რატომ ვიბრალებთ წარმატებას?

რატომ ვიბრალებთ წარმატებას?


ალბათ ყველას გსმენიათ, ან გითქვამთ ფრაზა „ჩემით მივაღწიე წარმატებას.“ ამ ფრაზას, როგორც წესი, პოზიტიურ კონტექსტში ვიყენებთ ჩვენი მიღწევების ან სხვისი ცხოვრების აღსაწერად. 

ხშირად განვიხილავთ ამ საკითხს ტრენინგებზე და საჯარო გამოსვლებზე და გვინდა ვაღიაროთ, რომ ჩვენც არაერთხელ გვითქვამს რომ „ჩვენით მივაღწიეთ ყველაფერს.“

მას შემდეგ, რაც ტრენინგზე ერთი ჭკვიანი კაცის მოსაზრება მოვისმინე ამ საკითხთან დაკავშირებით, მივხვდი, რომ ეს ფრაზა არათუ ტყუილი, არამედ ნეგატიურიც კია.

საკმაოდ წარმატებული ადამიანებისთვის გვიკითხავს მიაჩნიათ თუ არა, რომ თავისით მიაღწიეს ყველაფერს. ადამიანების 70% დაუფიქრებლად დადებით პასუხს გვიბრუნებს ამ შეკითხვაზე, დანარჩენი 30% ალბათ, თავშეკავებულობის გამო არ ამბობს ამას. 

თქვენც თუ თვლით, რომ მარტომ, დამოუკიდებლად მიაღწიეთ ყველაფერს, რამდენიმე შეკითხვას დაგისვამთ. 

როდესაც დაიბადეთ სამშობიაროდან დამოუკიდებლად მიხვედით სახლამდე? გვესმის, რომ პროვოკაციული შეკითხვაა, მაგრამ მოდით მცირედით დავიწყოთ.

ჯანმრთელობა თქვენით შეინარჩუნეთ პატარაობაში? ავად გახდებოდით, წაიქცეოდით, კონფლიქტში შეხვიდოდით, ყველაფერს თავად აგვარებდით? თუ მშობლები, ექიმები და მეგობრები გეხმარებოდნენ? 

ბავშვობაში მეგობრის დახმარების გარეშე პრაქტიკულად არაფერი მიიღწევა. თუ ასე მიდიოდა თქვენი ცხოვრება მაშინ საიდან მოიტანეთ, რომ თქვენით მიაღწიეთ ყველაფერს?

ჩვენ ვფიქრობთ, რომ სკოლაში ჩამოგვიყალიბდა აზრი, რომ მარტო ყველაფრის მიღწევა სიძლიერეს გამოხატავს. სკოლაში ყველაფერი ინდივიდუალიზმზეა აგებული, ითვლება, რომ მარტომ უნდა იმეცადინო, მარტომ გააკეთო საშინაო დავალება, მარტომ ჩააბარო, ნიშანი მიიღო, გვასწავლიან რომ სხვების დახმარება არასწორია და აღიქმება, როგორც გადაწერა და კარნახი. შეიძლება ითქვას, რომ სკოლამ გადაგვისხა ნივთიერება, რომ ყველაფერს შენით უნდა მიაღწიო. 

თუმცა იგივე არ ხდება ოჯახებში, აქ გადანაწილებულია საქმიანობები. როდესაც დედა გვთავაზობს გამასპინძლებას, არ ვამბობთ - „არა მე ჩემით უნდა ვისადილო, ჩემით გავრეცხო ან დავალაგო“.

რაც შეეხება სამსახურს, ხშირად სკოლის გავლენა იგრძნობა და ვცდილობთ, ყველაფერი მარტომ გავაკეთოთ. 

როდესაც წამოვიზარდეთ და მივხვდით, რა კარგი რამაა მეგობრობა, ერთმანეთის გატანა და გვერდში დგომა, სწავლაშიც მშვენივრად გამოგვიყენებია ერთმანეთის დახმარება. 

სკოლაში როდესაც რაიმეს ვერ გაიგებთ, ორი გზა არსებობს, თქვენით იწვალოთ და გაიგოთ, ან მეგობრებს ჰკითხოთ და გაგაგებინონ მარტივად.

თუმცა, დაფიქრდით, სკოლაშიც თქვენით მიაღწიეთ ყველაფერს? მასწავლებლები ხომ არ დაგხმარებიან? მათ ხომ არ გასწავლეს ყველაფერი? საშინაო დავალების შესრულებაში მშობელი ხომ არ დაგხმარებიათ?  

მოკლედ, კარგად რომ დაფიქრდეთ, აღმოაჩენთ, რომ ჩვენი წარმატება ყველა იმ ადამიანზე იყო აგებული, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში გარკვეულ როლს ასრულებდნენ.

რა თქმა უნდა, არ გიკარგავთ თქვენს დამსახურებასა და შრომას. თქვენი წარმატება პირველ რიგში იმის დამსახურებაა, რომ კარგად სწავლობდით, კარგი მეგობარი ხართ, სამსახურში წარმატების მიღწევაში გადამწყვეტი როლი თქვენ გაქვთ და ა.შ. 

წარმატება თქვენი დამსახურება ნამდვილად არის, თუმცა ყველაფრისთვის მარტო თქვენ არ მიგიღწევიათ.

სამსახური რომ განვიხილოთ, როგორ გაიგეთ კონკრეტული ვაკანსიის შესახებ? გასაუბრებაზე სანამ წახვიდოდით, ვინმესთან კონსულტაცია ხომ არ გაიარეთ? კარგად დაფიქრდით და აღმოაჩენთ, რომ თქვენი ცხოვრების ყველა ეტაპზე გყავდათ ახლობელი თუ უცნობი ადამიანები, რომლებმაც რჩევები მოგცეს, გზა დაგანახეს, დაგეხმარნენ. 

თქვენი ძალისხმევა, რა თქმა უნდა, არ უნდა დაიკარგოს, თუმცა თქვენ რომ სრულიად მარტო ყოფილიყავით ამ ცხოვრებაში, ნამდვილად ვერ მიაღწევდით იმდენს, რამდენიც დღეს გაქვთ მიღწეული. 

თქვენ თუ გგონიათ, რომ თქვენით მიაღწიეთ ყველაფერს, შეიძლება არ აქცევდეთ საკმარის ყურადღებას იმ ხალხს, ვინც წლების განმავლობაში გეხმარებოდათ და თქვენი გულშემატკივარი იყო.  

თქვენ შეიძლება აწყენინოთ იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც და ვისი დახმარებითაც რაღაც კონკრეტულს მიაღწიეთ. 

"ფლომასტერის" ტრენინგებზე ხშირად ვამბობთ, რომ სხვა ადამიანების შრომის დანახვა თქვენში მადლიერებას გაზრდის, მადლიერება კი ადამიანის წარმატებული ცხოვრების ერთ-ერთი ფუნდამენტური დასაყრდენია.

გაიხსენეთ თქვენი ნაბიჯები, ვინ გეხმარებოდათ, ვინ გედგათ გვერდში. თუ ამას გადააფასებთ, ვფიქრობთ, გაცილებით ბედნიერები და წარმატებულები იქნებით.  

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
28 იანვარი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები