რატომ უნდა განვავითარო და შევინარჩნო სანაცნობო ქსელი?

რატომ უნდა განვავითარო და შევინარჩნო სანაცნობო ქსელი?


ამ სტატიაში ძალიან კონკრეტულ რჩევებს გაგიზიარებთ სანაცნობო წრის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის.

პირველი რიგში, დავიწყოთ მითებით.

ფართოდ გავრცელებული მითია, რომ ადამიანები თავისით აღწევენ ყველაფერს. ეს მოსაწონი ქცევის სტანდარტადაც კი ითვლება. 

კაცობრიობის დასაბამიდან, ადამიანი არასდროს ცდილობდა მარტო ყოფნას და ვერასდროს შეძლებდა დამოუკიდებლად განვითარებას. ის იმიტომ გადარჩა, რომ თავისით არ ცდილობდა ყველაფრის მიღწევას, შევიდა სოციალურ კავშირებში, შექმნა თემი და ოჯახი, ისწავლა მეგობრობა, სიყვარული და შრომის განაწილება. ფრაზა „ჩემით მივაღწიე ყველაფერს“ ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებას. 

თუ თქვენ ამას ამბობთ, უბრალოდ, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ტყუით. არ არსებობს ადამიანი, რომელმაც თავისით მიაღწია ყველაფერს. 

თუ ეს ტყუილია, სიმართლე რაში მდგომარეობს? დაფიქრდით თქვენს ცხოვრებაზე, როგორ ისწავლეთ სიარული, ლაპარაკი? რა გაუკეთებია თქვენს პირად თუ კარიერულ ცხოვრებაში სანაცნობო წრეს? ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები, მასწავლებლები, პროფესორები და ყველა, ვინც თქვენს ცხოვრებაში რაიმე სახით არსებობდა, მონაწილეა თქვენი განვითარების. ვინ ზრუნავს თქვენს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე? რა თქმა უნდა, თქვენ თქვენი ცხოვრების მთავარ როლში ხართ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ არის მართებული, რომ გქონდეთ იმის ილუზია, რომ ყველაფერს მარტო აკეთებთ.

სამსახურში ყველაფერს თქვენით მიაღწიეთ? კოლეგებს და ხელმძღვანელებს ხომ არ აქვთ დიდი როლი თქვენს წარმატებაში? ზოგი რჩევით გეხმარებოდათ, ზოგი უკუკავშირით და ა.შ. არ არსებობს ინდივიდუალური ძალისხმევა, რომელსაც, საბოლოო ჯამში, არ სჭირდება სხვების ხელშეწყობა დახმარება და შეფასება. 

გავლენიან სანაცნობო წრეს ჩვენთან უარყოფითი აღქმა აქვს, რადგან ბევრი უსამართლობა ხდება ნაცნობობის ხარჯზე. ჩვენ არ გეუბნებით, რომ რაიმე უსამართლოდ გააკეთოთ. ის, რომ თქვენი მეგობრები გეხმარებიან, უსამართლობაა? ან თქვენ, როგორც ნიჭიერ ადამიანს თქვენი მენეჯერი დაგეხმაროთ წარმატების მიღწევაში, უსამართლობაა? 

თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენს ცხოვრებაში ამ დრომდე სანაცნობო ქსელს არაფერი გაუკეთებია, მაშინ შეგიძლიათ, შეწყვიტოთ ამ სტატიის კითხვა.

სანაცნობო ქსელი არის უნივერსალური აქტივი, "ოქროს თევზი", რომელიც მხოლოდ სამი სურვილის ასრულებით არ არის შეზღუდული. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია, ვკითხოთ რჩევა კოლეგებს, დახმარება ვთხოვოთ ოჯახის წევრებს და მუდამ გვქონდეს მათი იმედი. ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაში ცალსახად სანაცნობო წრეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. 

ახლაც, როდესაც ამ სტატიას კითხულობთ, ჩვენც ვმონაწილეობთ თქვენს პროფესიულ თუ პიროვნულ განვითარებაში. საზოგადოებრივი საქმიანობა ინდივიდუალურ კონტექსტში არ არსებობს. სანაცნობო ქსელი ყველა ასპექტში წარმატების გასაღებია.

კვლევის მიხედვით, ზრდასრულ პროფესიონალს ჰყავს 1000 აქტიური კონტაქტი, ანუ ადამიანები, რომლებმაც იციან, ვინც ხართ და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ. იქნება ეს მეზობელი, ნათესავი, ჯგუფელი, კლასელი თუ ა.შ. მოკლედ ის ხალხი, ვისთანაც პირდაპირი კომუნიკაცია გქონიათ. 

თქვენს თითო აქტიურ კონტაქტს ჰყავს ცალკე 1000 აქტიური კონტაქტი და გამოდის, რომ თქვენ გყავთ ერთი მილიონი ნაცნობის ნაცნობი. დაფიქრდით, რა შესაძლებლობები მოინახება ამ ერთ მილიონ ადამიანში. ის, ვინც სამსახურეობრივ რჩევას მოგცემთ, ფიზიკის მასწავლებელი თქვენი შვილისთვის, ადამიანი, რომელიც რჩევას მოგცემთ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ან თუნდაც თქვენი შემდეგი დამსაქმებელი.

თუ ასეთი ძლიერი სანაცნობო გვყავს, მაშინ რა პრობლემა უნდა გვქონდეს? 

პრობლემა ის არის, რომ ამ რესურსს არ ვავითარებთ, საკმარის დროს არ ვუთმობთ და ყურადღებას არ ვაქცევთ. თქვენს სამუშაო ციკლში რამდენად მიზანმიმართულად მოქმედებთ ახალი ნაცნობების შესაძენად და არსებულების განსავითარებლად? თუ ადამიანებთან ყოველდღიურად გიწევთ ურთიერთობა, ეს ფაქტი არ ნიშნავს სანაცნობო წრის განვითარებას. როდესაც რაღაც „გიწევთ“, უკვე იმას მიშნავს, რომ ამ ქმედებაში არ არის შეგნებული, დაგეგმილი აქტივობა. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სანაცნობო წრე არის უნივერსალური აქტივი და ამ აქტივში ინვესტირება სერიოზულად დაგიფასდებათ. თუ როგორ მოვიქცეთ ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ. 

  • პირველ რიგში, შეგიძლიათ გააკეთოთ სანაცნობო ქსელის ზრდისა და არსებულის შენარჩუნების გაზომვადი გეგმა. არსებობს წიგნი „სანაცნობო ქსელის განვითარება კონტაქტური სპორტია“, რომელიც გვირჩევს, რომ კვირაში 5 სრულიად ახალი ადამიანი გავიცნოთ, 10 ძველ ნაცნობს დავუკავშირდეთ და განვაახლოთ კონტაქტი და 15 ადამიანი მოვიკითხოთ, რომელთანაც ხშირი კომუნიკაცია გვაქვს. გახსოვდეთ, თქვენი კარიერა და თქვენი ცხოვრება, თავისი არსით, არის სოციალური წამოწყება. 
  • ლოგიკურია, რომ ამ ყველაფერს კონკრეტულად გამოყოფილი დრო სჭირდება კალენდარში. ჩვენ ყველამ ვიცით ისეთი საქმის ბედი, რომელსაც „როცა მოიცლით მაშინ გააკეთებთ.“ ამიტომ გვირჩევენ, რომ ამ საქმისთვის ცალკე დრო გვქონდეს გამოყოფილი.
  • თქვენ ასევე უნდა დაალაგოთ პრიორიტეტები, ვისი გაცნობა გჭირდებათ, ვისთან გჭირდებათ კონტაქტის აღდგენა და ა.შ. 

დაფიქრდეთ ამ თემის მნიშვნელოვნებაზე, ეს თქვენი წარმატების განმსაზღვრელია. თქვენი სანაცნობო ქსელის ზომა და განვითარება პირდაპირ კავშირშია თქვენს წარმატებასთან და თუ ეს თქვენში ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს, ეს სტერეოტიპის ბრალია.

 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
2 ნოემბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები