"ოქროს გალია" ანუ დიდი ხანი ერთ სამსახურში

"ოქროს გალია" ანუ დიდი ხანი ერთ სამსახურში


ერთ სამსახურში დიდხანს გაჩერება, თითქოს, ავტომატურად უარყოფითი მოვლენაა, თუმცა სრულებით შესაძლებელია, რომ ადამიანი თავს ბედნიერებად გრძნობდეს ერთ კომპანიაში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგაც კი. 

რა ნიშნავს დიდი ხანი ერთ სამსახურში გაჩერება? ანუ რამდენია ეს დიდი ხანი, 1 წელი, 10 წელი თუ 20 წელი? 

ამ შეკითხვაზე სწორი პასუხის გასაცემად აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომელი თაობის წარმომადგენელზეა ლაპარაკი. ე.წ. „baby boomer-ები“, რომლებიც ყველაზე ასაკოვან თაობას წარმოადგენენ სტატისტიკურად ერთ სამსახურში საშუალოდ 15 წელი ჩერდებიან. ეს მხოლოდ საბჭოთა კავშირის თავისებურება არ გეგონოთ. მთელ მსოფლიოში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაბადებული ადამიანებისთვის ერთ სამსახურში 15-20 წელი გაჩერება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. შემდეგი თაობა, ანუ “baby booomer-ების“ შვილები, რომლებიც დაახლოებით 1970-85 წლებში დაიბადნენ, სამსახურში საშუალოდ 5-დან 7 წლამდე ჩერდებოდნენ. დამეთანხმებით, საკმაოდ დიდი სხვაობაა თაობებს შორის სამსახურში დაყოვნების მაჩვენებლით. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ამ თაობის წარმომადგენლები ამ 5-7 წლის განმავლობაში საკმაოდ ხშირად იცვლიდნენ პოზიციას თუ პროფესიას ერთ კომპანიაში, რაც, ფაქტობრივად, ახალ სამსახურად შეგვიძლია ჩავთვალოთ. 

დღევანდელი თაობის წარმომადგენლების რეალობა კი კიდევ უფრო განსხვავებულია. 1995 წლის შემდეგ დაბადებული ადამიანები ერთ კომპანიაში წელიწად-წელიწადნახევარზე მეტხანს არ ჩერდებიან. ეს ფაქტი მენეჯერებისთვის თავის ტკივილადაც კი იქცა. როგორ შეიძლება ორგანიზაცია წინ წავიდეს და განვითარდეს, თუ კადრების ცვალებადობის ასეთი ხშირი მაჩვენებელი ექნება? თუმცა ეს ამ სტატიის თემას არ წარმოადგენს. 

მოკლედ, თუ თქვენ ხართ შუა თაობის წარმომადგენელი და ერთ პოზიციაზე ერთ სამსახურში ხართ 7 წელზე მეტ ხანს, ეს დიდ დროდ ითვლება. დღევანდელი ახალგაზრდებისთვის კი დიდ დროდ 3 წელი ითვლება. 

თუმცა, ერთ კომპანიაში მუშაობის ხანგრძლივობა არ არის ერთადერთი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც რაიმე დასკვნის გამოტანა შეგიძლიათ. არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორ გრძნობთ თავს არსებულ სამსახურში. 

არსებობენ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში იმიტომ მუშაობენ ერთ კომპანიაში, რომ ბედნიერები არიან, მოსწონთ თავიანთი საქმე, კოლექტივი, მენეჯმენტი და ა.შ. ეს რეალურად ძალიან კარგ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ორგანიზაციის, ასევე კონკრეტული თანამშრომლის. 

სხვა საკითხია, როდესაც ადამიანი იმიტომ მუშაობს ერთ პოზიციაზე დიდ ხანს, რომ აღარ იცის, სხვა რა შეიძლება აკეთოს. ჰგონია, რომ განსხვავებული არაფერი გამოუვა. მაგალითად, ბანკში 10-15 წლიანი მუშაობის შემდეგ, რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანმა სფერო, სხვა ბანკში გადასვლის ინტერესი ნაკლებად აქვთ, ამიტომ „ეგუებიან ბედს“ და აგრძელებენ იქ მუშაობას, სადაც „შეჩვეულები არიან“. ეს, რა თქმა უნდა, მცდარი შეხედულებაა.

კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული მცდარი მოსაზრებაა „რაღა დროს ჩემი სამსახურის შეცვლაა“, „რაღა დროს ჩემი განვითარებაა“, „რაღა დროს სიახლეებია“ და ა.შ. ბევრს არ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ ცვლილებების დრო ყოველთვისაა

როდესაც თავს კარგად გრძნობთ კომპანიაში, ამ საკითხსაც სჭირდება ყურადღების მიქცევა. არსებობს Mihaly Csikszentmihalyi-ის “Flow Model”, რომლის მიხედვითაც, შეგიძლიათ, დაასკვნათ რეალურად კარგად ხართ თუ არა სამსახურში. 

ეს მოდელი ორ განზომილებად იყოფა. 

პირველი, ვერტიკალური ღერძი გამოხატავს, თუ რამდენად გეძნელებათ დავალებული სამუშაოს შესრულება. ღერძის ზედა ნაწილი გამოხატავს, რომ ძნელი საქმე გაქვთ და გიჭირთ შესრულება, ქვედა ნაწილი ნიშნავს, რომ საერთოდ არ გიჭირთ. ბუნებრივია, რომ თუ დიდი ხანია ერთი და იგივე საქმეს აკეთებთ, ის, რაც ადრე გეძნელებოდათ ახლა გამარტივდა. 

მეორე, ჰორიზონტალურ ღერძზე არის გამოსახული, რამდენად მაღალი კვალიფიკაცია გაქვთ და რამდენად ახერხებთ მუდმივ განვითარებას. მარცხნივ არის ტერიტორია, რომელიც აღნიშნავს, რომ არ გაქვთ მაღალი კვალიფიკაცია, მარჯვენა მხარე გამოხატავს, რომ მაღალი გაქვთ. 

ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანი ბედნიერია და თავისი საქმის კეთების „მუღამშია“ მაშინ, როდესაც აქვთ მაღალი კვალიფიკაცია და მაინც ერთულება თავისი საქმიანობა, ეს ნიშნავს, რომ მუდმივად ვითარდებით, ახალ გამოწვევებს აწყდებით და „გიწევთ“ კვალიფიკაციის ამაღლება. 

თუ თქვენ თქვენი საქმის პროფესიონალი ხართ და გიმარტივდებათ საქმიანობა, მაშინ ეს მოწყენილობას გამოხატავს, რაც ნიშნავს, რომ კარგ ადგილას არ იმყოფებით. თუ თქვენ არც რთული საქმე გაქვთ და არც მაღალი კვალიფიკაცია, ამას ქვია აპათია. თუ დაბალი კვალიფიკაცია გაქვთ და რთული საქმე დაგევალათ, ეს არის ღელვა. ღელვა ცუდი არაა, იმიტომ, რომ ის არის ერთადერთი გზა, რომელსაც მიყავხართ პროფესიული ბედნიერებისკენ. 

მიუხედავად იმისა, რამდენი ხანია ერთ სამსახურში ხართ, თუ კარგად გრძნობთ თავს შესაცვლელიც არაფერი გაქვთ. არის სიტუცია, როდესაც ადამიანს სიახლეები სჭირდება ცხოვრებაში. ამ დროს კარგია, თუ დამატებით საქმიანობას გამონახავთ, იქნება ეს ჰობი, სწავლა, თუ ახალი პროექტების აღება. ამ დროს თქვენი არსებული სამსახურიც შეიძლება საინტერესო გახდეს და დაკარგული მოტივაციაც აგიმაღლდეთ.  

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ რაღაც გაკლიათ? არ გრძნობთ თავს ბედნიერად? ამ დროს მნიშნველოვანი შეკითხვა უნდა დაუსვათ თქვენს თავს: რისი კეთება გაბედნიერებთ? თუ თქვენ ადამიანებთან ურთიერთობა გაბედნიერებთ, თქვენი ახალი საქმიანობა სწორედ ადამიანებთან უნდა იყოს დაკავშირებული, თუ თქვენ გაბედნიერებთ რთული ტექნიკური დავალებები, მაშინ ამ მიმართულებას უნდა მიჰყვეთ და ა.შ. მოკლედ მთავარი შეკითხვა ის კი არაა, რა გამოგდით კარგად, არამედ ის, თუ რა განიჭებთ სიამოვნებას. თუ თქვენ ცვლილებები გსურთ და გადაწყვეტთ, რომ ისევ ის აკეთოთ, რაც აქამდე კარგად გამოგდიოდათ, არსებობს იმის რისკი, რომ იგივე ჩიხში შეხვიდეთ და რასაც გაურბიხართ ისევ ის ააშენოთ.

 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
16 ნოემბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები