგორ აზიანებს სხვების მოტივაციას.

დაფიქრდით, აზიანებენ თუ არა კოლეგები ხანდახან ერთმანეთის მოტივაციას, იპარავენ თუ არა თანამშრომლები ერთმანეთის ენერგიას?

პასუხი, რა თქმა უნდა, იქნება დიახ. 

„კურილკის“ მთელი ძალაუფლება იმაში მდგომარეობს, რომ ჯანსაღად მოტივირებული ადამიანი იქიდან დემოტივირებული გამოდის. 

ახლა დაფიქრდით, აქვს თუ არა თქვენს კომპანიას წესები, რომლებიც შრომით ხელშეკრულებაშია გაწერილი, ან როდესმე თუ აგიხსნიათ თანამშრომლებისთვის, რომ კოლეგების მოტივაციის და ენერგიის მოპარვა არის ქურდობა და დანაშაული, რომელიც არ დარჩება დაუსჯელი.

საოცარია, მაგრამ გამოცდილ მენეჯერებსაც კი უჭირთ საკითხის ამ კუთხიდან დანახვა. 

როგორ უნდა მივხედოთ ამ საკითხს და როგორ მოვუაროთ მოტივაციის ქურდობას?

პირველ რიგში, ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ  რაც არ შეიძლება, არ შეიძლება. ასეთ მნიშვნელოვან საკითხს „კურილკის“ ამარა ვერ დავტოვებთ.

ბევრმა ორგანიზაციამ ისწავლა ჭკუა და კომპანიის იმიჯის დაზიანება სოციალურ ქსელში თუ სხვა სივრცეებში თანამშრომლებს უბრალოდ აუკრძალა. სხვა საკითხია, რატომ მოუნდა თანამშრომელს ასეთი რამის გაკეთება, თუმცა, ამ სტატიაში ამას არ განვიხილავთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანი ინფორმირებული უნდა იყოს, რომ მსგავსი საქციელი პრობლემას წარმოადგენს.  

ძალიან ბევრი მენეჯერისთვის აგვიხსნია, რომ სხვებთან წუწუნი, ნეგატივის გამოხატვა და პესიმიზმი არის ენერგიისა და მოტივაციის ქურდობა. 

როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა?

არსებობს ორი დონე. 

პირველი, უნდა ველაპარაკოთ თანამშრომლებს ამასთან დაკავშირებით. ჩვენ იმასაც ვემხრობით, რომ კომპანიის ფასეულობების სისტემაში და დოკუმენტაციაშიც იყოს ამაზე ლაპარაკი, HR-მაც რეგულარულად აწარმოოს კომუნიკაცია ამ თემაზე. 

მოტივაციის მოპარვა ისეთივე დანაშაულია, როგორც სხვა ნივთების, უარესი თუ არა. თუ რამით უკმაყოფილო ხართ, სჯობს, მიხვიდეთ ხელმძღვანელთან ან HR-თან და კონსტრუქციული დიალოგი გამართოთ.

გაუფრთხილდით ერთმანეთის ენერგიას და კოლეგების მოტივაციას. გვესმის, რომ ზოგჯერ გინდათ ენერგიის გამოშვება, წუწუნი, ჩივილი, მაგრამ სხვა ადამიანს ნუ გაუფუჭებთ სამუშაო დღესა და განწყობას, რომელიც მას მთელი დღის განმავლობაში შეიძლება გაყვეს.  

 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
13 იანვარი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები