პროექტი - ავტობუსის გაჩერება

პროექტი - ავტობუსის გაჩერება


სავარაუდოდ, ყველა ჩვენგანი მდგარა გაჩერებაზე ავტობუსის მოლოდინში, რომელიც იგვიანებს 5, 10 და 15 წუთითაც კი. ლოდინის დასაწყისში მშვიდად ვუმეორებთ თავს, რომ დაელოდებით ტრანსპორტს, თუმცა ყოველი წუთის გასვლის შემდეგ მოთმინებას კარგავთ და 15 წუთის გასვლის შემდეგ ჩნდება შეკითხვები: ტყუილად ხომ არ ველოდებით?  საერთოდ მოვა ტრანსპორტი? და ღირს საერთოდ ლოდინი? და გვინდება წასვლა, მაგრამ ვერ ვდგამთ ამ ნაბიჯს, რადგან ჩნდება კითხვები, ტყუილად ხომ არ ველოდე? რომ წავალ ეგრევე რომ მოვიდეს? და ა.შ. ამასობაში გადის 20, 25 და 30 წუთიც და საბოლოოდ, როცა მოვა ავტობუსი ჩვენ ბედნიერად ავდივართ ტრანსპორტში და გვგონია, რომ მიზანს მივაღწიეთ. მაგრამ ამ დროს გვავიწყდება, რომ რის გამოც ავტობუსს ველოდებოდით, ანუ შეხვედრაზე მისასვლელად, იმ მიზანს ვეღარ მივაღწევთ, რადგან დავაგვიანეთ. 

ავტობუსის გაჩერებაზე დგომის სინდრომს პროექტებში ხშირად ვხვდებით. ჩვენ იმდენად გართულები ვართ საქმის კეთებაში, რომ გვავიწყდება მთავარი, რისთვის ვმუშაობთ და ვშრომობთ? რა არის ჩვენი საბოლოო მიზანი? ვაღწევთ კი ამ კონკრეტული საქმის კეთებით მიზანს? თუ სჯობს, რომ შევეშვათ ამ საქმეს, რადგან ისეთი შედეგის მომტანი ვეღარ იქნება? იქნებ კურსიდან გადახვევა, ახალი გზების მოძებნა სჯობდეს? იქნებ ავტობუსის ლოდინს სჯობდა ფეხით წასულიყავით? ტაქსში ჩამჯდარიყავით, ან საერთოდ აღარ წასულიყავით შეხვედრაზე, რადგან აზრი აღარ ჰქონდა?

ხშირ შემთხვევაში არც კი ვიცით, რისთვის ვაკეთებთ კონკრეტულ საქმეს. პროცესში გვავიწყდება ვიკითხოთ, სწორია თუ არა იმის კეთება, რასაც ვაკეთებთ. მთავარი ის კი არ არის, რომ ავტობუსს ველოდოთ, მთავარია, იმ შეხვედრაზე არ დავაგვიანოთ, სადაც მივდიოდით. ხშირად საქმის კეთებასა და მთავარ მიზანს შორის არსებული ძაფი გაწყვეტილია. 

თუ ავტობუსის გაჩერებაზე დგომა სასარგებლოა, იდექით, მაგრამ თუ დაინახავთ, რომ რაღაც სწორად არ მიდის, დიდხანს დგახართ ერთ ადგილას, მიზანს ამ საქმის კეთებით ვეღარ მიაღწევთ, მინიმუმ ის შეკითხვა მაინც დაუსვით თქვენს თავს - ისევ რელევანტურია თუ არა გაჩერებაზე დგომა? რამე ხომ არ უნდა შეცვალოთ?  

დროულად შეწყვეტილი პროექტი ითვლება წარმატებულ პროექტად. თავის დროზე თუ მიხვდებით, რომ ის საქმე, რომელსაც აკეთებთ, აღარ არის რელევანტური და აღარ მიგაღწევინებთ მიზნამდე, სჯობს შეწყდეს, ან შეიცვალოს კურსი, ვიდრე ისევ ისე გააგრძელოთ ერთ ადგილას დგომა. 

თქვენ შეიძლება იმდენად მოერგოთ შემსრულებლის როლს, რომ დაგავიწყდეთ საქმიდან თავის ამოყოფა და სრული სურათისთვის თვალის შევლება, დასვათ შეკითხვები სწორია თუ არა იქ ყოფნა სადაც ხართ, სწორია თუ არა იმის კეთება რასაც აკეთებთ? რამე ხომ არ არის შესაცვლელი? 

სწორედ ამიტომ, ჩნდება მეორე საკითხი, სანამ ავტობუსის გაჩერებაზე დადგებით, ანუ სანამ პროექტის კეთებას დაიწყებთ, აუცილებლად დასვით კითხვა, რატომ და რისთვის აკეთებთ ამ საქმეს? ნუ გახდებით თავიდანვე შემსრულებელი და ნუ „აიკაპიწებთ“ ხელებს და დაიწყებთ საქმის ისე კეთებას, თუ არ გეცოდინებათ, რისთვის აკეთებთ ამ საქმეს. 

ხშირ შემთხვევაში თავად დამკვეთებსაც არ აქვთ წარმოდგენილი რაში გამოიყენებენ იმას, რასაც გვიკვეთავენ. შედეგად კი ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოსგან ვერანაირ სარგებელს ვერ ნახავენ და თაროზე შემოდებენ, როგორც მორიგ პროექტს. 

ნუ იქნებით თაროზე შემოდებული პროექტების მკეთებელი. პირველ რიგში, გაარკვიეთ დამკვეთთან, რისთვის გთხოვენ ამა თუ პროდუქტის თუ სერვისის შექმნას. მას შემდეგ, რაც დამკვეთსაც გაარკვევთ სინამდვილეში რისთვის სჭირდებათ ეს პროექტი, გადადით შემსრულებლის როლში და დადექით ავტობუსის გაჩერებაზეც, თუ ამის საჭიროება იქნება.  

თუმცა, საქმის კეთების შუალედებში, ყოველთვის, როცა საჭიროდ ჩათვლით, დაუსვით თავს შეკითხვა, ღირს  საქმის ასე კეთება თუ რაიმე შესაცვლელია? 

არ გაატაროთ დიდი დრო ავტობუსის გაჩერებაზე მაშინ, როდესაც ხედავთ, რომ ავტობუსი არ მოდის და დაიწყეთ ფიქრი ცვლილებებსა და ალტერნატიული გზებზე.  

 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ვანო ნადირაძე — კონტენტის ავტორი
20 ოქტომბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

პროექტის მენეჯერი, როგორც Google Map

რა კავშირში შეიძლება იყოს ერთმანეთთან პროექტის მენეჯერი და Google Map? ამ სტატიაში სწორედ ამ კავშირზე ვისაუბრებთ. . . .

PMP გამოცდის კითხვები

ამ სტატიაში მიმოვიხილავთ თუ როგორი, რამდენი და რა სტრუქტურის კითხვები შეგხვდებათ PMP გამოცდაზე. გამოცდაზე, რომელიც 4 საათის განმავლობაში გრძელდება, ჯამში 200 კითხვას უნდა გასცეთ პასუხი, ყველა მათგანს აქვს 4 სავარაუდო პასუხი და მხოლოდ 1 პასუხი არის სწორი. . . .

როგორ შევავსოთ PMP აპლიკაცია

ჩვენი კვლევის მიხედვით, რა დროსაც გამოვკითხეთ 200 ადამიანი, რომელსაც ჰქონდა პროექტების მართვის გამოცდილება. კვლევის შეკითხვა მდგომარეობდა შემდეგში, რატომ არ ჰქონდათ PMP სერტიფიკატი? 100-მა ადამიანმა განაცხადა, რომ უბრალოდ არ უნდოდათ ეს სერტიფიკატი, ხოლო მეორე ნახევართან ორი მიზეზი გამოიკვეთა. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები