რატომ არის მითი, რომ "ხარისხიანი პროდუქტის შექმნა ძვირი ჯდება"?

რატომ არის მითი, რომ "ხარისხიანი პროდუქტის შექმნა ძვირი ჯდება"?


ყველაზე გავრცელებული მითი ხარისხის შესახებ არის, რომ ხარისხიანი პროდუქტის შექმნა ძვირი ჯდება.

არსებობს ხარისხის ხარჯების შეფასების მეთოდოლოგიები, რომლებიც ითვალისწინებენ კონკრეტული დარგის სპეციფიკას და კომპანიებს სთავაზობენ გარკვეულ სტრუქტურას, რაც ეხმარებათ ხარისხის ხარჯების შეფასებაში.

ამ მოდელებში გადანაწილებული არის, როგორც შეუსაბამობების მოგვარებისთვის გაწეული ძალისხმევა, ასევე შესაბამისობის ან ხარისხის მიღწევისთვის და შენარჩუნებისთვის გაწეული კომპანიის დანახარჯები. ეს მოდელები სხვადასხვაა, თუმცა არსებობს ორი მთავარი კომპონენტი, რომლებიც ყველა მოდელში არსებობს.

ამ სტატიაში სწორედ ამ მთავარ ორ კომპონენტზე ვისაუბრებთ. ეს კომპონენტები გახლავთ უხარისხობის და ხარისხის დანახარჯები.

უხარისხობის ხარჯები მოიაზრებს კომპანიის მიერ გაწეულ ძალისხმევას შიდა ან გარე უხარისხობის მოგვარებისთვის. შიდა უხარისხობაში იგულისხმება იმ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა განხორციელებაც კომპანიას უწევს მაშინ, როცა პროდუქტი ჯერ კიდევ არ გასულა ბაზარზე, ხოლო გარე უხარისხობის შემთხვევაში კი იგულისხმება ღონისძიებები, როცა პროდუქტი უკვე ბაზარზე არის გასული და მომხმარებელს მასთან შეხება აქვს.

შიდა უხარისხობაში შეიძლება იყოს პროდუქტის წუნდება, გადამუშავება, ინციდენტების და შეცდომების მოგვარებისთვის გაწეული დანახარჯები.

გარე უხარისხობაში იგულისხმება საჩივრები ან პროდუქტის ბაზრიდან გამოთხოვნა.

მეორე კომპონენტი არის ხარისხის ხარჯები და ის, თავის მხრივ,  ორ შემადგენელს მოიცავს - ეს გახლავთ პრევენციის და შეფასების ან ხარისხის კონტროლის დანახარჯები. პრევენციაში იგულისხმება, მაგალითად, კონსულტანტების მოწვევა და მათთან მუშაობა, პერსონალის ტრენინგები და ა.შ.

შეფასებაში კი იგულისხმება ხარისხის კონტროლის რუტინული ოპერაციები,  მაკონტროლებლები, პერსონალის სახელფასო ხარჯები და ა.შ.

ამ კომპონენტების გადანაწილების მოდელი ეხმარება კომპანიას გაიაზროს თუ როგორ არის გადანაწილებული ხარისხთან დაკავშირებული დანახარჯები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მართოს ეს მოდელი და შეიმუშაოს მისთვის მისაღები ხარისხის ხარჯების გადანაწილების სტრუქტურა, სადაც პრევენციის ინსტრუმენტი გამოყენებული იქნება მაქსიმალურად, უხარისხობის ხარჯები იქნება შემცირებული, გარე უხარისხობა სასურველია მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და ხარისხის კონტროლის ან შეფასების ხარჯებიც იყოს ადეკვატური.

როგორც პრაქტიკა და კვლევები აჩვენებს, კომპანიებში ძალიან არათანაბრად არის გადანაწილებული ხარჯები. უხარისხობის ხარჯების საერთო წილი ხარისხის დანახარჯების საერთო წილში ძალიან დიდ ნაწილს შეადგენს.

ეს გადანაწილება არის 70/30%-ზე. 70% მოდის ხშირად უხარისხობის დანახარჯებზე, ხოლო ხარისხის დანახარჯების 30%-შიც ხარისხის შეფასების და პრევენციის კონტროლის გადანაწილებაც არათანაბარია და ამ უკანასკნელზე  მხოლოდ 5% იხარჯება.

მარტივი მაგალითი რომ წარმოვიდგინოთ, მანქანის ზეთის შეცვლა შეიძლება განვიხილოთ როგორც პრევენციული ღონისძიება იმის, რომ მომავალში გარკვეული პრობლემები არ შეგვექმნას, კონტროლის და შეფასების ღონისძიება შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ჩვენს მიერ კილომეტრაჟის კონტროლი. უხარისხობის ხარჯი წარმოიქმნება იმ შემთხვევაში თუ ამ პრევენციის ინსტრუმენტს არ გამოვიყენებთ, ანუ ზეთს არ შევცვლით თავის დროზე და არც გავაკონტროლებთ ამ პროცესს. როგორც წესი უხარისხობის დანახარჯები 11-ჯერ უფრო ძვირია პრევენციის ხარჯებთან შედარებით.

აქედან, შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ რეალურად კომპანიებს უხარისხო პროდუქტი უფრო ძვირი უჯდებათ, ვიდრე ხარისხიანი.

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ეკა კოპლატაძე — კონტენტის ავტორი
25 მაისი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

როგორ შევქმნათ ხარისხიანი ქართული პროდუქტი

ხარისხზე, ხარისხის მართვაზე და ხარისხის შესაბამისობის უზრუნველყოფაზე არსებობს მთელი რიგი კონკრეტული მეთოდოლოგიები, რომლებიც მკაცრად ითვალისწინებენ დარგობრივ სპეციფიკას და ყველა ინდუსტრიას, თუ ყველა კომპანიას არა, აქვს თავისი წესები, რომელთა დაცვითაც ისინი ხარისხიან პროდუქტს აწარმოებენ . . .

ვენდო თუ შევამოწმო ხარისხი

მნიშვნელოვანია კომპანიაში არსებობდეს სისტემა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული კონკრეტულ თანამშრომლებზე, ცვლაზე ან ფილიალზე და მომხმარებელს ექნება საშუალება მუდმივად, სტაბილურად, დროში განვრცობილად მიიღოს ერთი და იგივე ხარისხის პროდუქტი. . . .

რა არის შვეიცარიული ყველის ეფექტი ხარისხის მართვაში?

ყოველდღიური სამუშო გარემო რომ წარმოვიდგინოთ, ვცდილობთ საქმე კარგად და ხარისხიანად ვაკეთოთ, გარშემო კი გვახვევია ხელისშემშლელი ფაქტორები ან შეიძლება შეცდომების ხელისშემწყობი ფაქტორები ვუწოდოთ, რომლებიც გავლენას ახდენენ სამუშაოზე. მაგალითად, ვიღაცა გვაჩქარებს, გეგმაა შესასრულებელი, პროგრამა ჭე . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები