რა ვქნა, როცა სამსახურში რამე არ მომწონს

რა ვქნა, როცა სამსახურში რამე არ მომწონს


პირველ რიგში, დაუსვით თქვენს თავს შეკითხვა, სამსახურში თუ არის ისეთი რამ, რაც არ მოგწონთ. იქნება ეს ვინმეს ქცევა, საქმიანობა, პროცედურები, დავალებები თუ ა.შ.

თუ გულახდილად უპასუხებთ ამ შეკითხვას, აუცილებლად აღმოაჩენთ, რომ საკმაოდ ბევრი რამ არ მოგწონთ. 

თქვენივე დაარსებულ კომპანიებშიც შესაძლოა, რომ რაიმე არ მოგწონდეთ. 

ფაქტობრივად, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც სამსახურში ყველაფერი მოსწონს. იგივენაირად არიან თქვენი თანამშრომლები, ხელმძღვანელები თუ კოლეგები - "ფლომასტერის" ტრენინგების მონაწილეებსაც ამას ვეუბნებით. 

მაგრამ მთავარი განსხვავება არის ის, თუ რას აკეთებენ ეს ადამიანები, როცა ხარვეზებს ხედავენ. 

სტატიაში სწორედ ამაზე გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ.

სულ არსებობს 4 გზა, რომელიც შეუძლია აირჩიოს ადამიანმა, როდესაც სამსახურში რამე არ მოსწონს. 

პირველი არის "ომის გმირის" გზა. ქცევა, როდესაც არ ეგუებით იმ რაღაცას, რაც არ მოგწონთ, იქნება ეს პროცედურა, სტანდარტი, მენეჯერის ქცევა და ა.შ. 

"ომის გმირები" იბრძვიან ორგანიზაციის შესაცვლელად და გასაუმჯობესებლად. დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანი ყოფილა "ომის გმირი" და დამეთანხმებით, რომ ეს ძალიან ძნელი საქმიანობაა. ამ გზის მთავარი ნაკლია ის, რომ გმირის სტატუსი ადამიანს „სიკვდილის“ შემდეგ მიენიჭება. ამ შემთხვევაში, ადამიანები, რომლებიც ძალიან აქტიურად იბრძვიან ცვლილებისთვის, მათივე სასიკეთოდ შეეწირებიან ხოლმე ამ ბრძოლას. აქ იგულისხმება სამსახურიდან წასვლა, რადგან "ომის გმირების" გზა ხშირ შემთხვევაში სწორედ ასე სრულდება. თქვენი ბრძოლით შეიძლება ვერ მიაღწიეთ შედეგებს, თუმცა მას შემდეგ, რაც წახვედით გარემო შეიცვალა. 

"ომის გმირები" არიან უძვირფასესი ხალხი. თუ კომპანია მიიწევს წინ, ეს სწორედ მათი დამსახურებაა. მათ ხმის ამოღების არ ეშინიათ, ისინი არ ჩურჩულებენ და არ ჭორაობენ. ისინი მენეჯერებს ხმამაღლა ელაპარაკებიან პრობლემებზე.

მეორე სტრატეგიაა, "შრომის გმირი". ეს აბსოლუტურად განსხვავებული ქცევაა. ეს ადამიანები ხედავენ პრობლემას, ხვდებიან, რომ პრობლემები ყველა სამსახურში არსებობს. თუმცა, მისთვის ეს პრობლემები არც ისე მძიმეა, რომ ვერ შეეგუონ. საბოლოოდ კი უბრალოდ ამ სიტუაციაში აგრძელებს მუშაობას. 

ეს ადამიანები ინარჩუნებენ ბალანსს ორგანიზაციაში, ისინიც გმირები და დასაფასებლები არიან, რადგან სწორედ მათი დამსახურებით ინარჩუნებს ორგანიზაცია სტაბილურობას. 

მესამე კატეგორიას "დროულად წასულები" ჰქვიათ. ამ ხალხმა ან იბრძოლა, ან არა. ან "ომის გმირი" იყო, ან "შრომის გმირი" და მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა პრობლემები და უბრალოდ წავიდა ორგანიზაციიდან. წასვლაში ხმაურიანი პრობლემური წასვლა არ იგულისხმება. უბრალოდ დაემშვიდობა კომპანიას პოზიტიურად. 

ორგანიზაციიდან წასვლა არც ღალატია და არც უბედურება. ამიტომ თუ ვინმე ამ გზას დაადგა, ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივია. "ომის გმირები" და "შრომის გმირები" ორგანიზაციისთვის ძვირფასი კადრები არიან, მაგრამ წამსვლელი ხანდახან წასვლითაც კარგ საქმეს უკეთებს კომპანიას. როგორც უკვე ვახსენეთ, ომის გმირებიც მიდიან და მათი წასვლის შემდეგ სწორდება ის პრობლემები, რისთვისაც იბრძოდნენ.  

მეოთხე კატეგორიას ვუწოდებთ "კურილკის ლომს". ეს არის ერთადერთი კატეგორია, რომელიც არ არის ღირსეული და პოზიტიური. ამიტომ მინდა ამაზე ყურადღება გაამახვილოთ. რას აკეთებს "კურილკის ლომი"? ხმას არ იღებს, "ომის გმირების" გზას არ ადგას, მენეჯერთან არ საუბრობს, არც ეგუება პრობლემებს. წასვლას არ განიხილავს, რადგან თავისი კომფორტი აქვს მოწყობილი ან წასასვლელი არ აქვს. 

რას აკეთებს? ელოდება ხელფასის დღეს, ხელფასით იყიდის ლუდს ან ყავას და თავისი ნაცნობების წრეში ლანძღავს ამ ხელფასის გადმომრიცხავს, ანუ ორგანიზაციას. ეს არის ადამიანი, რომელიც ჩუმ-ჩუმად, მენეჯმენტის  ზურგს უკან „აგვარებს“ პრობლემებს. ეს არის ყველაზე ცუდი სტრატეგია.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც გაუაზრებლად იქცევიან ასე და ეს საქციელი არ ჰგონიათ პრობლემა.

დაფიქრდით, თქვენ რომელ ჯგუფს მიეკუთვნებით. თუ რამე არ მოგწონთ სამსახურში, პირველი სამი სტრატეგია განიხილეთ. ზურგს უკან ლაპარაკით პირველ რიგში საკუთარ თავს დააზარალებთ. 

 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
9 მარტი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები