სამი თაობა სამსახურში - X, Y და Z

სამი თაობა სამსახურში - X, Y და Z


მიუხედავად იმისა, თუ რომელ თაობას მიეკუთვნებით, სამსახურეობრივ კულტურაში მნიშვნელოვანია, იცოდეთ ყველა თაობის თავისებურებები, რადგან დიდია იმის შანსი, რომ თქვენი მენეჯერები, გუნდის წევრები, თუ დაქვემდებარებულები სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები იყვნენ.   

ორგანიზაციის თანამშრომლები უმეტესწილად სამ თაობას წარმოადგენენ. ესენი არიან ყველაზე დიდი თაობა X, თაობა Y, ცნობილები როგორც "მილენიალები" და პატარა თაობა Z. 

საქმე იმაშია, რომ ამ თაობების შეხედულებები, მოტივაციები და მუშაობის სტილი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ძალიან ხშირად, მუშაობის პროცესში, პრობლემის მიზეზი სწორედ ის არის, რომ ერთ ადამიანს მეორე ადამიანი თავისნაირი ჰგონია. მაგალითად, X თაობის ყველა წარმომადგენელს ჰგონია, რომ სხვა თაობებიც მისნაირები არიან და თავისი თარგით უყურებს დანარჩენებს. 

ამ სტატიაში განვიხილავთ თაობების მახასიათებლებს და მათ შორის განსხვავებებს, იმისთვის, რომ ორგანიზაციების მენეჯერებმა და თანამშრომლებმა სწორად შეძლოთ სამუშაო პროცესების წარმართვა. 

თაობა X არის ყველაზე უფროსი თაობა. დაბადებულები 1964-1980 პერიოდში. კარიერასა და წარმატებაზე ორიენტირებული. ტერმინი workaholic-ები სწორედ ამ თაობის დასახასიათებლად გაჩნდა. მათი დევიზია - „ჯერ იმუშავე, მერე იცხოვრე“. სხვა პატარა თაობებისგან განსხვავებით, ეს თაობა ყველაზე სიღრმისეულადაა გამოკვლეული. მათი მოტივაცია რეალისტურია დაწინაურებით, სხვა უფრო მაღალ პოზიციაზე სხვა სამსახურში გადასვლით, უკეთესი სივით და ა.შ. თაობა X დაარწმუნეს, რომ სიამოვნებისა და გართობის დრო არ არის, ჯერ უნდა იმუშაო, დაწინაურდე და რაღაც ასაკს რომ მიაღწევ, შემდეგ იქნები უზრუნველყოფილი ფინანსურად. ძირითადად ორგანიზაციების ტოპ მენეჯერები სწორედ ამ თაობის წარმომადგენლები არიან, მათთვის სამსახურში დაღამება, კარიერისთვის ყველაფრის დათმობა, ოჯახთან ნაკლები დროის გატარება ნორმაა და შესაბამისად მოლოდინი აქვთ, რომ სხვებიც ასე მოიქცევიან. თუმცა, პატარა თაობებს ასეთი მიდგომები არ აქვთ. მნიშვნელოვანია, იცოდეთ თაობა X-ის ეს თავისებურებები იმისთვის, რომ მათთან მუშაობა უფრო გასაგები და მისაღები იყოს. რა თქმა უნდა, ამ თავისებურების ცოდნა არ გავალდებულებთ, რომ თქვენც, სხვა თაობის წარმომადგენლებმა, დღე და ღამე სამსახურში გაატაროთ. 

შემდეგი თაობა რომელზეც უნდა ვისაუბროთ, არის თაობა Y ანუ "მილენიალები". დაიბადნენ 1981-1995 წლებში. თუ  X თაობა კარიერაზეა ორიენტირებული, "მილენიალებისთვის" მნიშვნელოვანია იდეა. დღევანდელი სამყარო მილენიალებს ეკუთვნით. ბევრ სტარტაპს, თუ წარმატებულ კომპანიას სწორედ ეს თაობა მართავს. სწორედ ამიტომ გახდა აქტუალური ისეთი თემები, როგორებიცაა, გარემოს დაცვა, ადამიანის უფლებები და ა.შ. ეს ადამიანები თავიანთ კარიერაზე მეტად საზოგადოებრივ სიკეთეებზე ფიქრობენ და ეს არ სჯერათ უფროსი თაობის წარმომადგენლებს. მილენიალები ოჯახზე ორიენტირებულებიც არიან, ბევრი მუშაობა და სამსახურზე გადაყოლა მათთვის ბუნებრივი არ არის. საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ საქმისთვის ღამის გათენებაც, თუმცა ეს არ არის მათი მიდრეკილება. გამოირჩევიან მრავალფეროვანი ინტერესებით, მხოლოდ ერთი პროფესიით არ კმაყოფილდებიან, რაც მათ მშობლებს არ ესმით და ჰგონიათ, რომ შვილებს არ აქვთ წარმატებული კარიერა. რეალურად ამ ადამიანებს აქვთ უნარი, რომ ბევრ პროფესიას პარალელურად დაეუფლონ და შეუძლიათ მრავალმხრივ განვითარდნენ. მათი დევიზია - „იმუშავე, რომ იცხოვრო.“ ეს ადამიანები თავიანთ სამსახურს, პირად ცხოვრებას, ოჯახს, მეგობრებსა და ჯანმრთელობას სწორად ანაწილებენ. 

მესამე, თაობა Z დაიბადა 1996-2012 წლებში. ამ თაობის ყველაზე ასაკოვანი წარმომადგენელი დღეს 25 წლისაა. ორგანიზაციებში ისინი ახალგაზრდა თანამშრომლები არიან, რომლებმაც ახლახანს დაამთავრეს სწავლა ან ჯერ კიდევ სტუდენტები არიან. X თაობის გარკვეული ნაწილი მიეჩვია Y თაობის თავისებურებებს, მაგრამ ეს თაობა მათთვის ჯერ კიდევ უფრო უცხო და განსხვავებულია. ყველა კვლევა, რომელიც ამ თაობის შესახებ ჩატარდა, ადასტურებს, რომ ისინი არიან პრაგმატული, შედეგზე ორიენტირებული „მულტიტასკერები.“ თუ მათი წინა თაობა იდეაზე ორიენტირებულია, ესენი მზად არიან გარიგებებზე წამოვიდნენ, შეითავსონ სხვადასხვა მოვალეობა, ისწავლონ, განვითარდნენ. თუ ნახავენ, რომ მათთვის კონკრეტული იდეა არაფრის მომტანია, მზად არიან შეეშვან ამ იდეაზე მუშაობას. Z თაობის წარმომადგენლები რამდენიმე სამსახურში პარალელურად მუშაობენ, მათ შეუძლიათ ერთდროულად ბევრი საქმის კეთება. მათთვის ცხოვრება არის მეგობრებთან ურთიერთობა და გართობა. ამ თაობისთვის მეგობრები ოჯახის ხარისხში არიან აყვანილი, გართობაც უბრალო მოვლენა არაა, მათთვის ეს მნიშნველოვანი ასპექტია ცხოვრებაში.  

რატომ უნდა ვიცოდეთ ეს მახასიათებლები? თუ არ გვეცოდინება, რით სუნთქავენ ადამიანები, ვერ მივცემთ მათ მოტივაციას. პირიქით, შეიძლება არასწორი ნაბიჯებიც კი გადავდგათ, თუ ყველა ჩვენნაირი გვეგონება. "ფლომასტერის" ტრენინგებზეც ხშირად ვამბობთ, რომ სხვადასხვა თაობის წარმომადგენელს განსხვავებული სამუშაო გარემო და მიდგომა სჭირდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად  პროდუქტიული და შედეგიანი იყოს. 

 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
20 ოქტომბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები