რა არის პროდუქტიული ადამიანების ჯადოსნური სიტყვა?

რა არის პროდუქტიული ადამიანების ჯადოსნური სიტყვა?


რა არის პროდუქტიული ადამიანების ჯადოსნური სიტყვა?

ერთ-ერთი, ალბათ ყველაზე ხშირი შეკითხვა რომლისთვისაც პასუხი გაგვიცია არის, როგორ მოვასწროთ ყველაფერი? დარწმუნებული ვართ, რომ ბევრ თქვენგანს აწუხებს ეს საკითხი. ყოველდღიურად ძალიან ბევრი საქმეა, ყველა ჩვენგანი ცდილობს რომ კარიერა და პირადი ცხოვრება ერთმანეთს შეუთავსოს. თუმცა აკეთო საქმე, რომელიც თავისთავად უამრავ დროს მოითხოვს, დრო დაუთმო საკუთარ ჯანმრთელობას, უყურადღებოდ არ დატოვო მეგობრები, ოჯახის წევრები და ნათესავები, განვითარდე კარიერულად, ისწავლო, რა თქმა უნდა უამრავ დროს მოითხოვს, შესაბამისად, ყველა ადამიანის დღის წესრიგში დგას პრობლემა, რომ ეს ყველაფერი მოასწროს.  

კითხვაზე, თუ როგორ ვასწრებთ ყველაფერს, ჩვენი პასუხია, რომ ვერ ვასწრებთ.  რეალურად კი, ვერც ვერავინ ასწრებს. საქმე ბევრია, დრო კი შეზღუდული. იმის ილუზია, რომ ყველაფერი მოესწრება და ყველაფერს შესაბამის ყურადღებას დაუთმობთ ნუ გექნებათ.  თუ ყველაფრის მოსწრების მცდელობა სწორი ამოცანა არ არის, მაშინ რა უნდა იყოს ჩვენი ამოცანა?

პირველ რიგში უნდა დავსახოთ პრიორიტეტები და ავარჩიოთ რა მოვასწროთ, შემდეგ კი არჩეულ საკითხებზე ვიმუშაოთ.  

მოკლედ, უნდა ჩამოვყალიბდეთ რისი მოსწრება გვინდა და რა ვერ მოხვდება ამ სიაში. რის მოსწრებასაც გადაწყვეტთ, გასაგებია, რომ შესაბამისად უნდა განაგრძოთ ნაბიჯების გადადგმა. ხოლო, რის მოსწრებასაც არ ვაპირებთ სწორედ ეს არის საინტერესო, აქ როგორ ვიქცევით.  

როდესაც დამწყებ მენეჯერებს ვურჩევთ, რომ რაღაცებზე არჩევანი გააკეთონ, რომ არ/ვერ მოასწრონ, გაკვირვებულები რჩებიან, როგორ შეიძლება ესე უბრალოდ რაღაც საქმის გაკეთებაზე უარი თქმა. საქმე კი იმაშია, რომ საბოლოო ჯამში რაღაც საქმეები, რომლებზეც პირობა დადეთ, რომ გააკეთებდით, გაუკეთებელი დაგრჩებათ. ამიტომ რჩება ორი ვარიანტი, ერთი რომ 100 საქმე დავივალოთ და აქედან 20 მივიყვანოთ ბოლომდე, დარჩენილ 80-ზე დრო გექნებათ დახარჯული, მაგრამ ბოლომდე ვერ მიიყვანთ, საბოლოო ჯამში მადლობასაც ვერ მიიღებთ და პირიქით საყვედურიც შეიძლება დაიმსახუროთ, რომ დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულეთ, ბონუსად, კი ფრაზაც შეიძლება მოისმინოთ, რომ თუ ვერ ახერხებდით შესრულებას, რატომ ივალებდით. სწორედ აქ მივდივართ იმ ჯადოსნურ სიტყვამდე, რომელიც პროდუქტიულმა ადამიანებმა საკუთარი გამოცდილებით ისწავლეს, რომ საჭირო მომენტებში უნდა თქვან არა. სამწუხაროდ არა, დღეს არ გამომივა, ვერ შევძლებ, ამ ეტაპზე დაკავებული ვარ და ა.შ. მაქსიმალურად დიპლომატიურად და თავაზიანად უნდა შეგეძლოთ უარის თქმა.  

ბევრი საქმის საკუთარ თავზე აღებით ბევრ ადამიანს დატოვებთ კმაყოფილს, მხოლოდ დაპირების ეტაპზე, ხოლო, როდესაც შესრულების ეტაპზე გადახვალთ ამ ადამიანების უმეტესობას იმედგაცრუებულს დატოვებთ. ამიტომ, ჯობს, რომ თავიდანვე აუხსნათ თუ რატომ ეუბნებით უარს, შეიძლება ამით ვინმეს აწყენინოთ, მაგრამ რეპუტაციის შელახვას, რომ დაპირებულ საქმეს ვერ აკეთებთ და თან იმედს უცრუებთ ადამიანს, ჯობს რომ თავაზიანი უარით თავიდანვე „დაწყვიტოთ გული“.

გვესმის, რომ თქვენ როდესაც ყველას ჰპირდებით რაღაცას, ამით ცუდი განზრახვა არ გაქვთ და, პირიქით, მათი სიამოვნება გსურთ, მაგრამ ჯობს რეალობას თვალებში ჩახედოთ და მხოლოდ იმდენი რამ აიღოთ თქვენს თავზე, რის შესრულებასაც შეძლებთ.  

ნუ დაჰპირდებით ნათესავებს, რომ მათ მოინახულებთ, თუ იცით, რომ ამის დრო და საშუალება არ გაქვთ, ქუჩაში შემხვედრ მეგობარს ნუ დაჰპირდებით რომ შეეხმიანებით, როცა იცით, რომ ამ დაპირებას ვერ შეასრულებთ. საბოლოოდ მათაც ნაწყენს დატოვებთ და თქვენი თავითაც უკმაყოფილო იქნებით, რომ ვერაფერს ასწრებთ.  

რომ შევაჯამოთ, რეალობა არის ის, რომ ვერანაირად ვერ მოასწრებთ ყველაფერს, აირჩიეთ პრიორიტეტული საკითხები და მოასწარით ისინი, დანარჩენებზე კი ზრდილობიანად და შესაბამისი ახსნით თქვით უარი.

თქვენ რამდენად ხშირად ამბობთ უარს? და როგორ ფიქრობთ, ამართლებს თუ არა ეს მიდგომა?  

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
5 ოქტომბერი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები