რამდენი კბილი გაქვთ? სხვადასხვა თაობა სამსახურში

რამდენი კბილი გაქვთ? სხვადასხვა თაობა სამსახურში


რა შუაში შეიძლება იყოს კბილები თაობასთან? ახლანდელ ბავშვებს ე.წ. სიბრძნის კბილები არ ამოსდით, ან ამოსდით მხოლოდ ორი, ან გვიან ამოსდით და იღებენ იმიტომ, რომ არ ეტევათ ეს კბილები ყბაში.

ყბაში შედარებით პატარა ტერიტორია იმიტომ არის, რომ საკვების ცვლილებასთან ერთად ადამიანი ხდება სხვანაირი, ახლანდელ საკვებთან და გარემო პირობებთან ევოლუციურად უფრო შესაფერისი. ძველად უფრო მეტი კბილი იყო საჭირო, რადგან უფრო მეტი საქმე ჰქონდათ ამ კბილებს.

კბილების საკითხზე ბევრს არ ვისაუბრებთ, ეს არის იმის საილუსტრაციოდ, რომ ევოლუცია მუშაობს და ძალიან მოკლე ვადაში იცვლება რაღაცები. პირველ რიგში, ეს ცვლილებები უკავშირდება ტვინს და არა კბილებს. ტვინი კი თაობებს შორის ძალიან განსხვავებულია.

სამსახურის გარემოში რომ გადავინაცვლოთ, 50 წლამდე მენეჯერს როდესაც ჰყავს მილენიალების თაობის წარმომადგენელი 21-27 წლის თანამშრომლები სამსახურში, ფიქრობს რომ თითქოს მისგან და მისი თაობისგან ისინი არაფრით განსხვავდებიან, რადგან ეს სხვაობა გარეგნული/ფიზიკური არ არის. შესაბამისად ჰგონია, რომ ისინიც მისნაირად სწავლობენ, მისნაირად იგებენ რაღაცებს, მისნაირად შრომობენ და უყვართ კომპანია თუ თავისი საქმე. ეს კი იწვევს სერიოზულ გაუგებრობებს.

თითქმის ყოველ დღე ვხვდებით კომპანიების მენეჯერებს, რომლებიც ჩივიან, რომ ახალგაზრდა თაობას ვერაფერს აგებინებენ, რომ მათ ყველაფერი სხვანაირად უნდათ. რეალურად კი კომპანიების სისტემები და მიდგომები ისე მოძველდა, რომ  ჭრიალი დაიწყეს და მალე გატყდებიან.

ის, რაც მოსწონთ და სწორი ჰგონიათ შედარებით უფროსი თაობის თანამშრომლებს, არ მოსწონთ ახალგაზრდებს და პირიქით, ის რაც აინტერესებთ ახალგაზრდებს არ აინტერესებთ უფროსი თაობის წარმომადგენლებს. გამოდის, რომ ერთ კომპანიაში თითქოს ორი სხვადასხვა კომპანია არსებობს.

უფროსი ადამიანები ხშირად იხსენებენ, რომ მათაც ხომ დაიწყეს ახალგაზრდობაში მუშაობა ადამიანებთან, რომლებიც მათზე დიდები იყვნენ და ამხელა ნაპრალი არ ყოფილა.

აქ მხოლოდ ასაკში არ არის საქმე. ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები არიან ინტერნეტის მოქალაქეები, იმ ხანაში დაიბადნენ, როცა ინტერნეტმა და ტექნოლოგიებმა ყველაფერი შეცვალა. მაგალითად, მეხსიერების საჭიროება შემცირდა, თუ უფროს თაობას ამახსოვრდებოდა ტელეფონის ნომრები ახალგაზრდებს არ სჭირდებათ ნომრის ზეპირად ცოდნა.

ასევე, განსხვავდება ამ თაობებს შორის მოთმინების უნარი. ახალგაზრდა თანამშრომელს თუ ეტყვით, რომ რაღაც საკითხს ორ კვირაში განიხილავთ, იგივეა უფროს თაობას უთხრათ, რომ 2 წელიწადში განიხილავთ. მილენიალებისთვის დრო სხვანაირად გადის. დისციპლინა, სტანდარტები, ინსტრუქციები ეს ის რაღაცებია რაზეც ამ ორ თაობას აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ.

რა თქმა უნდა, ამ პატარა სტატიაში ყველა დეტალს ვერ შევეხებით, მაგრამ გვინდა გითხრათ, რომ თაობებს შორის ძალიან დიდი განსხვავება არსებობს. როდესაც სამუშაო გარემოში ეს ორი თაობა ხვდება ერთმანეთს, ახალგაზრდებს ეჩვენებათ, რომ უფროსი თაობის ხალხი არიან დინოზავრები და მათთვის გაუგებარია რას და რატომ აკეთებენ,  უფროსმა თაობამ კი არ იცის რა აქტივები აქვთ ახალგაზრდებს, რამდენად სწრაფად უმუშავებთ ტვინი, რამდენად სწრაფად შეუძლიათ ცვლილებებთან ადაპტირება, ვერ ხვდებიან ტექნოლოგიებთან მათი დამოკიდებულება და შესაძლებლობები როგორია. ეს ყველაფერი კი ხდება იმიტომ, რომ თაობებს არ აქვთ ერთმანეთის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია.  

საბოლოო ჯამში, ორგანიზაციებმა უნდა შეძლონ, რომ ეფექტურობას მიაღწიონ იმ რესურსებით, რაც აქვთ და მაქსიმალური შედეგები მიიღონ. ეს მოხდება ერთადერთ შემთხვევაში - თუ ის აღიარებს მილენიალების ძლიერ მხარეებს და კონკრეტული ტიპის საქმეებში დაეყრდნობა მათ და ასევე, აღიარებს წინა თაობის უპირატესობებს და გარკვეულ საქმეებს მიანდობს მათ.

გამოდის, რომ მართლა ორი სისტემა უნდა მუშაობდეს კომპანიაში. ეჯაილ სისტემამ ეს ამოცანა გაამარტივა.

ვფიქრობთ, ეს საკითხი ყველა ორგანიზაციის დღის წესრიგში უნდა იდგეს, იმისთვის, რომ გაიზარდოს მუშაობის ეფექტურობა და მოტივაცია თანამშრომლებში.

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
7 ივლისი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

იდეალური მენეჯერის 4 დამახასიათებელი თვისება: იცხაკ ადიზესის მოდელი

როგორი უნდა იყოს იდეალური აღმასრულებელი? საკმარისია თუ არა მხოლოდ შედეგებზე ორიენტირება და კარგი დისციპლინა? ამ კითხვებზე პასუხს ბლოგში იპოვით. . . .

ჯილდო და ჯილდოს მოლოდინი

რატომ არის ჯილდოს მოლოდინი ისეთივე ძვირფასი, როგორც თავად ჯილდო? . . .

რატომ და როგორ უნდა ვიყო უხილავი „ლიდერი“

რას ნიშნავს ლიდერობა? რას გულისხმობს ლიდერობა და რა არის მისი საზომი? . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები