როგორ ავალებენ თანამშრომლები მენეჯერებს (უკუდელეგირება)

როგორ ავალებენ თანამშრომლები მენეჯერებს (უკუდელეგირება)


ჩვეულებრივ, დელეგირება არის ხელმძღვანელის მიერ თანამშრომელზე სამუშაოს გადაბარება. ხოლო უკუდელეგირება პირიქით - პროცესი, როდესაც თანამშრომელი ავალებს თავის ხელმძღვანელს საქმეს.

ამ სტატიაში სწორედ უკუდელეგირებაზე ვისაუბრებთ.

უკუდელეგირება, როგორც წესი, ნეგატიურ კონტექსტში განიხილება.

როგორ ახერხებენ თანამშრომლები იმას, რომ რაც მათ ევალებათ და მათი პასუხისმგებლობაა, ავალებენ თავიანთ ხელმძღვანელებს?

უკუდელეგირების გამოვლინების პირველი მეთოდი არის პასუხისმგებლობის გაზიარება. წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ თქვენ დაავალეთ თანამშრომელს, მაგალითად ოფისისთვის სკამების შერჩევა და ყიდვა.

ხშირად თანამშრომელი „შემოივლის“ თქვენთან, მეილით, ონლაინ თუ ფიზიკური შეხვედრით და გეუბნებათ, რომ რაღაც ალტერნატივები ნახა და იქნებ ერთად გადახედოთ და შეარჩიოთ. ერთი შეხედვით, თანამშრომელი ცუდს არაფერს აკეთებს, ბოროტი განზრახვა არ აქვს. თუმცა, ალტერნატივებს თუ გადახედავთ და თქვენს აზრს გამოთქვამთ, სკამების შერჩევა აღარ იქნება მხოლოდ თანამშრომლის პასუხისმგებლობა. 

თუ თქვენ მიერ არჩეულ სკამს შეიძენს კომპანია და ვინმეს არ მოეწონება ფერი ან ფორმა, ეს თანამშრომლის პასუხისმგებლობა აღარ იქნება, ამაში მონაწილეობა ხომ თქვენც მიიღეთ. 

შეიძლება იყოს უფრო დიდი სირთულის საკითხი, რომელშიც ჩაერთვებით და თქვენი მისაღები იქნება ისეთი გადაწყვეტილებები, რაც რეალურად თქვენი თანამშრომლის პრეროგატივაა. სჯობს, გადაწყვეტილების მიღება იმ ადამიანს მიანდოთ, ვისაც დაავალეთ საქმე. თუ დოკუმენტების შედგენაზეა საუბარი, ფრაზა „მოდი გადამიხედე ამ დოკუმენტს“ ითვლება, რომ არის პასუხისმგებლობის გაზიარება და უკუდელეგირება. 

თუ თანამშრომელისთვის დავალება რთული აღმოჩნდა და დახმარებას გთხოვთ, ამაზე უარი არ უნდა უთხრათ. მაგარმ იცოდეთ, რომ ასეთ დროს გადაწყვეტილების მიღება უკვე თქვენი პასუხისმგებლობაა.

მიეცით საშუალება თანამშრომლებს, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები და შეძლონ პასუხისმგებლობების თავის თავზე აღება. საუბარია ისეთ საქმეზე, რაც მათი მოვალეობაა. თუ თქვენს თანამშრომელს საქმე დაავალეთ, მაშინ ენდეთ და მიეცით შესაბამისი თავისუფლებაც. თუ მიგაჩნიათ, რომ მის გაკეთებულ საქმეს უნდა გადახედოთ და შუა გზაში თქვენც ჩაერთოთ, მაშინ სჯობს, საერთოდ არ დაავალოთ. 

რასაც დაადელეგირებთ, კარგად დააკვირდით, რომ უკან თქვენს ჯამში არ მოხვდეს ეს დავალება. თანამშრომლებსაც კარგად უნდა აუხსნათ, რომ მათი პასუხიმგებლობაა ის, რასაც აკეთებენ. ბევრი მენეჯერი დოკუმენტებში მართლწერას უმოწმებს თანამშრომლებს, თუ ამ დონეზე არ ენდობით, მაშინ არ დაავალოთ დოკუმენტების შედგენა. იცით რატომ ნახულობთ შეცდომებს? იმიტომ, რომ თანამშრომელმა იცის საბოლოოდ თქვენ გადახედავთ და შეუსწორებთ. თქვენთან, ფაქტობრივად, ნახევარფაბრიკატები მოაქვს. როცა იცის, რომ თვითონ არ არის ბოლო ინსტანცია, სრული ყურადღებით და პასუხისმგებლობით არ ასრულებს სამუშაოს. 

"ფლომასტერის" ტრენინგების მონაწილეებს ხშირად ვეუბნებით, ყურადღებით დააკვირდნენ, სად გადის ხაზი დახმარებასა და უკუდელეგირებას შორის. 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
28 იანვარი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

რა მნიშვნელობა აქვს უკუკავშირს და რა სარგებელი შეიძლება მივიღოთ მისგან?

უკუკავშირი მნიშვნელოვანი საჩუქარია განვითარებისთვის და გვეხმარება საკუთარი ქცევა სხვადასხვა მხრიდან დავინახოთ. . . .

მენეჯმენტი სხვადასხვა კულტურაში

მოგეხსენებათ, რომ კულტურების თემა ძალიან ფართო და მრავალფეროვანია. მასზე მსჯელობა ბევრი თვალსაზრისით შეიძლება. . . .

რომელ "სამ სპილოს" ეყრდნობოდა ძველი მენეჯმენტი და რატომ აღარ გამოდგება ისინი დღეს?

ალბათ იკითხავთ რა კავშირშია ერთმანეთთან სპილო და მენეჯმენტი. ამ შემთხვევაში ფუნდამენტურ დასაყრდენს ვგულისხმობთ. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები