რატომ არის „ეგო“ ჩემი მტერი

რატომ არის „ეგო“ ჩემი მტერი


„Ego is my enemy” რეალურად წიგნის სათაურია, რომელიც ძალიან ბევრ ფუნდამენტურ საკითხს სხვა კუთხით დაგანახებთ, თუმცა ახლა ამ წიგნს არ მიმოვიხილავთ. ნაცვლად ამისა, გაგიზიარებთ ჩვენსავე მოსაზრებას, რომელიც სხვადასხვა წყაროდან და გამოცდილებიდან ჩამოგვიყალიბდა. 

პირველ რიგში, განვმარტავთ, თუ არის ეგო. პირდაპირ თარგმანში ეგო ნიშნავს მე-ს. მოსაზრება, რომ მე საკუთარი თავის მტერი ვარ, გვესმის, რომ გაკვირვებას და წინააღმდეგობასაც იწვევს. 

ამიტომ, უფრო დეტალურად რომ აგიხსნათ, რასაც ვგულისხმობთ, მოვიშველიებთ მოდელს, რომლის მიხედვითაც ჩვენი ცხოვრება იყოფა სამ ეტაპად.

პირველი ეტაპი 0-დან დაახლოებით 20 წლამდე გრძელდება. ცხოვრების ეს ეტაპი არის სხვებზე დამოკიდებულება. ბავშვობა და ახალგაზრდობა, რა დროსაც დამოკიდებული ვართ მშობლების გადაწყვეტილებებზე, რა უნდა ჩავიცვათ, სად წავიდეთ.. მასწავლებლების დავალებებზე, თუ რა უნდა ვისწავლოთ და წავიკითხოთ და ა.შ. 

ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანი ნელ-ნელა მოიპოვებს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. სხვებზე დამოკიდებულების პერიოდი მთავრდება და იწყება პერიოდი, რომელსაც ჰქვია თავისუფლება. თავისუფლებაში ამ შემთხვევაში იგულისხმება იმ კონკრეტული ადამიანებისგან თავისუფლება, რომლებიც პირველ ეტაპზე „გზღუდავდნენ.“ ისინი თქვენი ინტერესებით ხელმძღვანელობდნენ და ასაკიდან გამომდინარე ცდილობდნენ თქვენს მაგივრად მიეღოთ გადაწყვეტილებები.  

თავისუფლების პერიოდში, რომელიც დაახლოებით 20 წლიდან 40 წლამდე გრძელდება, აღმოჩნდება, რომ სულ ვიღაცას რაღაცას ვუმტკიცებთ, სწორედ ეს არის ეგოს ხანა. ამ დროს ვუმტკიცებთ მშობლებს, რომ გავიზარდეთ, მაგრები ვართ. სამსახურში ვამტკიცებთ, რომ საკმარისად კარგი უნარები და გამოცდილება გვაქვს, რომ დაგვაწინაურონ. მეგობრებში, პირად ცხოვრებაში, ოჯახში, შვილებთან მუდმივად რაღაცის მტკიცების პროცესში ვართ. სწორედ ეს ქმედებები ემსახურება ეგოს. ეგოს, არა როგორც საკუთარ პიროვნებას, არამედ სხვების მიერ დახატულ ჩვენს პიროვნებას. ერთია, როგორები ვართ და რა გვინდა ჩვენ და მეორეა, სხვებს როგორი უნდათ რომ გამოგვძერწონ, სხვებს რა უნდათ რომ გავაკეთოთ. სწორედ ამას ვგულისხმობთ ამ სტატიაში, როდესაც ვახსენებთ, რომ ეგო არის ადამიანის მტერი.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ზუსტად ამ ეგოს კარნახით ვაღწევთ ცხოვრებაში ბევრ რამეს. ეს „შეჯიბრი“ ნებისმიერი ადამიანისთვის საკმაოდ კონსტრუქციულია, ეს გვიცავს რომ არ მოვდუნდეთ და მეტად რეალიზებულები ვიყოთ.

მესამე ეტაპი დაახლოებით 40 წლის შემდეგ იწყება. ეს არის შეგნებული ცხოვრება, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მანამდე შეუგნებლად ვცხოვრობდით. საუბარია იმაზე, რომ ჩვენ შევიმეცნეთ სინამდვილეში რა გვინდა შინაგანად და ახლა ამ შეგნებას ვემსახურებით. არ გვაინტერესებს მეზობელმა როგორი ბინა იყიდა, ბავშვი სად გაუშვა დასასვენებლად, ნაკლებად გვაინტერესებს ჩვენი ხელფასების სხვებთან შედარება, არ გვადარდებდეს ჩაცმა დახურვა როგორც შეჯიბრის ინსტრუმენტი, არ დავდივართ ყველგან სადაც დაგვპატიჟებენ. 

ცხოვრების ეს ეტაპი არის დრო, როდესაც თქვენივე დადგენილი წესებით და შეხედულებებით ცხოვრობთ. ეს კი ადვილი ნამდვილად არ არის. ამ პერიოდს ეძახიან შუახნის (midlife) პერიოდს, რაც გულისხმობს მეორე ეტაპიდან მესამე ეტაპში გადასვლას და პიროვნების უდიდეს ცვლილებას. ამ დროს გარემოც და შინაგანი სამყაროც დიდ წინააღმდეგობას გიწევთ.  

ახლა კი გავცეთ მთავარ შეკითხვას პასუხი, რატომ არის ეგო მტერი? რაში გვიშლის ხელს? 

ეგოს პერიოდში თქვენ უნდა ამტკიცოთ, რომ მაგარი ხართ, გინდათ ეს თუ არა. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ზოგი ადამიანი სუფრასთან ბევრს სვამს, უნდა თუ არა ეს, ზოგი მენეჯერი ხდება, მიუხედავად იმისა, რომ სულ სხვა მისწრაფებები და სურვილები აქვს. რეალურად ძალიან მძიმე საქმიანობაა საკუთარი ეგოს კვება. ნაცვლად იმისა, რომ ვაკეთოთ რაც გვინდა და ვიყოთ ბედნიერები, ვაკეთებთ იმას რასაც სხვები ირიბად გვკარნახობენ, რასაც ჩვენგან ელიან. ყველას ჩვენგან რაღაცის მოლოდინი აქვს და ვცდილობთ, ეს მოლოდინები გავამართლოთ, გარშემო შემოვიკრიბოთ ისეთი სოციუმი როგორიც მისაღებია, შევიქმნათ კორპორატიული ცხოვრება, მოვერგოთ სტანდარტებს. სურვილი, რომ დაფასებული ადამიანი ვიყოთ, ეგოს ძალიან დიდი გამოძახილია. ამ დროს კი არსებობს გამოთქვა, რომ თუ უმრავლესობას მოსწონხარ, სავარაუდოდ ორიგინალურს არაფერს აკეთებთ. 

მაშინ რა უნდა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? აქ შემოდის მთავარი შეკითხვა - როდისღა უნდა ვიცხოვრო ჩემს გემოზე, მე რომ მომწონს ისეთი მანქანა როდის უნდა მყავდეს, მე რომ მომწონს ისეთი საქმე როდის უნდა ვაკეთო და ა.შ. პასუხი არის მარტივი, როცა თქვენ გადაწყვეტთ. 

სწორედ ეს არის ეგოსთან ჭიდილი და მესამე ეტაპზე გადასვლა. დამიჯერეთ, არ აპირებს ეგო, რომ მარტივად დანებდეს. ყველგან შეგეწინააღმდეგებათ - თქვენ თუ არ იქნებით „დაფასებული“ ადამიანი ახლობლებს შეეცვლებათ თქვენზე შეხედულება, ოჯახს აღარ მოეწონებით, ნაცნობები ჩათვლიან, რომ სამსახურიდან წამოსვლით ყველაფერზე აიღეთ ხელი და ა.შ. 

სწორედ ამ ყველაფერზე დაყრდნობით ვამბობთ, რომ ეგო არის ადამიანის მთავარი მტერი. შესაძლოა, თავდაპირველად ამ მოსაზრებას არ დაეთანხმოთ, მაგრამ იფიქრეთ, რეალურად როგორ ცხოვრობთ თქვენ? ზუსტად იმას აკეთებთ რაც გინდათ? ზუსტად ისე იცვამთ, როგორც თქვენ მოგწონთ? და გაეცით მთავარ შეკითხვას პასუხი - მართავს თუ არა თქვენი ეგო თქვენს ცხოვრებას? ხელს გიშლით თუ პირიქით ხელს გიწყობთ? მნიშვნელოვანია, რომელი ასაკობრივ ჯგუფში ხართ და რა შეხედულება გაქვთ ამ სტატიაში განხილულ საკითხებთან დაკავშირებით. 

 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
29 მარტი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები