რა ინსტრუმენტები დამჭირდება წარმატებისთვის 21-ე საუკუნეში?

რა ინსტრუმენტები დამჭირდება წარმატებისთვის 21-ე საუკუნეში?


რა უნარებზეა საუბარი?

ამ სტატიის ერთ-ერთი დასაყრდენი არის დოკუმენტი 21-ე საუკუნის უნარები, რომელიც განიხილავს თანამედროვე ადამიანისთვის საჭირო უნარებს. 

არ იფიქროთ, რომ ტექნოლოგიების სპეციალისტზეა საუბარი. ეს უნარები უნდა ჰქონდეს ექიმსაც, იურისტსაც, მარკეტოლოგსაც და მხატვარსაც.

ყველამ ვიცით, რომ წერა-კითხვა არ არის საჭირო დარგების მიხედვით, ის ყველა ადამიანს სჭირდება ისევე, როგორც სოციალური მედიის მოხმარების ცოდნა. 

შევეცდებით თითოეულ თემას მოკლედ შევეხოთ. 

პირველი, რაზეც გვინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილოთ, არის სამუშაო გარემო/ადგილი. უკვე დიდი ხანია ძვირადღირებული ტყავის სამეული, დივანი და სავარძლები, ძვირადღირებული მონიტორების, მიკროფონების და ტექნიკური აღჭურვილობის საჭიროებამ ჩაანაცვლა. იმისათვის, რომ შეხვედრას დაესწროთ,  კამერაში კარგად ჩანდეთ და თქვენი ხმა გარკვევით ისმოდეს, აუცილებლად უნდა აღჭურვოთ და საჭიროებისამებრ განაახლოთ თქვენი სამუშაო გარემო.

მოკლედ, კარგია დიდი მონიტორი და არა კარგი ძვირადღირებული ტყავის სავარძელი. დღეს უკვე ყველას ყოველდღიურად ონლაინ აქვს შეხვედრები და ნუ ჩათვლით, რომ თქვენს პროფესიონალიზმზე უარყოფითად არ აისახება, თუ თქვენს დანახვასა და მოსმენას ვერ შეძლებენ.  

მეორე, არის მოწყობილობები. ის დრო, როდესაც ფუფუნება იყო კარგი მობილური ან ლეპტოპი, წარსულს ჩაბარდა და დღეს გამართული მოწყობილობების ქონა  აუცილებლობაა. ის ფაქტი, რომ თქვენი ლეპტოპი ნელა მუშაობს და დაძველდა, ეს თქვენი პრობლემაა და არა დამკვეთის, რომელსაც სათანადოდ და სრულყოფილად ვერ შეუსრულებთ სამუშაოს. 

Cloud storage-ის აუცილებლობა - საუბარია, რომ თქვენი მონაცემები, კონტაქტები, მეილები და სხვა საჭირო მონაცემები შენახული უნდა იყოს სერვერებზე, იმისთვის, რომ არ დაკარგოთ ეს ყველაფერი მოწყობილობის ცვლილებასთან ერთად. ჩვენს დროში მობილური დავკარგე და ტელეფონის ნომრები დამეკარგა არის მხოლოდ არაპროფესიონალიზმის გამოვლინება. 

არ დაგავიწყდეთ მობილობის მნიშვნელობა. ოფისში მივალ და ფაილებს ჩავხედავ ეს ფრაზა მე-20 საუკუნეში დარჩა. თქვენ თან უნდა გქონდეთ თქვენი მოწყობილობა, იქნება ეს მობილური თუ ტაბლეტი და უნდა შეგეძლოთ ნებისმიერი ინფორმაციის, ფაილის, ინვოისის მარტივად გაზიარება საჭიროების შემთხვევაში.  

აუცილებლად უნდა ვახსენოთ კარგი ინტერნეტის საჭიროება. თუ თქვენ ინტერნეტის გამო ონლაინ შეხვედრებზე დასწრების შეფერხება გაქვთ, ეს თქვენი პრობლემაა, თქვენ არ მოისურვეთ, რომ კარგი ინტერნეტი გქონოდათ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ როდესაც მაგთის ან სილქნეტის ინტერნეტს აყენებთ, ისინი ყველაზე დაბალფასიან მოწყობილობას აყენებენ, რომელმაც შეიძლება, შეაფერხოს თქვენი ინტერნეტის მუშაობა, ამიტომ თქვენ აუცილებლად უნდა შეიძინოთ უკეთესი მოწყობილობა. რიგ შემთხვევებში ონლაინ შეხვედრებს არა wifi-თ, არამედ ინტერნეტ კაბელის გამოყენებით უნდა დაესწროთ. 

თქვენი უნარები უნდა განავითაროთ კიბერ უსაფრთხოების მიმართულებითაც. რამდენად ხართ გარკვეული, რა საშუალებები არსებობს, რისი გაკეთება შეიძლება და არ შეიძლება ამ მიმართულებით? მაგალითად, თუ ყველგან ერთნაირი პაროლი გაქვთ  და ისიც თქვენი დაბადების თარიღს ემთხვევა, დანარჩენ უსაფრთხოებას აზრი ეკარგება. 

თქვენი დრო უნდა დაუთმოთ ცოდნის მიღებას იმის შესახებ, თუ როგორ დაიცვათ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციები, არ დაკარგოთ, სხვამ არ მოგპაროთ და ა.შ. 

შემდეგი ასპექტია სწავლება. ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ონლაინ სწავლებას ვერ „დაუმუღამეს.“ თუ თქვენ ამის შესაცვლელად არაფერს იზამთ, გარკვეული დროის შემდეგ ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, რადგან სწავლის პროცესი ნელ-ნელა მთლიანად ონლაინ რეჟიმზე გადადის. 

დასაწყისისთვის დაუთმეთ დრო 5-10 წუთიან შემეცნებით ვიდეოებს. პატარ-პატარა სწავლებები მხოლოდ ონლაინ არის შესაძლებელი. ზოგი ადამიანი, მაგალითად,  მანქანაში აუდიოწიგნებს უსმენს და საცობში დგომა სწავლის პროცესად აქციეს. 

პროფესიული ნეთვორქინგიც გადადის ციფრულ სამყაროში. ხალხის მოკითხვა, ახალი ადამიანების გაცნობა, ურთიერთობების ჩამოყალიბება ონლაინ ხდება და ამის შესაძლებლობებიც უფრო და უფრო იმატებს. ჩნდება ახალი აპლიკაციები, სოციალური ქსელები და თქვენ, როგორც თანამედროვე ადამიანი ვალდებულიც კი ხართ, ფეხი აუწყოთ ამ პროცესებს. 

გახსოვთ ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე ვერ აითვისეს ახალი ტექნოლოგიები, ახალი სოციალური ქსელები? ისინი, ფაქტობრივად, ჩამორჩნენ განვითარებას. ნუ დაემსგავსებით მათ.  

და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ კარგად ყოფნა. თქვენ თუ ვერ შეძლებთ ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებას, განსაკუთრებით სახლიდან მუშობის პერიოდში, ყველაფერს აზრი დაეკარგება. ეკრანთან გატარებული დროის ზრდასთან ერთად, უფრო მნიშვნელოვანი ხდება, პროდუქტიულობის შენარჩუნების უნარი. 

 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
16 ნოემბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები