როდის დაბრუნდება კარგი დრო

როდის დაბრუნდება კარგი დრო


თუ დააკვირდებით მიმდინარე მოვლენებს ხშირად მოისმენთ ერთ უწყინარ შეკითხვას/ნატვრას - „როდის დაბრუნდება ძველი დრო?“ ზოგი კითხულობს როდის დაბრუნდება სწავლის ძველებური ფორმა, ბავშვები რომ წავიდნენ სკოლაში, ზოგი კითხულობს დაბრუნდება თუ არა „ფეისბუქის“ ძველი ინტერფეისი, რადგან ახალი არ მოსწონთ, ზოგი ნატრულობს, რომ დაბრუნდეს პანდემიამდე დროინდელი წესები და შეძლონ თავისუფალი შეკრება, ზოგი კითხულობს მშვიდობა როდის დაბრუნდება, პოლიტიკური სტაბილურობა, ლარის კურსი და ა.შ. 

ამ საკითხზე სხვა კუთხით გვინდა რომ დაგაფიქროთ და დაგანახოთ, რომ ასეთი მიდგომა ცოტა დესტრუქციულია. რას ნიშნავს სიტყვა დაბრუნება და როგორ გვესმის ის? წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი წავიდა საზღვარგარეთ და შემდეგ დაუბრუნდა იმ მდგომარეობას სადაც იყო, ან წავიდა სამსახურიდან და შემდეგ უკან დაბრუნდა. ეს ყველაფერი რომ გადავიტანოთ მოვლენებზე, დრო ვიცით რომ უკან არ დაბრუნდება, მაშინ რა უნდა დაბრუნდეს? რაიმე კონკრეტული მოვლენა? ან კონკრეტული მოვლენის დაბრუნება რას ნიშნავს? კარგად რომ დავფიქრდეთ, აღმოვაჩენთ, რომ ირაციონალური რწმენა გვაქვს, რომ, მაგალითად, 2025 წელს ყველაფერი ისე იქნება როგორც 2015 წელს იყო. ეს კი შეუძლებელიც არის და არაჯანსაღიც. 

რა უნდა მოხდეს, რომ ძველი დრო დაბრუნდეს. პირველ რიგში, პანდემია უნდა გაქრეს და ის გამოცდილება რაც პანდემიის დროს მივიღეთ აღარ არსებობდეს, ვინც ფრთხილი გახდა აღარ უნდა იყოს ფრთხილი, ვინც ჰიგიენური წესების დაცვა დაიწყო (უფრო მეტად) აღარ უნდა იყოს ასეთი, პანდემიის დროს ონლაინ მიღწევები აღარ უნდა გამოვიყენოთ. 

რეალურად, ძველი დროის დაბრუნდება კი არ უნდა ვინატროთ, წინ უნდა გავიხედოთ და რაც ამ პერიოდში კარგი გამოცდილება მივიღეთ, დავუმატოთ ძველი დროის კარგ გამოცდილებას და შევაერთოთ იმასთან, რაც მომავალს მოაქვს. 

„ფეისბუქის“ ძველი ინტერფეისი კი არ უნდა დაბრუნდეს, რაც არ მოგვწონს ის უნდა გაუმჯობესდეს. სკოლა როგორიც იყო ისეთი კი არ უნდა გახდეს, უნდა დაიხვეწოს. რატომ უნდა დავუბრუნდეთ ფიზიკურ სამსახურებრივ შეხვედრებს, როცა ონლაინ შეხვედრებით ძალიან დიდი დრო იზოგება? რატომ უნდა ჩატარდეს სტანდარტული ტრენინგები, მაშინ როდესაც ონლაინ უფრო პროდუქტიულია? ონლაინ ცხოვრების ყველაზე დიდი კრიტიკის მიზეზი არის, რომ იკარგება ადამიანური ურთიერთობები. რეალურად ადამიანური ურთიერთობები კი არ უნდა დაიკარგოს, ახალი საშუალებები უნდა გაჩნდეს ამ ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. იმისთვის, რომ ადამიანთან ვითანამშრომლოთ არ არის საჭირო ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში გამგზავრება, ამის გაკეთება ონლაინ გარემოშიც ისეთივე წარმატებით შეიძლება. 

სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული რა უნდა დავიტოვოთ წარსულიდან, რა გავაუმჯობესოთ და რა ჩავანაცვლოთ. დაბრუნების მითი უნდა ჩავანაცვლოთ პროგრესისკენ სწრაფვით. წარსულის დაბრუნებაზე კი არა, მომავლის განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ.

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
5 აპრილი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები