რამდენად მოთხოვნადი ხართ შრომის ბაზარზე

რამდენად მოთხოვნადი ხართ შრომის ბაზარზე


ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა სამსახურეობრივ წარმატებასთანაა დაკავშირებული. 

სტატიაში შემოვიტანთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან შეკითხვას - გაქვთ თუ არა წასასვლელი, ანუ სხვა ალტერნატივა? თუმცა ეს ორი შეკითხვა ერთმანეთთანაა დაკავშირებული. თუ თქვენ გაქვთ წასასვლელი, ე.წ. "ზურგი", მაშინ თქვენ დიდი ალბათობით ბაზარზე მოთხოვნადი კადრიც ხართ. გარდა ამისა, წასასვლელი საჭიროა იმისთვის, რომ თამამად შეძლოთ ხმის ამოღება და სიმართლის თქმა, თუ ამის საჭიროება დადგება.   

როგორ უნდა გაიგოთ, ხართ თუ არა ბაზარზე მოთხოვნადი? ამისთვის სამ ძირითად შეკითხვას უნდა გასცეთ პასუხი. 

1. რა ცოდნა და უნარები გაქვთ ისეთი, რომელიც შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს? იმისათვის, რომ ამ შეკითხვას სწორად გასცეთ პასუხი, ორ სხვადასხვა საკითხზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება. პირველი, უნდა იცოდეთ ბაზრის მოთხოვნები, ელაპარაკოთ პროფესიონალებს, თანამშრომლებს, მეგობრებს, რომ გაიგოთ რას ითხოვენ, ვის ეძებენ, როგორი უნარების ადამიანი სჭირდებათ და ა.შ. და მეორე, თქვენ ნელ-ნელა უნდა განვითარდეთ ისე, რომ ბაზრის მოთხოვნებს პასუხობდეთ. არ ჩათვალოთ, რომ ეს თქვენივე პროფესიის დახვეწას, გაუმჯობესებას ნიშნავს. ლაპარაკია ახალი, განსხვავებული უნარების შეძენაზე. არსებობენ მედიკოსები, რომლებიც ტექნოლოგიურ განათლებას იღებენ, არიან პროექტების მენეჯერები, რომლებიც HR მიმართულებით ვითარდებიან და ა.შ. 

21-ე საუკუნის ადამიანი საშუალოდ 6-ჯერ იცვლის პროფესიას, ამიტომ მხოლოდ ერთი მიმართულებით ნუ იქნებით პროფესიონალი, ასე ბაზრის მოთხოვნებს ვერ დაეწევით. თუ გინდათ, რომ წარმატებული იყოთ, მუდმივად ეცადეთ, მრავალმხრივ განივითაროთ უნარები. 

გირჩევთ, რომ ფურცლის ერთ მხარეს ჩამოწეროთ ბაზრის მოთხოვნები და მეორე მხარეს თქვენი უნარები, რითაც მარტივად დაინახავთ სურათს, თუ რამდენად პასუხობთ ბაზრის მოთხოვნებს. 

2. გახსოვდეთ, რომ ყველაზე კარგ პროდუქტსაც სჭირდება მარკეტინგი. რას აკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ შესახებ გაიგონ სხვებმა? როგორ იჩენთ თავს? ვისთან გაქვთ კომუნიკაცია? თუ მხოლოდ თქვენმა მეგობრებმა და რამდენიმე თანამშრომელმა იცის თქვენი ცოდნისა და უნარების შესახებ, ბევრს ვერაფერს გახდებით. ძალიან მნიშნველოვანია, საკუთარი თავის მარკეტინგი შეგეძლოთ. თქვენი ცოდნისა და უანრების რეკლამირება მრავალი გზით შეიძლება, იქნება ეს ბლოგ პოსტების შექმნა, ვლოგის წარმოება, ტრენერობა, სოციალურ პროექტებში ჩართულობა. მიაქციეთ ყურადღება, თუ როგორ "იგუგლებით". თუ თქვენ არ იგუგლებით იმ მიმართულებით რაშიც პროფესიონალი ხართ, ჩათვალეთ, რომ არ არსებობთ. ყველა დამქირავებელი დღეს ონლაინ სივრცეში ამოწმებს თქვენ შესახებ ინფორმაციას.

3. მესამე ნაწილი ეხება პირდაპირ გაყიდვებს. დაფიქრდით, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ძალიან გაწყობთ, რომ იცოდნენ თქვენი უნარების შესახებ. ე.წ. დარგის "ინფლუენსერები", ტრენერები, კონსულტანტები, რომლებიც თქვენ შესახებ ისაუბრებენ საჭირო წრეებში. გააფართოვეთ სანაცნობო წრე, გააცანით თქვენი თავი თქვენს პოტენციურ დამკვეთს სხვა ადამიანის საშუალებით, რომლის რეკომენდაცია თუ რჩევა თქვენ შესახებ საკმარისი იქნება თქვენი პროფესიონალიზმის დასადასტურებლად.

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
20 ოქტომბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები