როგორ ვიყო ყოფილი კოლეგის უფროსი

როგორ ვიყო ყოფილი კოლეგის უფროსი


დღეს დაწინაურებული ადამიანი ხდება იმ გუნდის უფროსი, რომლის წევრიც გუშინ იყო და მეგობრობდა ამ ადამიანებთან. 

ერთი მხრივ, ახალი მოვალეობა აკისრებს ადამიანებს ვალდებულებებს, რომელიც გულისხმობს გუნდის წევრებისთვის შედეგების მოთხოვნას, მიზნების დასახვას, დავალებების გაცემას, რაღაცის სწავლებას. დამერწმუნეთ, ეს ძალიან რთული შესასრულებელია, მაშინ, როდესაც გუშინ სწორედ ამ ადამიანებთან ერთად აკეთებდით იგივე საქმეს, სხვა მენეჯერი გყავდათ და მისგან იღებდით დავალებებს, ერთი სატკივარი გქონდათ, შესაძლოა ერთადაც წუწუნებდით და განიხილავდით მაშინდელ უფროსს. მსგავსი ცვლილებები, როგორც წესი, ძალიან მტკივნეულად მიმდინარეობს ხოლმე. 

თუმცა მარტივი ის არის, რომ სულ ორი გზა გაქვთ. პირველი, ვერ შეძლოთ საქმეების დელეგირება გუნდის წევრებზე და ყველაფრის გაკეთება თქვენს თავზე აიღოთ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც კარგი შედეგების გამო დააწინაურეს და იმისთვის, რომ ეს შეინარჩუნონ, თავად აკეთებენ ყველაფერს. ეს ცალსახად ძალიან ცუდი და არასწორი გზაა. 

მეორე გზაა, რომ ერთ დღეში მენტალურად გადაკეთდეთ და დაიწყოთ უფროსობა, რასაც ეწინააღმდეგება გუშინდელი ურთიერთობები. თქვენ ხომ კოლეგებთან ერთად ლანჩზე დადიოდით, ერთმანეთთან სტუმრად მიდიოდით, საიდუმლოებაც შესაძლოა უზიარებდით, დღეს კი ამ ყველაფერზე უარი უნდა თქვათ. სხვა პოზიციაზე ხართ და ახლა კომპანიის და მენეჯმენტის ინტერესები უნდა გაითვალისწინოთ. რა თქმა უნდა, არ არის ადვილი ასეთი გარდასახვა, თუმცა არც შეუძლებელია. 

ეს გარდამავალი პერიოდი ყველამ უნდა მოიხადოს. ამ ყველაფრის ყველაზე რთული ნაწილი კი ის გუშინდელი კოლეგა/მეგობრები არიან, რომლებიც საერთოდ არ გიმარტივებენ ცხოვრებას და პირიქით გირთულებენ კიდეც ახალ პოზიციაზე თავის დამკვიდრებას. უჩნდებათ თქვენს მიმართ პრეტენზიები, რომ შეიცვალეთ, „ეუფროსებით“, ზემოდან უყურებთ, რა უფლება გაქვთ დღეს დავალებას ან შენიშვნას რომ აძლევთ, გუშინ ხომ ერთ დონეზე იყავით და ა.შ. გარდა იმისა, რომ თქვენ ისედაც გაქვთ შინაგანი დისკომფორტი, თქვენი გუნდის წევრები, რომლებიც გუშინ თქვენი მეგობრები იყვნენ, ამ ყველაფერს ამძაფრებენ. შეიძლება ისიც კი გაიგოთ, რომ „კურილკაში“ ახლა თქვენ განგიხილავენ.  

ერთი შეხედვით, თითქოს გამოსავალი არ არსებობს. რა გზაც არ უნდა აირჩიოთ, ან მეგობრობა დაზარალდება, ან საქმე.

თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ მეგობრობა და ხელმძღვანელობა ერთმანეთს ხელს არ უშლის. თუ თქვენს კოლეგებთან მეგობრობა არის ცალმხრივი და მხოლოდ თქვენ გრძნობთ ვალდებულებას, რომ ხელი შეუწყოთ, გაითვალისწინოთ ისინი, ინერვიულოთ და იზრუნოთ მათზე და მათი მხრიდან იგივე დამოკიდებულება არ მოდის და პირიქით, ტვირთადაც გაწვებიან, ისედაც რთულ და საპასუხისმგებლო პერიოდში, მაშინ ისინი თქვენი მეგობრები არც ყოფილან და შეგიძლიათ, იყოთ მათი მენეჯერები და „მეგობრების“ დაკარგვაზე არც ინერვიულოთ.

ნამდვილი მეგობარი, პირიქით, გახარებული იქნება თქვენი წარმატებით და მაქსიმალურად ეცდება საქმის გაკეთებით, თუ თქვენი გვერდში დგომით გაგიმარტივოთ ახალ პოზიციასთან ადაპტირება. 

როდესაც თანამშრომელს/მეგობარს საქმე კარგად არ მიჰყავს, ზარმაცობს, აგვიანებს, აგდებულად უდგება საკითხებს, მაშინ ის თქვენ მიმართ მეგობრობას სწორად გამოხატავს? გიფრთხილდებათ? გითვალისწინებთ? რა თქმა უნდა, არა. თუ თქვენი კოლეგა სპეციალურად გირთულებთ საქმეს, მაშინ არანაირი ვალდებულება არ გაქვთ, რომ მეგობრულად მოექცეთ. ასეთი თანამშრომელი კომპანიის შედეგიანობასაც დააზარალებს, რაც თქვენი ნომერ პირველი ინტერესი უნდა იყოს, როგორც მენეჯერის, რომ ასე არ მოხდეს. 

თუ მეგობრობა ორმხრივია, მაშინ ორივე მხარის ვალდებულებები სწორად სრულდება, საქმეც კეთდება და მეგობრობაც და კომპანიის შედეგიანობაც წინ მიიწევს.

 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
16 ნოემბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

იდეალური მენეჯერის 4 დამახასიათებელი თვისება: იცხაკ ადიზესის მოდელი

როგორი უნდა იყოს იდეალური აღმასრულებელი? საკმარისია თუ არა მხოლოდ შედეგებზე ორიენტირება და კარგი დისციპლინა? ამ კითხვებზე პასუხს ბლოგში იპოვით. . . .

ჯილდო და ჯილდოს მოლოდინი

რატომ არის ჯილდოს მოლოდინი ისეთივე ძვირფასი, როგორც თავად ჯილდო? . . .

რატომ და როგორ უნდა ვიყო უხილავი „ლიდერი“

რას ნიშნავს ლიდერობა? რას გულისხმობს ლიდერობა და რა არის მისი საზომი? . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები