ყველა პროექტის დასაწყისშივე მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე სწორად იყოს განსაზღვრული ის პრიორიტეტები, რაც სპონსორს აქვს პროექტის მიმართ.
რომ დავაკონკრეტოთ, პრიორიტეტები განისაზღვრება სამი მახასიათებლის მიხედვით - დრო, რესურსები და ხარისხი. ანუ ყველას უნდა რომ პროექტი გაკეთდეს სწრაფად, იაფად და ხარისხიანად. თუმცა ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ სამივეს შესრულება უტოპიაა, სწორედ ამიტომ დამკვეთთან სწორი კომუნიკაციის შედეგად, თავიდანვე უნდა ვიცოდეთ, რომელი უფრო პრიორიტეტულია სისწრაფე, სიიაფე თუ იმ პროდუქტის საბოლოო ხარისხი, რომელიც უნდა მივცეთ დამკვეთს.
კითხვაზე, თუ რომელი ნაწილი უფრო პრიორიტეტულია, ყოველთვის მივიღებთ პასუხს რომ სამივე. ანუ პირდაპირ რომ კითხოთ სპონსორს ამ სამი კომპონენტიდან რომლის შესრულებას ისურვებდნენ, აუცილებლად იტყვის, რომ სამივეს მიღწევა სურს. ეს ბუნებრივია და ჩვენც ვიცით, რომ სამივე მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მეტად მნიშვნელოვანი რომელია დამკვეთთან და სპონსორებთან ერთად უნდა დავსახოთ.
სწორედ ამიტომ, სწორი ფორმულირებით კომუნიკაცია აუცილებელია. როდესაც ამ კითხვას ვსვამთ სპონსორთან აუცილებელია გავითვალისწინოთ და წინასწარ ვიცოდეთ, რომ თუ ჩვენ გვინდა სწრაფად და იაფად რაღაცის მიღება მაშინ უმაღლეს ხარისხს ვერ მივიღებთ, თუ ჩვენ გვინდა სწრაფად და ხარისხიანად მაშინ ძვირი დაჯდება და იაფად და ხარისხიანად კი შეიძლება დროში გაიწელოს. ანუ გამოდის, რომ რაღაც დასათმობია. ყველამ რეალურად კარგად იცის, რომ სამივე კომპონენტი შესრულებადი არ არის, თუმცა კონკრეტული კითხვებით კონკრეტული პასუხების მიღება პროექტის დასაწყისშივე კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
თუ იცით, რომ სწრაფად უნდათ შედეგის მიღება მაშინ ხარისხი ან რესურსები უნდა დათმონ. იაფად თუ უნდათ ხარისხის მოთხოვნა ნაკლებად უნდა ჰქონდეთ და ა.შ. პროექტის მენეჯერს უნდა ჰქონდეს ხელმოსაკიდი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელი კომპონენტი დათმოს პროდუქტის შექმნისას.
დღევანდელ რეალობაში ხშირია შემთხვევა, რომ ყველას ყველაფერი „გუშინ“ უნდა. თითქოს ყველამ იცის, რომ ესე არ გამოდის, გუშინ ორ ლარად ოქროს კოშკებს ვერავინ ააშენებს, მაგრამ მაინც საჭიროა ამ საკითხის განხილვა ყველა დამკვეთთან. გასათვალისწინებელია, რომ ვინც გვიკვეთავს პროექტს, ხშირად წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე მაქსიმალურად მომთხოვნია. შეიძლება არც სჭირდებათ ასე სწრაფად პროექტის დასრულება, მაგრამ წინა პროექტები დაუგვიანეს და ახლა რეალურზე ნაკლებს დროს გვეუბნებიან და თავს იზღვევენ დაგვიანების შემთხვევაში პროექტი დროულად რომ ჩაბარდეს.
ხშირად ხდება, რომ პროექტის მენეჯერები ღამეებს ათენებენ, თავაუწევლად მუშაობენ და კვირების შემდეგ აღმოჩნდება, რომ სულაც არ იყო ასეთი მუშაობა საჭირო, ასე ძალიან დამკვეთს არ ეჩქარებოდა შედეგების მიღება. ეს ხდება მაშინ, როდესაც წინასწარ არ ხდება დეტალების შეთანხმდება და სწორად განსაზღვრა თუ რა პრიორიტეტები აქვს კლიენტს.
ყველა პროექტის მენეჯერს უნდა ჰქონდეს ამობეჭდილი და გაკრული დოკუმენტი, რომ სწრაფად, იაფად და ხარისხიანად არ გამოდის საქმის კეთება. ყველას უნდა აუხსნას სწორად რომ ასე არ ხდება. როგორ უნდა მივაღწიოთ პრიორიტეტების სწორად დასახვას? მუდმივი კომუნიკაციით, ბევრი კითხვის დასმით, ალტერნატივების ჩვენებით და სპონსორებისგან მაქსიმალური ინფორმაციის მიღებით.