მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები
რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .
აბსოლუტურად ყველა მშობელი ცდილობს, რომ შვილს საუკეთესო მისცეს, განათლება მიაღებინოს და წარმატებული იყოს, თუმცა მშობლების და შვილების სურვილები ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა. არსებობს გამოთქმა, რომ შვილები კი არ უნდა აღზარდოთ, არამედ თქვენი თავი უნდა აღზარდოთ და შვილები თქვენ დაგემსგავსებიან. რეალურად, ყველაზე დიდი აღმზრდელი არის ქმედებები და მაგალითები და არა საუბარი და დავალებები, რომლებსაც ჩვენს შვილებს ვაძლევთ.
წარმოიდგინეთ, თქვენ ცდილობთ და გინდათ, რომ თქვენი შვილი კითხულობდეს წიგნებს. ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავი რჩევა, დარიგება თუ ლექცია აქვს ბავშვს თქვენგან მოსმენილი, მაგრამ ამაოდ. დაფიქრდით, ოდესმე უნახავს ბავშვს თქვენს ხელში გადაშლილი წიგნი, რომელსაც კითხულობთ? რა თქმა უნდა, არგუმენტების გვესმის, რომ დრო არ გაქვთ და ა.შ. მაგრამ, დააძალოთ ბავშვს იმის გაკეთება, რასაც თავად არ აკეთებთ, ნაკლებად გამოიღებს შედეგს. ამ დროს შვილი ფიქრობს, წიგნის კითხვა რომ კარგი იყოს ამას ხომ მშობლებიც გააკეთებდნენ.
კიდევ ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჩიოდა, რომ თანამშრომლები ერთმანეთთან ურთიერთობისას ხმას უწევდნენ. დაკვირვების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ თვითონ იყო ამის მაგალითი.
ადამიანები ერთმანეთისგან იღებენ მაგალითს, შვილები მშობლებისგან, მოსწავლეები მასწავლებლებისგან, თანამშრომლები უფროსებისგან და ა.შ.
პირველი, რაზეც უნდა დაფიქრდეთ, თქვენს ცხოვრებაში ხომ არ არის ისეთი რაღაცები, რაც არ გინდათ რომ აკეთოს თქვენმა შვილმა. მაგალითად, ხომ არ წუწუნებთ სამსახურზე, ქვეყანაზე, ცხოვრებაზე და ხომ არ ესმის ეს თქვენს შვილს.
ქუთაისში ტრენინგებზე ბიზნესის განვითარების ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად დასახელდა სამსახურიდან ახალგაზრდების დიდი რაოდენობით გადინება. მთავარი შეკითხვა, რაც ამ პრობლემასთან დაკავშირებით დავსვით არის, თუ რას ეუბნებოდნენ ბიზნესის მფლობელები შვილებს სახლში. აღმოჩნდა, რომ ფრაზები, რომლებსაც ბავშვები წარმატებული მშობლებისგან ისმენენ არის, რომ „ამ ქალაქში შეუძლებელია ცხოვრება და რამის მიღწევა“, „ამ ქვეყანაში შრომა არ ფასდება.“ დაფიქრდით, ბიზნესმენი, რომელსაც ცხოვრება დალაგებული აქვს და ამბობს, რომ საქართველოში არაფერი გამოვა, ამით რა მაგალითს აძლევს შვილებს. შესაბამისად, სხვა ოჯახებშიც განსხვავებულს არაფერს მოისმენენ ბავშვები და საბოლოო ჯამში ბიზნესის გარდა, ამ შვილების ცხოვრებაც ზარალდება.
შემდეგ ჯერზე, სანამ სოციალურ ქსელში დაწერთ, რომ საქართველოში არაფერი გამოვა, აქაურობას არაფერი ეშველება, გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილი არის თქვენი პოსტის მთავარი მკითხველი. ვიღაცისთვის თუ თქვენი პოსტი ერთ-ერთი მოსაზრებაა, თქვენი შვილისთვის ეს მნიშვნელოვანი აზრია.
შვილისთვის მისი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე თქვენ ხართ მთავარი ადამიანი, თქვენით იწყება და მთავრდება დღე. თუ თქვენ შვილებს უმეორებთ რა უნდა გააკეთონ, ხოლო თქვენ საპირისპიროს აკეთებთ, მისი ქმედებები თქვენი ქმედებების შესაბამისი იქნება და არა თქვენი ლაპარაკის. ასევე, შვილისთვის თქვენ ყოვლისშემძლე ხართ, მაგრამ თუ გამუდმებით იმეორებთ, რომ არაფერი გამოგდით, სულ პრობლემებში ხართ, მაშინ ბავშვის მიდგომები ნებისმიერი საქმის თუ საკითხის მიმართ საკმაოდ არაჯანსაღად განვითარდება.
დაფიქრდით, როგორი გინდათ, რომ თქვენი შვილი იყოს და, პირველ რიგში, თქვენ გახდით ეგეთი. თუ გინდათ, რომ წიგნები უყვარდეს წიგნი აიღეთ ხელში, თუ გინდათ, რომ კარგად სწავლობდეს სწავლას მიუბრუნდით რა ასაკშიც არ უნდა იყოთ. თუ გინდათ, რომ კარგი ურთიერთობა ჰქონდეს მეზობლებთან, ნათესავებთან ამის მაგალითი თქვენ მიეცით.
ამბობენ, რომ ბგერის სიჩქარე მაღალია - ამასთან დაკავშირებით გამოთქმაც კი ჩამოყალიბდა, რომ „ეს ტყუილია, რადგან დედაჩემი რასაც მეუბნებოდა 20 წლის ასაკში, გავიგონე 40 წლისამ.“ ბევრი ჩვენგანი ხელს მოაწერდა ამ გამონათქვამს, მართლაც ძალიან ბევრი რამ გვიან გავიგეთ. მაგრამ მთავარია, რომ გავიგეთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენი, როგორც მშობლის მაგალითი დღეს და ხვალ თუ არ იმუშავებს წლების მერე იმუშავებს შვილების საკეთილდღეოდ.
გახდით თქვენი შვილების უკეთესი მაგალითი, ანუ ისეთი ადამიანი, როგორიც თქვენი შვილი გინდათ რომ იყოს.
მშობლები, რომლებიც ვერ აგვარებენ თამბაქოს თუ ალკოჰოლის პრობლემას, შვილებს ვერ დააჯერებენ რომ ეს მავნებელია მათთვის.
ამიტომ გავხდეთ ის ხალხი, როგორიც ჩვენს შვილებს ჰგონიათ რომ ვართ და როგორიც გინდათ რომ შვილები გახდნენ. შვილის ცხოვრების რაღაც პერიოდში თქვენით იწყება და მთავრდება ცხოვრება. გამოიყენეთ ეს პერიოდი მაქსიმალურად კარგად.
რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .
დიდი საქმეებისკენ სვლა არც ისე რთულია. მთავარია პატარა ნაბიჯებით დაიწყოთ. . . .