როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?


ამ სტატიაში ვისაუბრებთ თემებზე: 

  • რა არის სტერეოტიპი?
  • რომელი სტერეოტიპები არსებობს?
  • რა სარგებლობა მოაქვს და ვინ ზარალდება სტერეოტიპებით?
  • როგორ მოქმედებს ის თქვენზე?

სტერეოტიპების საშუალებით ადამიანებს უყალიბდებათ გარკვეული შეხედულებები მათთვის უცხო ადამიანებზე. ეს უცნობი ადამიანების შეფასების ერთგვარი ინსტრუმენტიც კი არის. 

რა არის სტერეოტიპი? სტერეოტიპი არის ფართო მოსაზრება ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფებზე. მაგალითად, არსებობს სტერეოტიპი, რომ ქართველი კაცები ოჯახური საქმეების მიმართ უყურადღებოები არიან, ქალები მანქანას კარგად ვერ ატარებენ, ბუღალტრად მუშაობა მოსაწყენია და ა.შ.. ყველა პროფესიას, ეროვნებას, კუთხეს, თუ უბანს თავისი სტერეოტიპები აქვს. 

რისთვის არსებობს სტერეოტიპები? ადამიანს არ შეუძლია, ყველას იცნობდეს, სტერეოტიპები კი კაცობრიობის მიერ შექმნილი უნივერსალური სარჩევია, რომლის მიხედვითაც ვიქმნით წარმოდგენას უცხო ადამიანებზე. კონფერენციებზე, სანაცნობო წრეში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რთულია თითოეული ადამიანის გაცნობა. იმისათვის, რომ გარშემო მყოფებზე ზოგადი წარმოდგენა შეგვექმნას და უცხო გარემოსთან მარტივად ვადაპტირდეთ, ადამიანების შეფასებას სტერეოტიპების მიხედვით ვიწყებთ . 

როგორ მოქმედებს ჩვენზე სტერეოტიპები? როდესაც გინდათ, რომ თქვენი საქმე ვინმეს ჩააბაროთ, ადამიანი, რომელიც უფრო ენთუზიაზმით გამოგეხმაურებათ, სტერეოტიპების მიხედვით  უფრო კარგად შეასრულებს თქვენს საქმეს, თუმცა შესაძლოა, ეს რეალობას არც შეესაბამებოდეს. 

ჩვენ არ ვამბობთ, რომ სტერეოტიპები უსარგებლოა, ის გვეხმარება ადამიანების გაცნობაში, მაგრამ მხოლოდ ზედაპირულად და ზოგ შემთხვევაში მცდარი შეხედულებებიც კი შეიძლება ჩამოგვიყალიბდეს. გამომდინარე აქედან, სტერეოტიპებმა შეიძლება დაგვაზარალოს კიდეც. 

თქვენ შეიძლება არ მოგწონდეთ ის სტერეოტიპი, რომელიც თქვენს პიროვნებას უკავშირდება - მაგ. იყოთ ქართველი კაცი, რომელიც ინაწილებს მეუღლესთან ერთად საოჯახო საქმეებს, იყოთ ქალი და კარგად მართავდეთ ავტომობილს, იყოთ ბუღალტერი და შემოქმედებითი, კრეატიული ადამიანი, იყოთ რაჭველი და სწრაფი და ა.შ.  

დაფიქრდით თქვენს თავში არსებულ სტერეოტიპებზე და შემდეგ დაფიქრდით, ყველა ქალი ერთნაირად ატარებს მანქანას? ყველა ქართველი კაცისთვის ყურადღების მიღმა რჩება საოჯახო საქმეები? ადამიანების სტერეოტიპულად შეფასებისას არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა ადამიანი განსხვავებული და უნიკალურია. ჩვენ გააზრებული კი გვაქვს, რომ ადამიანები განსხვავდებიან, მაგრამ მათ მაინც ვაჯგუფებთ.

დაფიქრდით, თქვენ რომელ სტერეოტიპებს ერგებით და რას შეიძლება თქვენზე უცხო ადამიანები ფიქრობდნენ. თქვენი თვისებების, მანერების, საცხოვრებელი ადგილის, ეროვნების თუ სქესის მიხედვით, რა სტერეოტიპებით შეგაფასებენ? 

უმჯობესია, იცოდეთ, თუ რა სტერეოტიპების მიხედვით შეგაფასებენ უცხო ადამიანები, გააზრებული გქონდეთ, რატომ ექმნებათ სხვებს თქვენზე გარკვეული წარმოდგენები. 

ხშირ შემთხვევაში, როდესაც სტერეოტიპის მიხედვით გვაფასებენ, ჩვენში ეს გაღიზიანებასაც კი იწვევს. მაგრამ, როდესაც გააზრებული გექნებათ, თუ რატომ და რის მიხედვით შეგაფასეს ასე, შეგიძლიათ სწორი რეაგირება იქონიოთ. მაგალითად, გაიღიმოთ და თქვათ, რომ დიახ ეს გავრცელებული აზრია, რომ დიახ ეს აქამდეც მოგისმენიათ და შემდგომ თქვენი ქმედებებით და საქმით დაამტკიცოთ, რომ ეს ასე არ არის. სტერეოტიპებით შეფასება ხდება ზოგადად ადამიანების და არა კონკრეტულად თქვენი. როდესაც ხართ ქალი და გეუბნებიან, რომ ქალი ავტომობილს კარგად ვერ მართავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ გერჩიან ან თქვენი ტარება არ მოსწონთ. 

მოკლედ რომ ვთქვათ, პირველი, რაც სტერეოტიპებთან დაკავშირებით უნდა მოიმოქმედოთ - გააანალიზოთ თქვენ შესახებ არსებული სტერეოტიპები. შემდეგ გაღიზიანება ჩაანაცვლოთ მიმღებლობითა და იუმორით. და ბოლოს, თქვენ არ უნდა შეებრძოლოთ სტერეოტიპებს. ვერასდროს დაამტკიცებთ, რომ ყველა კაცი ჩართულია საოჯახო საქმეებში, ყველა ქალი კარგად ატარებს ავტომობილს და ა.შ. თქვენ მხოლოდ თქვენი თავის გარშემო შეგიძლიათ დაამსხვრიოთ გავრცელებული შეხედულებები და სტერეოტიპული შეფასება რეპუტაციით ჩაანაცვლოთ.

რეპუტაცია არის სწორედ ის, რასაც უკვე ჩვენი ქმედებებით გამოვიმუშავებთ. ის ერთი კონკრეტული ადამიანის შეფასებაა და არა ჯგუფების. 

 

 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
1 ოქტომბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ დავიწყოთ პარალელური საქმე ძირითად საქმიანობასთან ერთად?

ადამიანებს ხშირად სურთ, რომ სამსახურის პარალელურად სხვა საქმეც აკეთონ, თუმცა, არ იციან საიდან დაიწყონ. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები