რისი კეთება უნდა შევწყვიტო?

რისი კეთება უნდა შევწყვიტო?


გარემო ძალიან სწრაფად იცვლება სამსახურში, ბიზნესში თუ სანაცნობო წრეში. სულ ვდგებით იმ ფაქტის წინაშე, რომ რაღაცები შესაცვლელი, გადასალაგებელია.

წარმოიდგინეთ ხის ჯამი, რომელიც ბურთებით არის სავსე. ბურთები წარმოადგენს სხვადასხვა საქმეს, ეს ჯამი მთელი თქვენი საქმეების ერთობლიობაა. რამხელა ჯამიც არ უნდა გქონდეთ, ის მაინც გაივსება საქმეებით. აუცილებლად გამოჩნდება რაღაც საქმე, რომელიც გენდომებათ, რომ ჯამში დაამატოთ, იქნება ეს ბიზნეს განათლების გაგრძელება, წიგნის დაწერის სურვილი, ვიდეოების ჩაწერა და ა.შ.  

თუ თქვენი საქმეების ჯამი სავსეა, აღმოაჩენთ, რომ ახალი ბურთის ჩადების საშუალება არ გაქვთ. 

რას ვშვრებით ამ დროს?

პირველ რიგში, უფრო დიდი ჯამი გვჭირდება, რაც ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდას გულისხმობს. 

2021 წელს თუ შეგვეძლო 10 საქმის გაკეთება 2022 წელს უნდა შევძლოთ 15 საქმის გაკეთება. 

პროდუქტიულობის გაზრდას სჭირდება ტრენინგი, დაფიქრება, საქმეების მოწესრიგება -  ესეც საქმეა, ესეც ბურთია. ახალი ჯამის შოვნა თუ დამზადება კი შრომატევადი საქმეა. 

აქ დგება საკითხი, რომ ახალი საქმეების დაწყების შემთხვევაში რაღაცების კეთება უნდა შეწყვიტოთ. დროს ფაქტია, ვერ გავზრდით. 

ჩვენ ვიმატებთ საქმეებს იმიტომ, რომ გვაინტერესებს, დაწინაურება გვინდა, გუნდს დახმარება სჭირდება და საბოლოოდ გამოდის, რომ ჯამი კი არ გავზარდეთ, არამედ ჯამიდან ამოვაკელით პირადი ცხოვრება, მეგობრებთან ურთიერთობა, ბავშვებთან დროის გატარება, სრულყოფილი ძილი. 

სამწუხაროდ, ეს ის ჩამონათვალია, რომლებსაც ვამცირებთ ახალი საქმეების დამატების ხარჯზე, თუმცა, ეს ის რაღაცებია, რაც ენერგიას გვივსებს - ურთიერთობები, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ოჯახთან ურთიერთობა, მეგობრები. სწორედ ეს აქტივობებია, რაც აძლიერებს და ამყარებს ჯამს. ამ ყველაფერზე უარის თქმით ჯამი კი არ გაიზრდება, არამედ დაზიანდება, რაც ნიშნავს, რომ თქვენი პროდუქტიულობა დაზიანდება.

იმ აქტივობების ხარჯზე, რომლებიც გავსებთ და გაძლიერებთ, არ აიღოთ ახალი საქმე. 

უნდა გადახედოთ თქვენ საქმიანობებს და იპოვოთ ისეთი ადგილები, რომლებიც შეიძლება შეავიწროვოთ, ნაკლები დრო დახარჯოთ ან საერთოდ ამოიღოთ.

იქნება ეს ტელევიზორის ყოველდღიურად ყურების  შეწყვეტა, სოციალურ ქსელში ნაკლები დროის გატარება, გვიან დაძინება, ზედმეტი ძილი თუ სხვა. 

ჩვენ ვამბობთ, რომ უსარგებლო ან ნაკლებ საჭირო რაღაცაზე უარის თქმით შეგიძლიათ გამოათავისუფლოთ დრო სხვა საჭირო საქმეებისთვის. 

დროის მენეჯმენტის ტრენინგს როდესაც ვატარებდი, ჩემს მეგობარს, რომელიც ძალიან დატვირთულია როგორც სამსახურში, ასევე ოჯახურ ცხოვრებაში, შევთავაზე ტრენინგზე უფასოდ დასწრება, რომ მისთვის ხელი შემეწყო და სწორად ემართა თავისი საქმიანობა და დრო. ძალიან გაუხარდა, მადლობები გადამიხადა, თუმცა მეორე დღეს დამირეკა და მითხრა, რომ დროის მენეჯმენტის ტრენინგზე დასწრების დრო არ აქვს - არ მცალიაო. ხუმრობით ვუთხარი, რომ ის უკვე გადატვირთულობის ბოლო სტადიაშია, რადგან ვერ იცლის იმისთვის, რაც მოცლაში, დროის გამოთავისუფლებაში დაეხმარებოდა. 

ამ მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდეთ, პერიოდულად უნდა გააანალიზოთ, ხომ არ აკეთებთ ისეთ რაღაცას, რაც სხვას შეგიძლიათ დაავალოთ, გახადოთ ავტომატიზებული, ან საერთოდ შეეშვათ კეთებას. 

რატომ ვაკეთებთ არასაჭირო საქმეს? ეს საქმე თავის დროზე საჭირო იყო, შემდეგ ჩვევაში გადაიზარდა და აღარავის გადაუხედავს კიდევ საჭიროა თუ არა მისი კეთება. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თქვენი ჯამიდან აუცილებლად რაღაც უნდა ამოვიდეს იმისთვის, რომ ახალი საქმეებისთვის გათავისუფლდეს ადგილი.

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
9 დეკემბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები