რის მიხედვით შევარჩიო პროფესია?

რის მიხედვით შევარჩიო პროფესია?


მარადიული უთანხმოება შვილებს და მშობლებს შორის პროფესიის არჩევისას დღემდე აქტუალური საკითხია ყველა ოჯახში.  

არსებობს პროფესიის ორი მხარე, რომელიც გიყვართ და რომელიც გაცხოვრებთ. ამ ორს შორის მშობელი ყოველთვის ცდილობს, რომ ან შუალედი მოძებნოს და უსაფრთხო გზას მიმართოს და ის პროფესიები ურჩიოს შვილს, რომლებიც სტაბილური შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს და რომლებიც ბაზარზე მოთხოვნადია. თუმცა, ამ ნაწილშიც საკმაოდ მცდარი შეხედულებები არსებობს. საქართველოში იყო პერიოდი, როდესაც ყველა ახალგაზრდა საბანკო საქმიანობას სწავლობდა, იმის მოლოდინში, რომ სამსახურს მარტივად იშოვიდნენ და შემოსავალიც მაღალი ექნებოდათ, საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ ბაზარზე ამდენი კადრის მოთხოვნა არც ყოფილა და რა მოთხოვნაც იყო, საკმაოდ დაბალ ანაზღაურებადი.  

ამის პარალელურად კი, მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ძალიან დიდი ჰონორარის ფასად ეძებდნენ გლაციოლოგს და ბაზარზე ვერ იპოვეს. ასეთი კადრი რომ გამოჩენილიყო, თვეში მინიმუმ 10 ათასი ლარის ოდენობის საკმაოდ მსუბუქი სამუშაოს შესრულება მოუწევდა.  

სწორედ ამიტომ, ჩნდება შეკითხვა, პროფესიის შერჩევისას რა უფრო მნიშვნელოვანია? მივყვეთ იმას რაც გვიყვარს და ბოლომდე გვჯეროდეს, რომ საყვარელ საქმიანობაში წარმატებას მივაღწევთ, თუ უფრო პრაგმატულად შევხედოთ ამ საკითხს და უსაფრთხო, გარანტირებული პროფესია ავირჩიოთ?  

გამოდის, რომ საკითხი დგას შემდეგნაირად: ანგარებით ავარჩიოთ პროფესია თუ სიყვარულით?

დავიწყოთ იმით, რომ გამდიდრება ცალკე უნდა გამოვყოთ. გამდიდრება სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა რამეა, ამ შემთხვევაში მოდი მოვიაზროთ მილიონერობა, რაც ტოპ 1%-ში მოხვედრას გულისხმობს. გამდიდრების მიღწევა მიზანდასახულობის, შრომისუნარიანობის და დილით ადრე ადგომის გარეშე შეუძლებელია. არსებობს სხვადასხვა მითები ეგრევე გამდიდრებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს რეალობა არ არის.  ხალხი ამისთვის ძალიან ბევრს შრომობს და საქმეს შუა გზაში არ ტოვებს. გამდიდრების პროცესი რაღაც ეტაპზე გაგაღარიბებთ, ძირს დაგაგდებთ. მაგალითად, ინვესტირება გამდიდრების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შანსია, ხალხი ფიქრობს, რომ ინვესტორები ეტაპობრივად ნელ-ნელა მიიწევენ წინ, სინამდვილეში კი არაერთხელ ეცემიან, კოტრდებიან. 10-ჯერ წაქცეული ინვესტორი 11-ჯერ დგება ფეხზე და აგრძელებს ოცნების კოშკზე სიარულს.  

ამოცანა გვეკითხება, ძირს წაქცეულ მდგომარეობაშიც გააგრძელებ საყვარელი საქმის კეთებას? როდესაც დამტკიცდა, რომ არ გამოგდის საქმე, აგრძელებ ამ საქმიანობას? აქ სწორედ სიყვარულს აქვს ის ძალა რომ გაგაგრძელებინოს ამ საქმის კეთება. როდესაც ბავშვი ავად არის, მშობლები ისევე აგრძელებენ მშობლობას, როგორც კარგად ყოფნის პერიოდში, ისევე უყვართ, როგორც მანამდე. საქმე, რომელსაც გამორჩენისთვის და ფულის შოვნისთვის აკეთებთ ამ დროს ცხადია არ გააგრძელებთ ამ საქმიანობას. ფულის საშოვნელად რომ ბანკში წავედი და ფულს ვერ ვშოულობ, რატომ გავჩერდები იქ?  

გამდიდრებას რაც შეეხება მანდ სიყვარულია საჭირო, ვინც ოცნებობს გამდიდრებაზე და არ მოეშვება ამ ოცნებას, ვინც ოცნებობს რომ ცნობილი გახდეს და ამისთვის თავდაუზოგავად იმუშავებს, ის აუცილებლად მიაღწევს მიზანს. თუმცა, ადვილი გზა ნამდვილად არ არის გასავლელი.  

მეორე, „უსაფრთხო“ პროფესიაში სიმდიდრეს ვერ მიაღწევთ, გექნებათ გარანტირებული, ნორმალური ანაზღაურება. თქვენ თუ შეგიძლიათ მიიტანოთ სახლში დიპლომი, რომელიც უზრუნველყოფს 2000 ლარიან სამსახურს, გაჭირვების შემთხვევაში, ეს რეალურად არის უსაფრთხოების ბადე. როდესაც ოცნების კოშკზე ადიხართ და რაღაც მომენტში ძირს დაეცემით, სწორედ ეს უსაფრთხოების ბადე უზრუნველყოფს რომ შემოსავლის გარეშე არ დარჩეთ, მოიკრიბოთ ძალები და ისევ თქვენი ოცნებისკენ გააგრძელოთ სიარული რაღაც ეტაპის მერე.

მაგალითად, ვიცნობ ადამიანს, რომელიც ოცნებობდა მუსიკოსობაზე, უკრავს გიტარაზე და მღერის კარგად. მისი ოჯახი, მიუხედავად იმისა, რომ ისინიც ხელოვანები არიან, საკმაოდ შეშინებული იყო ამ არჩევანით, რადგან მუსიკოსობა, როგორც პროფესია ბევრ გარანტიას ვერ იძლევა. ამ ადამიანს ასევე აინტერესებდა სასტუმროების მენეჯმენტი, ისწავლა ამ მიმართულებით და დღეს ის ერთ-ერთ საერთაშორისო სასტუმროში მუშაობს და ამ სფეროს საკმაოდ წარმატებული პროფესიონალიც არის. ამის პარალელურად, წლების განმავლობაში ის თავის ოცნების კოშკზეც მიიწევდა წინ და შემოსავლიანი სამსახური საკმაოდ დაეხმარა რომ წინ გადაედგა ნაბიჯები, დღეს კი მისი ბენდი საკმაოდ ცნობილია.  

ადამიანს, რომელსაც აქვს ისეთი პროფესია, რომლის დამსახურებითაც ბანკშიც დაიწყებს მუშობას, რომელიმე კერძო კომპანიაშიც დაასაქმებენ, ანუ საჭირო პროფესია, როგორებიცაა IT, ბუღალტერი, იურისტი, მარკეტოლოგი და ა.შ. ყოველთვის გარანტირებულად შეძლებს მუშაობის დაწყებას, შეიძლება ეს საქმიანობა არ აღაფრთოვანებდეს, მაგრამ ამის პარალელურად შეუძლია აკეთოს ის საქმე, რომელიც უყვარს და უსაფრთხო პროფესია სწორედ საყვარელ პროფესიას მოახმაროს.    

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
9 იანვარი 2023 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

რას უნდა დაეყრდნოს პროფესიული არჩევანი? რჩევები აბიტურიენტებისთვის

პროფესიის არჩევის ეტაპი ადამიანების ცხოვრებაში, იქნება ის აბიტურიენტი, თუ სტუდენტი, საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია. . . .

როგორ ვიშოვო პირველი სამსახური?

ძალიან ხშირად, დასაქმების საიტებზე, თუ სოციალურ ქსელებში შეხვდებით კომპანიების მიერ განთავსებულ ვაკანსიებს, სადაც ითხოვენ გამოცდილებას. ამას მოყვება ახალგაზრდების მხრიდან პრეტენზიები, როგორ უნდა იშოვონ პირველი სამსახური, თუ ყველა ითხოვს გამოცდილებას. . . .

Plan A და Plan B პროფესიის შერჩევისას

რაც უფრო ფართო დიპლომი გექნებათ, რაც უფრო მეტ ტერიტორიას დაფარავს, მით უკეთესი, ხოლო შენ რა უნდა აკეთო ამას დიპლომი არ განსაზღვრავს. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები