როგორ „დავცალოთ თავი“ სტრესის შესამცირებლად

როგორ „დავცალოთ თავი“ სტრესის შესამცირებლად


ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომეტი, როდესაც სამსახურში, პირად ცხოვრებაში, ოჯახსა თუ მეგობრების წრეში იმატებს საქმეები. გადატვირთულობის ტალღები თანამედროვე ადამიანისთვის უცხო მოვლენა არ არის. ასეთი დატვირთულობის დროს ჩნდება შეგრძნება, რომ ვკარგავთ კონტროლს, თითქოს ჩვენ კი არ ვმართავთ სიტუაციას - პირიქით, სიტუაცია გვართავს ჩვენ. ასეთი მდგომარეობა არაპროდუქტიული და ხშირად სტრესულიც კი არის. 

სტრესის მართვისა და პროდუქტიულობის უამრავი სახელმძღვანელო არსებობს, რომლებიც ერთი და იმავეს გვეუბნებიან - აუცილებლად უნდა „დავცალოთ ჩვენი თავი“.

რას ნიშნავს „თავის დაცლა“?

ჩვენი ცნობიერება ზრუნავს ჩვენზე და  ცდილობს, რომ არაფერი დაგვავიწყდეს. იქნება ეს ნათესავის დახმარება, სახლში პროდუქტის მიტანა თუ სამსახურში ყოველდღიურად ზღვა ინფორმაციის დამახსოვრება. ჩვენი თავი ბლოკნოტით დაგვყვება და ცდილობს, მნიშვნელოვანი თუ წვრილმანი  ინფორმაციები ჩაინიშნოს და არაფერი გამორჩეს. როდესაც ტვინი იღებს უამრავ ინფორმაციას, ამ დროს ის იტვირთება და შეიძლება ითქვას, რომ „ცოტას ურევს“. მაგალითად, მნიშვნელოვან შეხვედრაზე შეიძლება გაგახსენდეთ, რომ სახლში შაქარი გამოგელიათ და საყიდელია, მეგობრის დაბადების დღისთვის გაქვთ საჩუქარი შესარჩევი და ა.შ. აბსოლიტურად უადგილო ადგილას გახსენდებათ უადგილო ინფორმაცია. ეს ჩვეულებრივი მომენტია გადატვირთულობის პერიოდში, ხოლო გადატვირთულობა, როგორც აღვნიშნეთ, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. 

რა არის გამოსავალი? "ფლომასტერის" ტრენინგებზე ხშირად ვამბობთ, რომ უნდა მოვიფიქროთ თავს გარეთ შენახვის სისტემა, რომელშიც ყველა ინფორმაციას გადავიტანთ. ასეთ დროს ტვინმა იცის, რომ სადღაც, საიმედო ადგილას ინახება ინფორმაციები, რომლებიც ჩვენ გვჭირდება, რომ გვახსოვდეს და იმდენად აღარ ნერვიულობს, განიტვირთება და სიწყნარე ისადგურებს. შედეგად კი სამსახურში ვფიქრობთ სამსახურის საქმეებზე, საყიდლებზე ყოფნისას საყიდელ პროდუქტებზე და ბავშვთან ყოფნისას მასთან დროის გატარებაზე. ტვინიც უფრო ორგანიზებულად მუშაობს და ჩვენც უფრო პროდუქტიულები ვართ.

პრაქტიკაში განსახორციელებლად, გთავაზობთ ჩვენ მიერ შემუშავებულ მეთოდს, რომელსაც ბრძოლის ველი (battlefield) დავარქვით. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ მხედართმთავარი, რომელიც ბრძოლის ველის ყველა ტერიტორიას უნდა აკონტროლებდეს და ერთიანად ხედავდეს. როგორც კი მხედართმთავარი ერთ კონკრეტულ ტერიტორიაზე კონცენტრირდება, მას ყურადღების მიღმა დარჩება სხვა მნიშნველოვანი ასპექტები.

არსებობს ინსტრუმენტი mindmeister.com, რომელიც ამ მიდგომის პრაქტიკაში განხორციელებაში დაგეხმარებათ. თუმცა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ფურცელზე გადაიტანოთ თქვენი “mindmap”-ი

Mindmesiter-ის პროგრამაში შეგიძლიათ, დაყოთ თქვენი ყოველდღიური საზრუნავები კატეგორიებად - ოჯახი და მეგობრები, სამსახური, პირადი ცხოვრება და ა.შ. ყველა მათგანს მიუწეროთ მნიშვნელოვანი ინფორმაციები, რომლებიც არ გინდათ, რომ გამოგრჩეთ. არ არის აუცილებელი, ყოველდღიურად აკეთოთ ეს საქმე. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ერთიანი სისტემა და პერიოდულად ჩაიხედოთ მასში, წაშალოთ ზოგიერთი საკითხი, დაამატოთ ახლები, გაიხსენოთ ძველები და ა.შ. 

მთავარი ისაა, რომ გადატვირთულობის პერიოდში თქვენს ტვინს მისცეთ საშუალება, განიტვირთოს და თქვენი პროდუქტიულობაც არ დაზარალდეს. 

 

 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
4 ოქტომბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები