რამ უნდა გვამოძრაოს ყოველდღიურ ცხოვრებაში, დისციპლინამ თუ მოტივაციამ?

რამ უნდა გვამოძრაოს ყოველდღიურ ცხოვრებაში, დისციპლინამ თუ მოტივაციამ?


გერმანიაში არსებობს ანეკდოტი გუგულიან საათზე. ამბობენ, რომ იქ ასეთი საათი სხვანაირად მუშაობს, საათში ერთხელ, როდესაც გუგული გამოდის ამბობს ფრაზას: შრომა და დისციპლინა. 

გვესმის, რომ გერმანელებისგან განსხვავებით, ქართველებს დისციპლინა უფრო რთულად გვეჩვენება, თუმცა ამ სტატიაში ეთნიკურ თავისებურებებს არ განვიხილავთ.

თუ დისციპლინას შევხედავთ, როგორც ერთეულ შემთხვევას, გარწმუნებთ, რომ ამის გამომუშავება შესაძლებელია. 

რაში გვჭირდება და როგორ შეგვიძლია დისციპლინის გაუმჯობესება თუ გამომუშავება?  

პირველი, მოტივაცია და დისციპლინა, ფაქტობრივად, თანხვედრაში მუშაობენ. ჩვენ ვამბობთ, რომ ისინი ერთი და იგივე საქმეს ემსახურებიან. წარმოიდგინეთ გასასწორებელი ფიცარი, რომელსაც ერთი მხრიდან აწვება დისციპლინა, მეორე მხრიდან მოტივაცია, ისინი ერთმანეთის საწინააღმდეგოდ კი არ მუშაობენ, არამედ ერთ საქმეს ემსახურებიან.

ყველამ ვიცით, რომ როცა ადამიანი მოტივირებულია, უფრო ლაღად და სწორად მიდის სამუშაო პროცესი. თუმცა სულ მოტივირებულები ვერ ვიქნებით და ვერც ისე ვიზამთ, რომ მაშინ ვიმუშაოთ, როცა მოტივაცია გვაქვს.  

არავის აქვს იმის დრო და ფუფუნება, რომ მოტივაციას მუზასავით ელოდოს, არსებობს ბევრი გარემო ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის ჩვენს მოტივაციას. სწორედ აქ შემოდის დისციპლინა. 

როდესაც მოტივაცია ნაკლებია, სწორედ ამ დროს ის დისციპლინით უნდა ჩაანაცვლოთ, დააძალოთ თავს მუშაობა, ვარჯიში თუ სხვა აქტივობა. ამბობენ, ხელოვანებში მუზა მუშაობის დროს მოდისო. ხშირად გაგიგიათ ალბათ, რომ მწერლები თუ მხატვრები წლობით ელოდებიან მუზას, თუმცა უშედეგოდ. თუ არ დაიწყებთ მუშაობას, მოტივაციაც ნაკლები გექნებათ.

რა თქმა უნდა, მთავარი ამოცანა მოტივაციის ქონაა, მის გარეშე არაფერი გამოვა, როგორი ძლიერი დისციპლინაც არ უნდა გქონდეთ.  მეორე მხრივ, მოტივაცია რომ გქონდეთ და დისციპლინა არა, მაშინ მასაც დაკარგავთ. 

დისციპლინა არ არის თანდაყოლილი თვისება, ეს არის გამომუშავებადი. ამიტომ არ გეგონოთ, რომ თუ ბავშვობაში არ გქონიათ დისციპლინა მერე ვეღარ გამოიმუშავებთ. 

როგორ უნდა გამოვიმუშაოთ? თავს დავაძალოთ იმის კეთება, რისი კეთების მოტივაციაც ხანდახან გვაქვს. მაგალითად, ძალიან გიყვართ ვარჯიში, მაგრამ კონკრეტულ დღეებში გეზარებათ, მოტივაცია არ გაქვთ, სწორედ ამ დროს უნდა გამოიჩინოთ დისციპლინა და დააძალოთ თავს სირბილი, აუცილებლად შეატყობთ, რომ ვარჯიშის პროცესში მოტივაციაც მოგემატებათ.  

ზუსტად იგივე ხდება ყველა საქმეში, მანამ დააძალეთ თავს საქმის კეთება, სანამ ნამდვილი მოტივაცია არ მოვა. 

ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩატარდა მასშტაბური კვლევა, რა დროსაც პატარა ბავშვებს წინ დაუდეს ზეფირი და უთხრეს, რომ თუ 15 წუთის განმავლობაში არ შეჭამდნენ, მეორესაც მიიღებდნენ საჩუქრად, თუ მოთმინებას ვერ გამოიჩენდნენ და დროზე ადრე შეჭამდნენ, მაშინ მეორეს ზეფირს ვეღარ მიიღებდნენ. 

მოგეხსენებათ, ბავშვისთვის, რომელსაც წინ საყვარელი ტკბილეული უდევს, 15 წუთი ძალიან დიდი დროა, ამიტომ ზოგისთვის თავის შეკავება რთული აღმოჩნდა. ექსპერიმენტში მონაწილე ბავშვებს აკვირდებოდნენ შემდეგი 30-40 წლის განმავლობაში. შედეგად აღმოაჩნეს, რომ ყველა ვინც დაელოდა 15 წუთის გასვლას უფრო მაღალი ნიშნები ჰქონდათ სკოლაში, უფრო მაღალ თანამდებობებზე და უფრო წარმატებულები არიან, ვიდრე ის ბავშვები, რომლებმაც ვერ მოითმინეს. 

დისციპლინა და მოთმინება განუყრელები არიან. ეს თვისებები  ჩვენი წარმატებული ცხოვრების ძალიან სერიოზული განმსაზღვრელია. თქვენ გაიზარდეთ და ზეფირი შეიძლება იყოს ფული, რომლის სწორად ხარჯვა უნდა იცოდეთ, საქმის კეთება, რომელის სურვილი ხშირად შეიძლება არ გვქონდეს, მაგრამ საჭიროა დისციპლინა.  

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
9 დეკემბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები