ონლაინ რეპუტაცია ანუ როგორ "იგუგლები"

ონლაინ რეპუტაცია ანუ როგორ "იგუგლები"


დავიწყოთ იმის განმარტებით თუ რა არის რეპუტაცია. რეპუტაცია არის ის რასაც თქვენზე ფიქრობს ხალხი, რომლებიც არც თუ ისე კარგად გიცნობენ.  

თუ როგორ გიცნობენ ადამიანები სამ დონეზე შეიძლება დავყოთ. პირველი დონე არის სტერეოტიპები, მაგალითად, ბუღალტერი ხარ, მეგრელი ხარ, ქართველი ხარ, მელოტი ხარ, ბანკირი ხარ და ა.შ. მეორე არის რეპუტაცია, რაც არის შენი დატოვებული კვალი და მესამე არის ფასეულობები ანუ ვინც კარგად გიცნობს.  

ამ შემთხვევაში აქცენტს რეპუტაციაზე გავაკეთებთ. რა საჭიროა რეპუტაცია? რაში გვჭირდება მასზე ფიქრი? რეპუტაციას შეუძლია დაგეხმაროთ ბევრ რამეში ან შეგიშალოთ ხელი.  

ყველაზე მარტივი მაგალითია, როდესაც სამსახურის დაწყებას აპირებთ, პოტენციური დამსაქმებელი თქვენ შესახებ გაიკითხავს სანაცნობო წრეში, რაც უფრო მნიშვნელოვან პოზიციაზე აპირებთ მუშაობის დაწყებას, მით უფრო მნიშვნელოვანია თუ რა რეპუტაცია გაქვთ. თუ აპირებთ რომ დაქორწინდეთ თქვენი მეორე ნახევრის ახლობლები გაიკითხავენ თქვენს შესახებ. ახალი თანამშრომელი რომ მოვა კომპანიაში ისიც გაიკითხავს თქვენს შესახებ. რეპუტაცია არის თქვენს მიერ შექმნილი და არის მოცემულობა, ის შეიძლება მოგწონდეთ ან არ მოგწონდეთ, შეუძლია ხელი შეგიწყოთ ან შეგიშალოთ 

რეპუტაცია იგივეა ადამიანისთვის, რაც ბრენდი კომპანიისთვის.  

შესაბამისად, როგორც ბრენდისთვის არსებობს ონლაინ რეპუტაცია ისევე არსებობს ადამიანისთვის. აღმოჩნდა, რომ ადამიანებში არსებული რეპუტაცია შეიძლება განსხვავდებოდეს ონლაინ რეპუტაციისგან, ფაქტობრივად ცალ-ცალკე რეპუტაცია შეიძლება გქონდეთ. გამოდის, რომ მე შემიძლია ადამიანებს ვკითხო თქვენს შესახებ და ასევე საძიებო სისტემების საშუალებით გავიგო თქვენზე. სწორედ აქ ჩნდება შეკითხვა, როგორ „იგუგლები.“ ონლაინ რეპუტაცია არის ის თუ რას ვფიქრობ მე შენზე დაგუგვლის შემდეგ.   

საძიებო სისტემები წარმოაჩენს თქვენს სოციალურ ქსელებს - როგორი კონტენტი გიდევთ facebook-ზე, სამსახურებრივ კონტენტს აზიარებთ თუ პირადი ინფორმაციაც ხელმისაწვდომია ყველასთვის. ჩანს ასევე როგორი linkedin გაქვთ, ტიკტოკზე როგორ ვიდეოებს აქვეყნებთ, როგორი ფოტოები გაქვთ, რას პოსტავთ, რას აზიარებთ, ვინ გყავთ მეგობრებში - აქ მნიშვნელოვანია საერთო მეგობრები, ხშირად სოციალურ ქსელში აღმოჩენილ საერთო მეგობრებსაც ეკითხებიან თქვენს შესახებ. გააჩნია ადამიანი რისთვის გეძებთ, სამეგობროდ, სამსახურში ასაყვანად, ექსპერტად, ტრენერად და ა.შ. 

ონლაინ რეპუტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც კარიერის საწყის ეტაპზე ხართ.  

იმისთვის რომ სწორად „იგუგლებოდეთ“ ჯერ დავიწყოთ დიაგნოზის დასმით. ჩაწერეთ საძიებო სისტემებში თქვენი სახელი და გვარი და ნახეთ როგორ იგუგლებით? დააკვირდით რა ინფორმაციას იღებთ. რჩევის სახით გეტყვით, რომ ჯობს incognito mode-ით მოძებნოთ თქვენი თავი, რადგან როდესაც თქვენივე user-ით ეძებთ საკუთარ თავს შესაძლოა განსხვავებული შედეგები აჩვენოს. Incognito mode კი ზუსტად იმ შედეგებს აჩვენებს, რასაც უცხო ადამიანი ნახავს. ასევე შეგიძლიათ ჩაატაროთ პატარა კვლევა, სთხოვოთ მეგობრის მეგობარს, რომელიც არც თუ ისე კარგად გიცნობთ, რომ დაგუგლოს თქვენს შესახებ და გამოჰკითხეთ რა შთაბეჭდილება დარჩა თქვენზე მიღებული ინფორმაციის შედეგად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართველებს გვახასიათებს ერთი მავნე ჩვევა, თუ ცუდი ღვინო შემოგვთავაზე სუფრაზე მასპინძელმა ყველა აუცილებლად იტყვის რომ ღვინო ძალიან კარგია, რადგან ხშირად ჯანსაღი კრიტიკა და სწორი უარყოფითი შეფასება ცუდ ტონად ითვლება, ამიტომ დარწმუნდით, რომ თქვენი მეგობრის მეგობარი კრიტიკულად შეგაფასებთ და ყველანაირ შეხედულებას გეტყვით, რაც თქვენი „დაგუგვლისას“ გაუჩნდება. მნიშვნელოვანია იცოდეთ რა უარყოფითი შთაბეჭდილება შეიძლება დარჩეს თქვენზე ადამიანს, იმისთვის რომ სწორედ ამ საკითხზე იმუშაოთ და გააუმჯობესოთ.  

როდესაც თქვენს თავზე იკვლევთ თუ ინტერნეტში რა ინფორმაცია იძებნება, დააკვირდით, რამდენად ჩანს თუ რა პროფესიის ხართ, რა გიკეთებიათ. თუ ვერაფერს ამოიკითხავთ თქვენი საქმიანობის შესახებ, ეს სამწუხაროდ ცუდი შედეგია. წარმოიდგინეთ, რომ „გუგლავთ“ კომპანიას, რომელზეც ვერსად ნახულობთ ინფორმაციას რას საქმიანობს ეს კომპანია, მაღაზია აქვს თუ არა და ა.შ.  

შემდეგი საკითხი არის თუ, როგორ გააუმჯობესოთ ონლაინ რეპუტაცია. ეს საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია. მაგალითად, დღეს რომ linkedin-ის პროფილს გააკეთებთ და შეავსებთ ყველანაირ ინფორმაციას, გუგლსაც დრო სჭირდება რომ ეს ინფორმაცია დაიჯეროს და ძიებისას გამოაჩინოს. 

ბრენდიც და რეპუტაციას ისეთი რაღაცაა, რომელსაც მუშაობა სჭირდება, თქვენ რაც არ უნდა დაწეროთ თქვენს თავზე ონლაინ სივრცეში, აუცილებლად რეალობასთან უნდა მოდიოდეს შესაბამისობაში.  

აუცილებლად უნდა იცოდეთ ახლა როგორი ონლაინ რეპუტაცია გაქვთ და შესაბამისად სწორი ნაბიჯები გადადგათ. დააკვირდით თქვენი სოციალური არხების ფოტოებს, ვიდეოებს, რას აზიარებთ და დაფიქრდით რას იფიქრებენ სხვები თქვენზე? ვინ შეიძლება თქვენს შესახებ ონლაინ მოძებნოს ინფორმაცია?  

რეპუტაცია ის კი არ არის შენ რას ფიქრობ შენს თავზე, ვინც არ გიცნობს მას როგორი შთაბეჭდილება ექმნება თქვენზე. ონლაინ მიღებული ინფორმაციით ადამიანს ,ფაქტობრივად, წინასწარ ექმნება თქვენზე შთაბეჭდილება და სწორედ ამ შთაბეჭდილებამ შეიძლება გადააწყვეტინოს საერთოდ დაგიბაროთ თუ არა გასაუბრებაზე.  

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
16 იანვარი 2023 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები