მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები
რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .
გასაკვირი არ არის, რომ დღეს ადამიანების უმეტესობა თავისი პროფესიით არ მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ კონკრეტულ საქმიანობაში, პროფესიონალები არიან, წარმატებული კარიერა აქვთ აწყობილი და მაღალ პოზიციებზე მუშაობენ, მაინც აქვთ განცდა, რომ თავის სფეროში არ არიან, სურთ რაღაც სხვის, ახლის კეთება. თუმცა ასეთ დროს რთულია არსებული სამსახური და საქმიანობა მიატოვო და ყველაფერი ნულიდან დაიწყო.
ამ სტატიაში სწორედ სასურველი საქმის პარალელურ რეჟიმში წამოწყებასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ.
ჩვენი ტრენინგების მონაწილეებს ყოველთვის ვეუბნებით, რომ არსებობს პროფესიის არჩევისა და წარმატების მოდელი, რომელიც სამ ძირითად საყრდენს ეფუძნება.
პირველი, ეს არის სასარგებლო საქმე, რომელიც გულისხმობს მოთხოვნად პროფესიას, რაშიც საჭიროა დიპლომი ან ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი პროფესია, შეიძლება ითქვას, რომ შავი დღისთვის არსებობს. თუ გვჭირდება სამსახური და დიდი არჩევანის არ გვაქვს, სასარგებლო საქმე დაგვეხმარება სამსახურის მოძიებაში.
მეორე, რაც საჭიროა გრძელვადიანი ბედნიერებისთვის, არის საყვარელი საქმე. არის შემთხვევები, როცა სასარგებლო და საყვარელი საქმეები ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა, დღევანდელ რეალობაში ეს იშვიათად ხდება. საყვარელ საქმიანობაში დიპლომს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება, აქ მთავარია მონდომება, მოტივაცია და გულანთებული პროფესიონალიზმი.
მესამე კომპონენტი არის უცხო ენების ცოდნა. ახალგაზრდებს ვურჩევთ, რომ იშვიათი უცხო ენა შეისწავლონ, რადგან ინგლისური ენა დღეს თითქმის ყველამ იცის.
თუ თქვენ სასარგებლო საქმე უკვე გაქვთ, შეგიძლიათ საყვარელ საქმეს და უცხო ენებს დაუთმოთ დროს.
რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ადვილი არ არის ახალი ბიზნესის წამოწყება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკვე დასაქმებული ხართ და ამისთვის დიდი დრო არ გრჩებათ. გარდა ამისა, ჩვენი შემზღუდავი ფიქრები იგივე მაჯლაჯუნები მუდმივად გვიმეორებენ, რომ არაფერი გამოგვივა, ახალი ბიზნესის წამოწყება უკვე გვიანია, რაღა დროს უცხო ენის შესწავლაა და ა.შ. ამას ემატება გარემო პირობები, არასაკმარისი ფინანსები, ახლობლები, რომლებიც გვიმეორებენ, რომ სჯობს იმ სამსახურს მივხედოთ, რომელიც გვაქვს, ახალი საქმის დაწყების დრო არ არის.
ასეთ დროს გირჩევთ, მოიძიოთ სტატისტიკა და აღმოაჩენთ, რომ ყველაზე წარმატებული სტარტაპები წამოწყებულია 40-45 წლის ადამიანების მიერ.
მთავარია, გქონდეთ სურვილი, მოტივაცია და ცოდნა, ახალი საქმის წამოწყება კი გვიანი არასდროს არის.
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ წახვიდეთ თქვენთვის სასურველი მიმართულებით? პირველ რიგში მოლოდინები უნდა გქონდეთ რეალისტური.
არსებობს 10 000 საათის პრინციპი, რაც გულისხმობს, რომ, რაიმე საქმეში პროფესიონალი რომ გახდეთ, ამისთვის 10 000 საათი უნდა დახარჯოთ.
თუ თქვენ არ მუშაობთ და შეგიძლიათ საყვარელ საქმიანობას სრული რესურსი მოახმაროთ, დღეში საშუალოდ 8 საათი, პროფესიონალად ჩამოსაყალიბებლად 4-5 წელი დაგჭირდებათ.
თუმცა, ხშირ შემთხვევაში ადამიანებს საყვარელი საქმიანობის წამოწყება სამსახურის პარალელურად უწევთ, რაც ნიშნავს, რომ დღეში საშუალოდ 4 საათი გვრჩება იმისთვის, რომ ახალ ბიზნესს დავუთმოთ დრო. ასეთ შემთხვევაში, პროფესიონალად ჩამოყალიბებაში 8-10 წელიწადი დაგჭირდებათ.
ხშირია მოლოდინი, რომ ახალ ენას, ახალ პროფესიას სრულად აითვისებენ ნახევარ წელში ან ერთ წელიწადში. რეალობა ის არის, რომ ნამდვილ დახელოვნებას წლები სჭირდება.
თუ თქვენ ხართ 30 წლის და გინდათ, სხვა საქმიანობას შეეშვათ და პროფესიონალი ფოტოგრაფი გახდეთ, ამასთანავე იცით, რომ ამისთვის დაახლოებით 10 წელი გჭირდებათ, ჩვენ გირჩევთ, რომ საკითხს შემდეგნაირად შეხედოთ: დაიწყებთ საყვარელ საქმიანობას თუ არა, 10 წლის შემდეგ თქვენ 40 წლის ისედაც გახდებით, ამიტომ, სჯობს დაიწყოთ ფოტოგრაფიის შესწავლა, ფოტოების გადაღება თქვენი საქმიანობის პარალელურად და როდესაც 40 წლით გახდებით, თქვენ უკვე შემდგარი პროფესიონალი იქნებით.
მნიშვნელოვანია, დაარწმუნოთ თქვენი თავი, რომ ახალი საქმის დაწყებას ძველი საქმის დანგრევა ან გაჩერება არ სჭირდება.
იმისათვის, რომ ახალი ბიზნესი დაიწყოთ, პირველ რიგში, გჭირდებათ პარტნიორებისა და მხარდამჭერების შემოკრება. ნუ ჩათვლით, რომ ყველაფრის მარტო გაკეთებას შეძლებთ. გუნდური მუშაობა გაცილებით გაგიმარტივებთ პირველი ნაბიჯების გადადგმას.
აუცილებელია, გქონდეთ კონკრეტული გეგმა. „რაღაც იქნება“, „რაღაც გამოჩნდება“ ფრაზებით ბიზნესს ნამდვილად ვერ ააწყობთ.
მესამე, რაც უნდა გაითვალისწინოთ, გამოყავით კონკრეტული დრო კალენდარში ახალი საქმისთვის. თქვენ გარშემო ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ დღის კონკრეტულ მონაკვეთში დაკავებული ხართ. გაითვალისწინეთ, რომ ახალი ბიზნესის დაწყებას რესურსი სჭირდება, რა დროსაც თქვენ შეიძლება გამოაკლდეთ დაბადების დღეებს, მოგიწიოთ მეგობრებთან ერთად წასვლაზე უარის თქმა.
და რაც მთავარია, თქვენ გჭირდებათ პრაქტიკული გამოცდილება, მხოლოდ წიგნების წაკითხვა საქმეს არ გასწავლით. თუ თქვენ გსურთ, რომ იყოთ ტრენერი, წიგნების კითხვით ვერ ისწავლით კარგ ტრენერობას. დაიწყეთ საქმიანობა, ასწავლეთ ახლობლებს, მეგობრებს, სკოლის მოსწავლეებს. სანამ კარგი ტრენერი გახდებით, ჯერ არასაკმარისად კარგი ტრენერიც უნდა იყოთ. აუცილებელია პრაქტიკა იმისთვის, რომ პროფესიონალად ჩამოყალიბდეთ.
თქვენი სასარგებლო საქმე არსად წავა და ის ყოველთვის გექნებათ რეზერვში.
თუ თქვენ ეს ყველაფერი უკვე გაკეთებული გაქვთ და საყვარელი საქმიანობის შესწავლის პროცესში ხართ, გჭირდებათ დისციპლინა და შრომა. ამის გარეშე წინსვლა შეუძლებელია.
რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .
დიდი საქმეებისკენ სვლა არც ისე რთულია. მთავარია პატარა ნაბიჯებით დაიწყოთ. . . .