სად იმუხტება თქვენი ბატარეა?

სად იმუხტება თქვენი ბატარეა?


არსებობენ ადამიანები, რომლებიც სწორად უდგებიან ამ პრობლემას, მუშაობენ თავიანთ თავზე და გარემოზე, ცდილობენ ჯანსაღად და სწორად წარმართონ თავიანთი ცხოვრება, თუმცა, თუ დააკვირდებით აღმოაჩენთ, რომ რაც უფრო პროდუქტიულია ადამიანი, მით უფრო ხშირად აქვს ამოვარდნები. 

პროდუქტიულობის შემცირების უამრავი მიზეზი არსებობს. მთავარი ენერგეტიკული ბალანსის დაცვაა. მარტივად რომ ვთქვათ, თითოეულ ჩვენგანს აქვს ბატარეა, რომელსაც რაღაც აქტივობები ცლის და რაღაც აქტივობები მუხტავს. პირობითად, სამსახურში გადატვირთული თათბირი, სტრესული გარემო, კონფლიქტები ცლის თქვენს ბატარეას და მაგალითად, ოჯახთან ერთად დროის გატარება ავსებს მას.

ისე არ გაიგოთ, რომ მაინც და მაინც სამსახური ცლის ბატარეას და ოჯახი ავსებს, შეიძლება პირიქითაც იყოს. შეიძლება მეგობრებთან გატარებული დრო გავსებდეთ, გმუხტავდეთ, ან შეიძლება ისეთი პერიოდი გქონდეთ, რომ სამეგობროში სტრესული გარემო იყოს. მთავარია, იცოდეთ, სად ივსება თქვენი ბატარეა და სად იცლება. 

რატომ არის ამის ცოდნა მნიშვნელოვანი?

იმიტომ, რომ ძალიან ხშირად, გადატვირთულ ადამიანს რაღაცებზე უარის თქმა უწევს. მაგალითად, ოჯახთან დროის გატარებაზე, წიგნების კითხვაზე, მეგობრების ნახვაზე, მიზეზი კი დროის უქონლობაა. მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება მნიშვნელოვანი დამტენი იყოს და მის გარეშე საგრძნობლად დაიკლოს პროდუქტიულობის დონემ. 

წარმოიდგინეთ, ისედაც დატვირთულ, სტრესულ გარემოში იტოვებთ მხოლოდ იმ საქმეებს, რაც გღლით და უარს ამბობთ იმაზე, რაც ენერგიას გივსებთ. ეგ იგივეა, რაც ტელეფონის დატენვაზე თქვათ უარი, იმ მიზეზით რომ ბატარეა მაინც სწრაფად ჯდება. 

დაფიქრდით ამ თემაზე, რა გმუხტავთ, რა გავსებთ ენერგიით და დატვირთული გრაფიკის გამო ამ დამტენებზე უარი არ თქვათ. 

არსებობენ მეგობრები, რომლებიც გავსებენ და არსებობენ მეგობრები, რომლებიც გცლიან. სამსახურში ზოგიერთი ამოცანა გმუხტავთ და გავსებთ, ზოგიერთი გღლით. გადახედეთ თქვენს ცხოვრებას და საქმიანობას, იქნებ უნდა მოერიდოთ ისეთ ადგილებს, სადაც ისტრესებით და მეტი დრო ბატარეის შევსებას დაუთმოთ. 

საბოლოო ჯამში, ეს საშუალებას მოგცემთ, რომ თქვენს ენერგიას ჰქონდეს რეზერვი. ცხოვრება სავსეა სირთულეებით, იქნება ეს სამსახური, თუ პირადი ცხოვრება. თუ გამოწვევებს კარგად დატენილი ბატარეით დავხვდებით, გაცილებით ადვილი იქნება სტრესთან გამკლავება და პროდუქტიულობის შენარჩუნება. 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
9 დეკემბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები