როგორია PMP საგამოცდო გარემო

როგორია PMP საგამოცდო გარემო


რა ხდება მაშინ, როდესაც მომზადებული ხართ გამოცდისთვის და აპლიკაციაც შეავსეთ.

პირველ რიგში უნდა გადაიხადოთ გამოცდის თანხა. თუ PMI-ს წევრი არ ხართ იხდით 555$-ს, თუ წევრი ხართ მაშინ 405 დოლარს. მართალია წევრობა 129$ ღირს და საბოლოოდ გამოცდის თანხა თითქმის იგივე გამოდის, მაგრამ სხვა ბევრი სარგებელიც მოჰყვება წევრობას - წვდომა გაქვთ ლიტერატურაზე, შაბლონებზე, კონფერენციებზე და ა.შ. 

შემდეგ უკვე უნდა დაჯავშნოთ გამოცდაზე გასვლის თარიღი და დრო, აირჩიოთ ადგილზე აბარებთ გამოცდას თუ ონლაინ. 

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ საგამოცდო ცენტრში აბარებთ გამოცდას. 

ასეთი საგამოცდო ცენტრი საქართველოში ერთი გვაქვს, ჭოველიძის 10 ნომერში. ირჩევთ კალენდარში შემოთავაზებულ დროს, როგორც წესი PMP-ის გამოცდა ხუთშაბათობით დილის 11 საათზე ინიშნება. თუ განსხვავებული დღე და საათი არის მისაღები თქვენთვის შეგიძლიათ ცენტრს დაუკავშირდეთ და თუ შესაძლებლობა იქნება მოგცემენ საშუალებას, რომ აირჩიოთ სხვა დღე და დრო. 

შეგიძლიათ აირჩიოთ კომპიუტერით შეავსოთ ტესტები თუ ფურცელზე. ამ უკანასკნელის არჩევა სავარაუდოდ ძალიან იშვიათად ხდება. 

ამ შემთხვევაში განვიხილოთ კომპიუტერული სისტემით გამოცდის ჩაბარება. 

რეგისტრაციის გავლის შემდეგ მეილზე მოგივათ უნიკალური საგამოცდო კოდი. 

გამოცდაზე, როგორც წესი უმჯობესია თუ ნახევარი საათით ადრე მაინც მიხვალთ. აუცილებლად თან იქონიეთ ID ბარათი ან პასპორტი. გირჩევთ ამოწერილი ან ამობეჭდილი გქონდეთ საგამოცდო კოდი. 

საგამოცდო ცენტრში ზედმეტი ნივთების შეტანა აკრძალულია.

როდესაც გამოცდაზე შეხვალთ გაძლევენ კალამს და ფურცელს, შეიძლება კალკულატორიც მოგცენ, თუმცა სისტემაში კალკულატორი ისედაც ჩაშენებულია. 

საგამოცდო ოთახში 4-5 გატიხრული ადგილია და გამოცდის მსვლელობისას სხვას ვერ ხედავთ. ზედმეტი ხმაური და მოძრაობა, თავისთავად, აკრძალულია. წესების დარღვევის შემთხვევაში გაფრთხილების გარეშეც შეიძლება მოგხნან გამოცდიდან.

დამკვირვებლები 10-15 წუთში ერთხელ გამოწმებენ, ამიტომ უცნაურად ნუ მოგეჩვენებათ თუ პერიოდულად თავზე დაგადგებიან და დაგაკვირდებიან თუ რას აკეთებთ. 

საგამოცდო სისტემა, სადაც კითხვებს პასუხს სცემთ, საკმაოდ მარტივია, ადვილია მასში გარკვევა. მანამდეც, მეცადინეობის პროცესში შეჩვეული უნდა იყოთ ტესტების კეთებას და საგამოცდო გარემოს. 

89 კითხვის შემდეგ შეგიძლიათ 10 წუთით შეისვენოთ, რომელიც 4 საათში არ ჩაგეთვლებათ. ძველი დროისგან განსხვავებით შესვენების 10 წუთი ცალკეა გამოყოფილი.

4 საათის შემდეგ ავტომატურად გაითიშება კითხვების რეჟიმი. თუ მანამდე მორჩით გამოცდას შეგიძლიათ ხელით გათიშოთ სისტემა. რამდენიმე წუთის ანალიზის შემდეგ გამოდის შეტყობინება, რომ გილოცავთ თქვენ ჩააბარეთ გამოცდა ან თუ ვერ ჩააბარეთ ისიც დიდი ასოებით დაეწერება. 

საბოლოოდ გიბეჭდავენ ჩაბარების ან ვერ ჩაბარების ერთ გვერდიან რეპორტს. ჩაბარების შემთხვევაში თქვენ გენიჭებათ უნიკალური ნომერი, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენ სერტიფიკატი უკვე გაქვთ სანამ უშუალოდ სერტიფიკატს დაგიბეჭდავენ.

ონლაინ გამოცდას რაც შეეხება, სისტემა ანალოგიურია, გამოცდასაც იმავენაირად გეგმავთ. ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ სანამ გამოცდა დაიწყება ერთი საათით ადრე გიკავშირდებიან PMI-დან, თქვენ მზად უნდა იყოთ, ჩართული გქონდეთ კომპიუტერი, ვებ-კამერა და მიკროფონი. ვებ-კამერა საშუალებას უნდა გაძლევდეთ, რომ ხელი მოკიდოთ და ოთახი დაათვალიერებინოთ დამკვირვებელს. ინტერნეტი, რა თქმა უნდა, ხარისხიანი უნდა იყოს რომ არ გაგეთიშოთ სისტემა. მაგიდაზე არ უნდა იყოს ზედმეტი ნივთები. თუ დამკვირვებელმა ზედმეტი, არასაჭირო რამ შენიშნა თქვენს გარშემო გამოცდიდან მოგხსნიან. გამოცდის პროცესში გამომცდელმა ისევ შეიძლება გთხოვოთ ოთახის დათვალიერება. აქაც 89 კითხვის შემდეგ გეკუთვნით 10 წუთიანი შესვენება. 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ვანო ნადირაძე — კონტენტის ავტორი
7 მაისი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

პროექტი - ავტობუსის გაჩერება

თუ ავტობუსის გაჩერებაზე დგომა სასარგებლოა, იდექით, მაგრამ თუ დაინახავთ, რომ რაღაც სწორად არ მიდის, დიდხანს დგახართ ერთ ადგილას, მიზანს ამ საქმის კეთებით ვეღარ მიაღწევთ, მინიმუმ ის შეკითხვა მაინც დაუსვით თქვენს თავს - ისევ რელევანტურია თუ არა გაჩერებაზე დგომა? რამე ხომ არ უნდა შეცვალოთ? . . .

პროექტის მენეჯერი, როგორც Google Map

რა კავშირში შეიძლება იყოს ერთმანეთთან პროექტის მენეჯერი და Google Map? ამ სტატიაში სწორედ ამ კავშირზე ვისაუბრებთ. . . .

PMP გამოცდის კითხვები

ამ სტატიაში მიმოვიხილავთ თუ როგორი, რამდენი და რა სტრუქტურის კითხვები შეგხვდებათ PMP გამოცდაზე. გამოცდაზე, რომელიც 4 საათის განმავლობაში გრძელდება, ჯამში 200 კითხვას უნდა გასცეთ პასუხი, ყველა მათგანს აქვს 4 სავარაუდო პასუხი და მხოლოდ 1 პასუხი არის სწორი. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები