რას ნიშნავს და ვინ არის პროფესიონალი „მეხვალიე“

რას ნიშნავს და ვინ არის პროფესიონალი „მეხვალიე“


განვიხილოთ უნივერსიტეტის მაგალითი. საკმაოდ ბევრმა შეიძლება ამოიცნოს თავისი თავი იმ სტუდენტებს შორის, რომლებიც გამოცდამდე ერთი დღით ადრე, ან სულაც, ერთი საათით ადრე იწყებენ მეცადინეობას, იმის იმედით, რომ „რამეს მოახერხებენ“. 

დატვირთული აბიტურიენტობის შემდეგ, ახალგაზრდებისთვის უნივერსიტეტის გარემო უფრო თავისუფალია, თითქოს, მათ არაფერი ემუქრებათ და მთლიანად გართობას უთმობენ დროს. დასაწყისში სტუდენტები ხვდებიან, რომ 1-2 კვირით ადრე თუ იმეცადინებენ მთელი სემესტრის მასალას, გამოცდებს მარტივად ჩააბარებენ. რეალობა ის არის, რომ ეს ასეც ხდება. შემდეგ ეს 1-2 კვირაც მცირდება და მეცადინეობის დაწყების ვადები გამოცდამდე რამდენიმე დღეზე დადის. 

 „მეხვალიე“ ადამიანი დახელოვნებულია იმაში, რომ გადადოს საქმეები ხვალისთვის. გადადების მიზეზი კი ყოველთვის ექნება: წიგნი არ ჰქონდა, სახლში სტუმრები ჰყავდა, კონსპექტი არ ჰქონდა და ა.შ. ეს ადამიანი გადადებს საქმის კეთებას იქამდე, სანამ არ მოახლოვდება დედლაინი, სანამ არ მიხვდებიან, რომ შეიძლება დაიღუპონ, სწორედ ამ ბოლო პერიოდში მეხვალიეები იწყებენ თავიანთი სრული რესურსების მობილიზებას, რა თქმა უნდა, საკმარისად კარგ შედეგებს ვერ დადებენ, მაგრამ თუ ნახავენ, რომ „მარტივად გამოძვრნენ“ სიტუაციიდან, ისინი უფრო თამამად შეძლებენ დღეს გასაკეთებელი საქმეები გადადონ ხვალისთვის.  

რატომ დებენ ეს ადამიანები საქმეებს და როგორ ატარებენ ამ დღეებს? არსებობს სასიამოვნო საქმეები, ეს შეიძლება იყოს გართობა, დასვენება და ა.შ. და არსებობს სასარგებლო საქმეები, ეს არის საქმე, რომელიც „კარგი იქნებოდა, რომ გაგვეკეთებინა“. „მეხვალიე“ ადამიანი ხშირად არჩევანს სასიამოვნო საქმის კეთებაზე აკეთებს და ყურადღების მიღმა რჩება სასარგებლო საქმე. 

ჩვენ არ ვიძახით იმას, რომ მხოლოდ სასარგებლო საქმე უნდა ვაკეთოთ და სასიამოვნოზე უარი ვთქვათ, მაგრამ თქვენს საქმიანობას თვალი რო გადაავლოთ, სასარგებლო საქმის კეთება უნდა აჭარბებდეს სასიამოვნო საქმის კეთებას, იმისთვის რომ, იყოთ პროდუქტიულები.   

გასათვალისწინებელია, რომ მეხვალიეები ძალიან ნიჭიერი ადამიანები და თანამშრომლები არიან, რომელთა ჩამოშორება ამის გამო არავის უნდა. როგორ ჩამოყალიბდნენ ნიჭიერი ადამიანები მეხვალიეებად? მათ სკოლაში თუ უნივერსიტეტში ყველაფერი მარტივად ეძლეოდათ და ამიტომ გაძლიერდა მათში მეხვალიეობა. 

შევხედოთ მეხვალიეობას, როგორც მავნე ჩვევას, რომელიც გვინდა, რომ მოვიშოროთ. ამისთვის არსებობს 4 მეთოდი, რომლის გამოყენებაც ყველას შეგვიძლია. 

  1. პირველი არის ხელოვნური დედლაინების დაწესება. დღეს რას აკეთებენ უნივერსიტეტებში? ფინალური გამოცდების გარდა, ატარებენ ქვიზებს და შუალედურ გამოცდებს, რითიც სტუდენტებს „მოდუნების“ საშუალებას არ აძლევენ. გამოდის, რომ ის მნიშვნელოვანი დღე სწავლის პროცესში ხშირად დგება და სტუდენტები სულ რომ რამდენიმე დღით ადრე იწყებდნენ მეცადინეობას, ეს იმდენად ხშირად უწევთ, რომ წლის განმავლობაში ისინი მეცადინეობენ და ემზადებიან ფინალური გამოცდისთვის. იგივე პრაქტიკა შეიძლება სამსახურშიც გადმოიტანოთ და დიდი სამუშაო დაყოთ პატარ-პატარა თასქებად, რომლის შესრულებაც ყოველთვის სასწრაფო იქნება. დიდ ორგანიზაციებში გაყიდვების დეპარტამენტებს დაუწესეს 10 დღიანი გეგმები, თვიური გეგმების ნაცვლად, რადგან თვიური გეგმების დროს შეიმჩნეოდა ტენდენცია, რომ თვის დასაწყისში თანამშრომლები მოდუნებულები იყვნენ, საქმეს იმდენად არ აკეთებდნენ და ფუსფუსი თვის ბოლოს იწყებოდა. 
  2. მეორე, რაც მეხვალიეობასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ, არის ხელოვნური მაკონტროლებლები. ერთია, რომ ისედაც გყავთ უფროსი, ლექტორი, მასწავლებელი, რომელიც აკონტროლებს თქვენს საქმიანობას, მაგრამ იმ საქმეებში რომლებშიც ასეთი კონტროლი არ არსებობს, გაიჩინეთ ასეთი ადამიანი, მაგალითად კოლეგები, რომლებიც პატარ-პატარა დავალებების შესრულებას გაგიკონტროლებენ. 
  3. მესამე არის გუნდური მუშაობა, მეხვალიეები ძალიან ეფექტურები არიან სხვების თანდასწრებით. როგორც აღვნიშნეთ, ესენი არიან ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა და სხვების თანდასწრებით საქმეებს არ გადადებენ. 
  4. და ბოლოს, ყველა ჩვენგანს ბიოლოგიურად აქვს ყველაზე პროდუქტიული საათები, იქნება ეს დილა, შუადღე თუ გვიანი საღამო. შეეცადეთ, იპოვოთ თქვენთვის იდეალური სამუშაო პერიოდი და ეს დრო არ მოაცდინოთ სასიამოვნო საქმის კეთებით.  

"ფლომასტერის" ტრენინგებზე ხშირად მოისმენთ, რომ კიდევ ერთი დამატებით ინსტრუმენტი, რომელიც საქმის გადადებაში ხელს შეგიშლით, არის საქმეების და შეხვედრების წინასწარ დაგეგმვა. როდესაც თქვენ ხმამაღლა განაცხადებთ, რომ კონკრეტულ დღეს გააკეთებთ კონკრეტულ საქმეს, ან ჩანიშნავთ სხვებთან შეხვედრებს, თქვენ უკან დასახევ გზას უჭრით საკუთარ თავს და უკვე შეთანხმებულ საქმეებს ვერ გადადებთ. 

ასევე შეგიძლიათ, მიმართოთ რეგულარულ „სპრინტებს“ - ეს არის პერიოდული თათბირები, რა დროსაც იგეგმება გასაკეთებელი თასქები. ეს მეხვალიეებს ძალიან ეხმარება, რომ იყვნენ კონცენტრირებულები მოკლევადიან, კონკრეტულ დავალებებზე. 

ორ კვირაში ერთხელ, ან თვეში ერთხელ გადახედეთ თქვენს საქმიანობას და შეაფასეთ, რა გააკეთეთ ამ დროის განმავლობაში. ეს ძალიან დაგეხმარებათ სრული სურათის დანახვაში. 

 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
16 ნოემბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები