როგორ გავუმკლავდეთ სტრესს ცუდი სცენარების ანალიზის დახმარებით

როგორ გავუმკლავდეთ სტრესს ცუდი სცენარების ანალიზის დახმარებით


სტრესთან გამკლავება ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის განუყრელი ნაწილია. ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც ძალიან ეფექტური, თეორიულადაც ბევრგან აღწერილი და პრაქტიკაშიც საკმაოდ გამოყენებადია, არის უარესი სცენარების ანალიზი. 

პირადი მაგალითი რომ განვიხილო, ძალიან მასშტაბურ პროექტზე მუშაობისას თანამშრომელი მეუბნება ძალიან ცუდ ამბავს, რაც ფაქტობრივად პროექტის დაღუპვას მოასწავებდა. სწორედ ამ ფრაზით გამაგებინა თანამშრომელმა საშინელი სიახლე: „დავიღუპეთ!“

ცუდი ამბის გაგების შემდეგ რეკომენდებულია, რომ ჩამოსხდეთ და 5 წუთი მაინც ილაპარაკოთ, რა დროსაც განიხილავთ ყველაზე ცუდ სცენარებს. დავუშვათ იღუპება პროექტი, ამის შესახებ მენეჯმენტს აუცილებლად უნდა ვუთხრათ, მენეჯმენტი რას მოიმოქმედებს? დაგვხოცავს? რა თქმა უნდა, არა! ყველაზე ცუდი სცენარის მიხედვით ისინი ძალიან გაბრაზდებიან. რა მოყვება ამას? იყვირებენ, იჩხუბებენ? ყველაზე ცუდი სცენარის მიხედვით სამსახურიდან გაგვაგდებენ. ამას რა მოყვება? სახელს გაგვიფუჭებენ? ნაკლებად სავარაუდოა... თუ სამსახურიდან გაგვიშვეს რა მოხდება შემდეგ? რამდენიმე თვე უმუშევრები ვიქნებით, ალბათ მაქსიმუმ 3 თვე.

დამთავრდა, ეს არის ყველაზე უარესი სცენარი, რაც ამ პრობლემას შეიძლება მოყოლოდა და დამერწმუნეთ, ამ რეალობას სიტყვა „დავიღუპეთ“ ნამდვილად არ შეესაბამება. 

ასეთი მსჯელობის პროცესში ადამიანი უფრო მშვიდდება.

შედეგად, არც მენეჯერების სიბრაზე მივიღეთ და, რა თქმა უნდა, არც სამსახურიდან გაგვათავისუფლეს. ერთობლივად მოვძებნეთ პრობლემის გადაწყვეტის გზები. ეს კონკრეტული ინციდენტი კი რაციონალურად და ჭკვიანურად გადაიჭრა.

თეორია ამბობს, რომ რადგან ადამიანი ღელავს და ეშინია, ჰგონია, რომ კონკრეტულ პრობლემა ქვეყნიერების დასასრულია. 

მეთოდი ამბობს, რომ თუ შენ გაანალიზებული გაქვს რისკები და უარესი შედეგები და მიღებული გაქვს ეს რისკები, გაცილებით მეტი შანსია, რომ რაციონალურად და ჭკვიანურად წარმართო საქმე.  

ამ მეთოდის გამოყენება შეიძლება ცხოვრების ყველა ასპექტში, რა თქმა უნდა, თუ რეალურ ტრაგედიასთან არ გვაქვს საქმე - ჯანმრთელობის თუ სიცოცხლის დაკარგვასთან.

თუ გააზრებული არ გექნებათ პრობლემა, შესაძლოა, რომ შიშმა გონების პარალიზება გამოიწვიოს. 

თვითგადარჩენის ექსპერტები ამბობენ, რომ ბავშვებს ხშირად ეუბნებიან, რომ მიწის ქვედა გადასასვლელი ღამით შეიძლება უსაფრთხო ადგილი არ იყოს. თუმცა, იმას აღარ ეუბნებიან, თუ მაინც ჩავლენ და იქ რამე მოხდება, მერე რა უნდა ქნან. ამ დროს, როდესაც ბავშვი ინფორმირებული არ არის თავდასხმის თუ სხვა პრობლემის შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს, ის დაიბნევა და შიში მისი გონების პარალიზებას გამოიწვევს.

საქმიანობაში ძალიან ბევრი პარალიზებული ადამიანი არსებობს იმიტომ, რომ არ აქვთ გააზრებული და მიღებული რისკები. ამ პარალიზების გამო პრობლემური საკითხები უფრო უარესდება.

როდესაც რაღაცის გეშინიათ, იმსჯელეთ და განიხილეთ უარესი სცენარები, მიყევით ბოლომდე და უმეტეს შემთხვევაში აღმოაჩენთ, რომ პროგნოზი უფრო ოპტიმისტურია, ვიდრე თავიდან გეჩვენებოდათ. 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
9 დეკემბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები