როგორ მოვიქცეთ, როცა უსამართლოდ გვექცევიან?

როგორ მოვიქცეთ, როცა უსამართლოდ გვექცევიან?


თანამედროვე მოტივაციის თეორიის მიხედვით, უსამართლობის შეგრძნება მართლაც არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და, ცუდი გაგებით,შედეგიანი დემოტივატორი თანამედროვე ადამიანისთვის.

არსებობს რისკი, რომ უსამართლოდ მოქცევის შემდეგ მოტივაცია ბოლომდე და სამუდამოდ დაიკარგოს, რაც საქმიანი თუ პირადი ურთიერთობების დასრულებას გამოიწვევს. 

ამ სტატიაში ვისაუბრებთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც უსამართლობის განცდა გაგიჩნდებათ და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. 

პირველ რიგში, გაერკვიეთ, საიდან მოვიდა უსამართლობის შეგრძნება. უსამართლობის განცდა ჩვეულებრივ კავშირშია თქვენს მოლოდინებთან და სამართლიანობის თქვენებურ აღქმასთან. 

მოლოდინს, რომ ცხოვრება სამართლიანია, არანაირი საფუძველი არ აქვს. 

ჩვენვე უნდა დავარეგულიროთ ჩვენი მოლოდინები სამართლიანობასთან დაკავშირებით.

ყველაზე გავრცელებული მაგალითია უსამართლობის შეგრძნება ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიგებთ, რომ სხვა ადამიანს უფრო მეტს უხდიან, ვიდრე ჩვენ, რაც ავტომატურად უსამართლობის შეგრძნებას იწვევს. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ანაზღაურების გარდა არაფერი ვიცით იმ ადამიანის შესახებ - როგორი განათლება აქვს, როგორ მუშაობს, რა გამოცდილება აქვს. 

გავრცელებულია მოსაზრება, რომ IT პროფესიონალები ისეთს არაფერს აკეთებენ, მარკეტინგი ერთობა და ღონისძიებებზე დადის და მაღალ ხელფასს უხდიან. ბუღალტერია მარკეტინგზე ლაპარაკობს, იურისტები IT-ზე და ა.შ.

სხვებთან შედარება, როგორც წესი, არასწორი მოლოდინების შექმნის საფუძველი და საკმაოდ სახიფათო ტერიტორიაა. 

დაფიქრდით, იქნებ ეს უსამართლობის შეგრძნება თქვენი გამოგონილია, არასწორი მოლოდინების და რეალობის არასწორი აღქმის ბრალია. ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ სრულფასოვანი ინფორმაცია არ გაქვთ, თუ რატომ იღებენ თქვენთან დაკავშირებით გარკვეულ გადაწყვეტილებებს. ამ პრობლემის თავიდან ასარიდებლად საჭიროა, მენეჯერი გახსნილად ესაუბრებოდეს თანამშრომლებს მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების შესახებ. 

თუ რეალობა არ ემთხვევა თქვენს მოლოდინებს, უსამართლობის შეგრძნება იმატებს. 

რა ხდება, თუ შექმნილი უსამართლობის გამო დემოტივაცია განიცადეთ? დაიკლებს თქვენი მუშაობის ხარისხი, რაც თქვენს შედეგიანობას გააუარესებს. შედეგად, იქნებით ცუდი თანამშრომელი და დაბალი ანაზღაურების გამო გაჩენილი უსამართლობის შეგრძნება კიდევ უფრო უსაფუძვლო იქნება. თქვენ იქნებით ნაკლებად დაფასებული თანამშრომელი, რომელიც შედეგებს ვერ აღწევს. ამით იმის თქმა გვინდა, რომ თქვენივე შექმნილი უსამართლობის შეგრძნება იმის წინააღდეგ კი არ მუშაობს, ვის გამოც ეს შეგრძნება გაგიჩნდათ, პირიქით, მხოლოდ და მხოლოდ თქვენ გაზარალებთ და თქვენს პროდუქტიულობაზე უარყოფითად აისახება.

 

როდესაც პატარა ბავშვი წაიქცევა, მშობლები ხშირად იატაკს „სჯიან“, გადაბრალების ეს პრაქტიკა ზრდასრულობაშიც გრძელდება, რაც საბოლოოდ მხოლოდ თქვენ გაზარალებთ.  თქვენს თავში, თქვენს მოქმედებაში და თქვენს ფიქრებში ეძებეთ მიზეზები. თუ ვინმეზე დაბალი თანამდებობა გაქვთ, ან ნაკლებს გიხდიან, პირიქით იშრომეთ უფრო მეტი, თქვენ დემოტივაცია კი არა, მოტივაცია გჭირდებათ.

სანამ ხმამაღლა დაიწყებთ უსამართლობაზე ლაპარაკს, დარწმუნდით, რომ ეს შეგრძნება შიგნიდან არ მოდის და თქვენი შექმნილი არ არის.

თუ დარწმუნდებით, რომ თქვენ სამართლიანად გაქვთ უსამართლობის შეგრძნება, მაშინ დაიწყეთ ამის შესახებ იმ ადამიანებთან ლაპარაკი, ვისაც ენდობით. ნუ დაიწყებთ ჭორაობას და წუწუნს. დაიწყეთ კონსტრუქციული დიალოგი იმ ადამიანებთან, ვისაც თვლით, რომ ამ უსამართლობის გამოსწორება შეუძლია. 

ელაპარაკეთ თქვენს უფროსს, თანამშრომელს რომელსაც ენდობით. ეცადეთ, გაიგოთ მიზეზი, თუ რატომ გაქვთ ნაკლები ანაზღაურება, რატომ არ დაგაწინაურეს თქვენ და ა.შ. დასვით შეკითხვა, თუ რა შეიძლება გააკეთოთ იმისთვის, რომ გამოსწორდეს არსებული სიტუაცია. 

შეხედეთ ამ თემას კონსტრუქციულ კონტექსტში და სწორი ადამიანები დაიწყებენ თქვენთან საუბარს. 

არსებობს ის რეალობაც, რომ საერთოდ არ ადარდებდეთ თქვენი კარგად ყოფნა იმ გარემოში, სადაც უსამართლობის შეგრძნება გაგიჩნდათ. ესეც პასუხი და გამოსავალია - გეცოდინებათ, რომ იმყოფებით იმ სამსახურში თუ გარემოში, სადაც უსამართლოდ გექცევიან და ამაზე არავინ წუხს. ამ დროს სამსახურის შეცვლაზე უნდა დაიწყოთ ფიქრი. თუმცა აქაც გაითვალისწინეთ მნიშვნელოვანი დეტალი. თქვენ იცით, რომ უსამართლოდ გექცევიან და ამის გამოსწორებას არავინ ცდილობს, ბუნებრივია, რომ მუშაობის მოტივაცია გეკარგებათ, რაც თქვენი პროდუქტიულობის შემცირებას იწვევს. ამ დროს ეძებთ ახალ სამსახურს, თუმცა არსებულში, ფაქტობრივად „ცუდი თანამშრომელი“ ხდებით - ეს კი ახალი სამსახურის მოძებნაში ცალსახად ხელს შეგიშლით. პირიქით, იმუშავეთ კარგად, რომ ბაზარმა შეგამჩნიოთ. კომპანიაში არავის სჭირდება ახალი თანამშრომელი, რომელიც უკვე დემოტივირებულია. 

ხშირად შევხვედრივართ ადამიანს, რომელიც დაუსრულებლად წუწუნებს წინა სამსახურზე - პოტენციური დამსაქმებლის ენაზე კი ეს ნიშნავს შემდეგს:  „შემომიშვით თქვენთან და თქვენთანაც იგივეს ვიზამ, როგორც კი რამე არ მომეწონება დავიწყებ წუწუნს და შევწყვეტ მუშაობას.“

მოკლედ, თქვენ უნდა მოერიოთ თავს, მოერიოთ უსამართლობის შეგრძნებას და სწორედ იმისთვის გააგრძელოთ მუშაობა, რომ შექმნილ უსიამოვნო გარემოს და ვითარებას დააღწიოთ თავი. 

განვიხილოთ ის რეალობა, როდესაც ხელმძღვანელობასთან დაიწყეთ თქვენს პრობლემაზე ლაპარაკი და რეალურად შეწუხდნენ ამის შესახებ. იმისათვის, რომ მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოთ, მნიშვნელოვანია, მხოლოდ უარყოფით ნაწილზე არ ილაპარაკოთ. თქვენ თუ ამჩნევთ უსამართლობას და ამის შესახებ ლაპარაკობთ, თქვენ ასევე უნდა ამჩნევდეთ დადებით მხარეებსაც და ამის შესახებაც ილაპარაკოთ. წარმოიდგინეთ, მენეჯერი მხოლოდ უარყოფით უკუკავშირს რომ გიბრუნებდეთ, რა თქმა უნდა, გაგიჩნდებათ განცდა, რომ მხოლოდ უარყოფითს ამჩნევს, დადებითზე არაფერს ამბობს, დაუნახავია და ა.შ. 

დაფიქრდით, თქვენ ხომ არ ხართ ის თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ ნეგატივზე ლაპარაკობს და მხოლოდ ნეგატივს ამჩნევს. ნუ წარმოაჩენთ თავს წუწუნა ადამიანად. კონსტრუქციულ საუბარში პოზიტიურის აღნიშვნაც იგულისხმება. ასეთ დროს თქვენი უკმაყოფილებაც უფრო სწორად იქნება აღქმული. 

როგორც თქვენ გჭირდებათ პოზიტიური უკუკავშირი და მოტივაცია, რომ საქმე უკეთესად აკეთოთ, ასევე თქვენს ხელმძღვანელს სჭირდება თქვენგან პოზიტიური უკუკავშირიც, რომ თქვენი პრობლემების მოგვარების მოტივაცია ჰქონდეს. 

 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
9 დეკემბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები