რა აპლიკაციებს ვიყენებ

რა აპლიკაციებს ვიყენებ


სოციალურ ქსელების შემთხვევაში ყველაზე აქტიურად youtube-ს. ამ აპლიკაციის საშუალებით ბევრ რამეს ვსწავლობ. გარდა ამისა Facebook-ს საკმაოდ ინტენსიურად ვიყენებ, ვაქვეყნებ პოსტებს და ვცდილობ აქტიური ვიყო.  ჩემი სანაცნობო წრის დიდი ნაწილი არის Facebook-სა და Linkedin-ზე, ეს უკანასკნელი უფრო პროფესიული კუთხით გამოიყენება. ჩემი ნაცნობების შესახებ ძირითად სიახლეებს სწორედ ამ სოციალური ქსელებიდან ვიგებ. ე.წ. ფიდი ჩემს გემოზე მაქვს მორგებული და ბევრი უინტერესო გვერდი დამალული (დაჰაიდებული) მაქვს. ამიტომ, როდესაც ფეისბუქზე შევდივარ ძირითადად ვხედავ საინტერესო სტატიებს და ჩემი ნაცნობების მიერ გაზიარებულ ამბებს. ვცდილობ ფეისბუქზე  მხოლოდ პირადი მეგობრები მყავდეს. ლინკდინზე უფრო თავისუფალი სტანდარტი მაქვს. 

აქტიური მომხმარებელი ვარ Tiktok-ის. ამ აპლიკაციის მოკლე ვიდეოები ოქროს რესურსია. უფრო ხშირად თავისუფალ დროს ტიკტოკს ვსქროლავ ვიდრე ფეისბუქს.  

შემდეგი კატეგორია არის წიგნების საკითხავი აპლიკაციები. ქაღალდის წიგნი არ წამიკითხავს წლებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში ვყიდულობ წიგნს თუ ონლაინ წავიკითხე ძალიან მომეწონა და მინდა, რომ მქონდეს. საკითხავად Kindley-ს აპლიკაციას ვიყენებ. ასევე აქტიური მომხმარებელი ვარ Blinkist-ის და 12MIN-ის, სადაც განთავსებულია საქმიანი ლიტერატურის შემოკლებული ვერსიები. 

ამ აპლიკაციების გამოყენება საშუალებას მაძლევს მუდმივად მქონდეს განახლებული ინფორმაცია ახალ წიგნებზე. მოვუსმინო ან წავიკითხო სხვადასხვა წიგნის შემოკლებული ვერსია და დაინტერესების შემთხვევაში შევიძინო სრული წიგნი. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება მხატვრულ ლიტერატურას, თუმცა ამასაც ყოველთვის ელექტრონულად ვკითხულობ. 

აქტიურად ვიყენებ 4 ჩატს - Facebook messanger, WhatsApp, Viber და Telegram.  

და ბოლოს, ჩემი ინსტრუმენტების სიას შეემატა ChatGPT. შეიძლება ითქვას, რომ გატაცებული ვარ მასთან საუბრით. მაგალითად, ლექციის დასაწყისში სტუდენტების დასანახად ყოველთვის ვეკითხები ChatGPT-ის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები რა არის გაყიდვებში, ყველაზე კარგი სავარჯიშო რა არის კონკრეტულ თემაზე და ა.შ. არ უნდა წარმოვიდგინოთ რომ ეს არის ჩემი ჩამნაცვლებელი, რაღაცებს კი ჩაანაცვლებს აუცილებლად, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის თქვენი დამხმარე. ხოლო იმისთვის, რომ სწორად გამოიყენოთ უნდა შეხვიდეთ ახლო კონტაქტში და შეისწავლოთ კარგად. 

 მინდა რამდენიმე რჩევა მოგცეთ პროდუქტიულობის სისტემასთან დაკავშირებით. 

პირველი, ნებისმიერი ინსტრუმენტი იქნება ეს ლეპტოპი, ბლოკნოტი თუ სმარტფონი, აუდიტი ჩაატარეთ 1-2 წელიწადში ერთხელ. ყოველთვის უნდა იცოდეთ კონკრეტულ კატეგორიაში რა სიახლეები არსებობს. მაგალითად, დაგუგლეთ Top 10 Task Management Application, Top 10 Pencil, Notebook და ა.შ. იმ სტრატეგიით მუშაობა, რომ რაღაცას შეეჩვიეთ და მუდმივად მისი დახმარებით მუშაობთ, მცდარია და შესაძლოა თანამედროვეობას ჩამორჩეთ.

მეორე რჩევა, იაფი ნივთები არ იყიდოთ. ძალიან ძვირია იაფი ნივთების ყიდვა. იგულისხმება სოფტიც, კალამიც, ლეპტოპიც და სხვ. ჩემი გამოცდილებით, ჯობს არ გქონდეთ რაღაც ვიდრე გქონდეთ იაფი და უხარისხო. მართალია ყველა შემთხვევაში იაფი ავტომატურად უხარისხოს არ გულისხმობს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს კავშირი არსებობს. ხარისხს მიაქციეთ ყურადღება და შეეცადეთ გამოიყენოთ წამყვანი ინსტრუმენტები.

არ დაელოდოთ კომპანიას, თქვენი ფული დახარჯეთ. ინსტრუმენტებში არის კონკურენტული უპირატესობა. მაგალითად, თუ კომპანია შედარებით ბიუჯეტურ ლეპტოპებს გყიდულობთ, თქვენ შეეცადეთ რომ უკეთესი გქონდეთ. რომელიც უპირატესობას მოგცემთ, საკუთარი თავის პიარის კუთხითაც და საქმითაც. 

თუ კომპანია კარგი პროდუქტებით არ უზრუნველყოფს თქვენს მუშაობას, თქვენი ფინანსებით გაიუმჯობესეთ მდგომარეობა. რატომ? შემოსავლის გაზრდა ხომ გინდათ, ამისთვის კი კონკურენტული უპირატესობა გჭირდებათ. ნუ შეხედავთ ამას როგორც ხარჯს, შეხედეთ როგორც ინვესტიციას. 

ინსტრუმენტის შეძენა ერთია და, ასევე, გამოყენება უნდა იცოდეთ. ისწავლეთ ინსტრუმენტის გამოყენება. მაგალითად, ახალგაზრდობაში 6 თვე დავხარჯე, რომ სწრაფად წერა მესწავლა კლავიატურაზე ისე რომ არ მეყურებინა ასოებისთვის. ინსტრუმენტი თავისთავად ვერაფერს გაგიკეთებთ თქვენ თუ დროს არ დახარჯავთ და კარგად არ შეისწავლით. კარგი სოფტები და კარგი ტექნიკა იმიტომ გვინდა რომ მაქსიმალურ პროდუქტიულობას მივაღწიოთ, რაც ცოდნის გარეშე შეუძლებელია. 

და ბოლოს, გყავდეთ თქვენზე მაგარი პროდუქტიული მეგობრები. შემოიკრიბეთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეეკითხებით, დააკვირდებით და მათგან ისწავლით.

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
12 სექტემბერი 2023 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები