როგორ გავხადო სამუშაო სახალისო და პროდუქტიული? სამუშაოს ათამაშება - Gamification

როგორ გავხადო სამუშაო სახალისო და პროდუქტიული? სამუშაოს ათამაშება - Gamification


ტერმინი „Gamification” სამუშაოსთან მიმართებაში შეიძლება უცნაურად ჟღერდეს. რა იგულისხმება ამ ტერმინში და რა ტენდენციაა თანამედროვე ორგანიზაციებში ამაზე ვისაუბრებთ ამ სტატიაში. 

მილენიალების მოსვლასთან ერთად სამუშაო გარემოში და ორგანიზაციებში დიდი ინტერესი გაჩნდა, რომ თამაშის ელემენტები იქნეს გამოყენებული სამუშაოს დაგეგმვისას და მართვისას. 

თქვენ შეიძლება კომპიუტერულ თამაშებს არ თამაშობდეთ, მაგრამ თუ ოჯახში, სანათესავოში, სამეზობლოში ან სამეგობროში მოზარდი ბავშვები გყავთ აუცილებლად გექნებათ გაგებული, რომ მიჯაჭვულები არიან კომპიუტერულ თამაშებზე.

ის რაც ზრდასრულებს დამოკიდებულება გვგონია, რეალურად საკმაოდ კონკრეტული და ვალიდური მიზეზი არსებობს, თუ რატომ იზიდავთ ახალგაზრდებს კომპიუტერული თამაშები.

კომპიუტერულ თამაშებს ახასიათებთ ისეთი ელემენტები, რომელთა დანერგვასაც ბევრი დასავლური ორგანიზაცია ცდილობს სამუშაო გარემოში და სწორედ ამ ელემენტების დანერგვით ცდილობენ სამუშაო გარემოს „ათამაშებას“ (gamification).

სამი ჯადოსნური თვისება აქვს კომპიუტერულ თამაშებს.

პირველი არის ავტონომია. ანუ ბავშვს კომპიუტერულ თამაშში აქვს სრული ავტონომია და აკეთებს იმას რასაც უნდა. ვერც ერთი ოჯახის წევრი დედა, მამა თუ ბაბუა ვერ უკარნახებს და ვერ მისცემს მითითებას თუ როდის როგორ უნდა მოიქცეს თამაშში. ისინი მხოლოდ იმას ეუბნებიან, რომ არ ითამაშოს, მაგრამ თამაშის მსვლელობაში ვერ ერთვებიან.

მეორე, რაც ახასიათებს არის, რომ თანამედროვე თამაში ძალიან სწრაფ დახელოვნებას მოითხოვს, სწრაფად უნდა გაერკვეს ადამიანი რაღაცებში და როგორც კი რაღაც ახალს ისწავლის, მეორე წამსვე აქვს ამ სიახლის გამოყენების შესაძლებლობა.

მესამე თავისებურება არის სიამაყე. ბავშვი, რომელიც დახელოვნებულია თამაშში ის ონლაინ გარემოში, ეზოში თუ სკოლაში საკმაოდ საამაყო მოთამაშეა. მისი მიღწევები სამეგობროში აღინიშნება.

 

ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს არის ბავშვური სამეული, მაგრამ თანამედროვე მოტივაციის თეორია ამბობს, რომ სამი მთავარი დასაყრდენი აქვს თანამშრომლის მოტივაციას - ეს არის ავტონომია, დახელოვნება და სიამაყე.

გამოდის რომ ახალგაზრდა თაობა ბავშვობაშივე ძალიან სწორ სამოტივაციო მოთხოვნებს აყენებენ, მაგრამ ამას ვერ იღებენ რეალურ გარემოში.

სკოლაში ბავშვებს არანაირი ავტონომია არ აქვთ. არც სწრაფი დახელოვნება ხდება და ამ დახელოვნების სწრაფად გამოყენების შესაძლებლობაც არ აქვთ. ისეთ რაღაცებს სწავლობენ რაც 20 წლის მერე გამოადგებათ, ან საერთოდ არ გამოადგებათ. დიდად არც აღიარებას და სიამაყეს იღებენ, იშვიათი ბედნიერი გამონაკლისების გარდა.

ეს ბავშვები როდესაც გაიზრდებიან და მოვლენ თქვენთან სამსახურში ისინი აუცილებლად მოძებნიან ავტონომიას, დახელოვნებას და სიამაყეს.

დღეს უკვე მთელი მსოფლიო ამაზე ფიქრობს, თუ როგორ შექმნან ასეთი სამუშაო გარემო. უამრავი ლიტერატურა იწერება ამასთან დაკავშირებით.

როგორ შეიძლება ამას მიაღწიოს? გავიგოთ თუ როგორ აკეთებენ ამას კომპიუტერულ თამაშებში. თუ ჩვენ არ ვიცით ამ თემის გარშემო ბევრი რამ, გამოვკითხოთ ე.წ. „გეიმერები“. ისინი აუცილებლად მოგვაწვდიან საინტერესო იდეებს.

მაგალითად, ქულების მიღება კომპიუტერულ თამაშებში მისიების გადალახვის შედეგად ძალიან გავრცელებულია. დღეს უკვე ბევრი დასავლური ორგანიზაცია ქულების სისტემებს ნერგავს. ამ სისტემას კი ამბავს მატერიალურ თუ არამატერიალურ მოტივაციის სისტემასთან.

ქულების სისტემასთან ერთად შემოდის აზარტის ელემენტებიც, ვინ რამდენ ქულას დააგროვებს, ვინ ვის გადაასწრებს და ა.შ.

კომპანიები ასევე ცდილობენ თანამშრომლებს დახელოვნების საშუალება მისცენ. თუ 20 წლის ასაკში ადამიანი ბუღალტრად დაიწყებს მუშაობას, ის რეალობა წარსულს ჩაბარდა რომ 60 წლის ასაკშიც ბუღალტერი იქნება. ეჯაილ სისტემები ზუსტად იმას ცდილობენ, რომ ადამიანებმა ისწავლონ რაღაც ახალი და ამ ახლის გამოყენების შესაძლებლობა ჰქონდეთ - "ფლომასტერის" ტრენინგების მონაწილეებს ამას ხშირად ვეუბნებით. 

მესამე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომ ადამიანებს თავი დაფასებულად აგრძნობინოთ. ყველას დასანახად უნდა წარმოაჩინოთ მათი მიღწევები, მაგრამ ისე კი არა რომ 1000 კაცში ერთი ადამიანი გამოარჩიოთ, ყველამ თავისი წილი დაფასება უნდა მიიღოს.

როდესაც ბავშვი ახლიდან იწყებს თამაშს ის, რა თქმა უნდა, ყველაზე ძლიერი მოთამაშე ვერ იქნება, მაგრამ თავისი მიღწევები თამაშში შესაბამისად მაინც ფასდება, ასე უნდა იყოს სამუშაო გარემოშიც.

ამ ელემენტების გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ თანამშრომლების სრულფასოვნად მოტივაციას, ამიტომ თანამედროვე ლიდერობაში ითვლება რომ მილენიალებზე გარემოს მორგება არის ძალიან ცენტრალური ამოცანა.

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
7 ივლისი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

იდეალური მენეჯერის 4 დამახასიათებელი თვისება: იცხაკ ადიზესის მოდელი

როგორი უნდა იყოს იდეალური აღმასრულებელი? საკმარისია თუ არა მხოლოდ შედეგებზე ორიენტირება და კარგი დისციპლინა? ამ კითხვებზე პასუხს ბლოგში იპოვით. . . .

ჯილდო და ჯილდოს მოლოდინი

რატომ არის ჯილდოს მოლოდინი ისეთივე ძვირფასი, როგორც თავად ჯილდო? . . .

რატომ და როგორ უნდა ვიყო უხილავი „ლიდერი“

რას ნიშნავს ლიდერობა? რას გულისხმობს ლიდერობა და რა არის მისი საზომი? . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები