თაობა Z: ვინ არის და რატომ უნდა მაინტერესებდეს?

თაობა Z: ვინ არის და რატომ უნდა მაინტერესებდეს?


ვინ არის თაობა Z და რატომ უნდა გვაინტერესებდეს ისინი. მნიშვნელოვანია უფროსი თაობის წარმომადგენლები სწორად აფასებდნენ Z თაობის წარმომადგენლების თვისებებს, რადგან ხშირია შემთხვევები, როდესაც სამსახურებრივ და არა მარტო სამსახურებრივ გარემოში მათი არ ესმით. თუმცა, ჩვენ მხოლოდ სამსახურებრივ ნაწილზე ვორიენტირდებით. ტრენინგებისას, კომპანიებთან მუშაობისას ხშირად მოდის შეკითხვები თაობა Z-ის შესახებ.  

დღეს სამსახურებში შეხვდებით 4 აქტიურ თაობას. ე.წ. ბეიბი ბუმერები, რომლებიც 1946-63 წლის შუალედში დაიბადნენ, X თაობა 1964 წლიდან 1980 წლამდე, Y თაობა, ანუ მილენიალები 1981-96 წლამდე დაბადებულები და 1997 წლიდან 2012 წლამდე დაბადებული Z თაობა. ამის შემდგომი თაობა ჯერ სამსახურების დაწყების ასაკამდე არ მისულა, ამიტომ ძირითადი აქცენტი თაობა Z-ზე კეთდება.  

Z თაობაზე რომ ვკონცენტრირდეთ 1997 წლიდან 2012 წლის ჩათვლით დაბადებული ადამიანებიდან ყველაზე ასაკოვანები არიან 25 წლის, რაც ნიშნავს, რომ ისინი უკვე განათლების სისტემასაც შეეხნენ სკოლებში, უნივერსიტეტებშიც დიდი ხანი არიან და სამსახურებშიც გამოჩნდნენ აქტიურად. პროფესიულ ასპარეზზე ჯერ ჯერობით მაღალ პოზიციებზე არ არიან გაბატონებულები, ძირითადად  ახალგაზრდა სპეციალისტები არიან.  

ტექნიკურად გასაგებია ვინ არიან Z თაობა, თუმცა მნიშვნელოვანია რით განსხვავდება ახალგაზრდა თაობა მოწინავე თაობებისგან.  

არსებობს კვლევაზე დაფუძნებული სტატისტიკა, რომელიც მეტ ნაკლებად ყველა Z თაობის წარმომადგენელს ახასიათებს. რა თქმა უნდა, როდესაც კვლევაზე ვსაუბრობთ და ადამიანების შეფასებაზე, არსებობენ გამონაკლისებიც, ამიტომ თუ ჩათვლით რომ იცნობთ Z თაობის წარმომადგენლებს, რომლებსაც განსხვავებული თვისებები და მახასიათებლები აქვთ, ნუ ჩათვლით რომ ან სტატისტიკა ცდება ან თქვენ. ეს თვისებები აქვთ Z-ების უმეტესობას, მაგრამ ამ უმეტესობის მიღმა არსებობს ასობით და ათასობით ადამიანი.    

სტატისტიკური მონაცემები გვეხმარება რომ ვივარაუდოთ თუ როგორია ჩვენთვის უცნობი ადამიანი. უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზაციების მენეჯერები ხშირად ადასტურებენ იმ თვისებებს, რასაც კვლევები გვეუბნებიან.  

და მაინც რით განსხვავდება ეს ხალხი?

პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ სუპერ ტვინი აქვთ ამ ადამიანებს. თუ არსებობს ორი ერთნაირი მობილური და ერთს აქვს 8 ბირთვიანი პროცესორი და მეორეს აქვს 2 ბირთვიანო პროცესორი, Z თაობას აქვს ყველაზე თანამედროვე პროცესორი, ტვინის ის ნაწილი აქვთ სუპერ განვითარებული, რომელი პასუხისმგებელი არის ინფორმაციის სწრაფად დამუშავებაზე. მოკლედ რომ ვთქვათ სწრაფი აზროვნები უნარი აქვთ.  

მეორე მხრივ, ამ ახალ პროცესორებს გრძელვადიან მეხსიერება ნაკლებად აქვთ. Z თაობის ადამიანებს, სკოლის მოსწავლეები არიან, უნივერსიტეტში სწავლობენ თუ სამსახურებში მუშაობენ, ძალიან უჭირთ გრძელვადიანად რაღაცების დამახსოვრება. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომელსაც ამ თაობასთან დაკავშირებით უნდა ფლობდეთ. ხშირად ეს თვისება მენეჯერების კრიტიკის საგანი ხდება ხოლმე, რადგან ვერ ხვდებიან ესეთ ნიჭიერ და სწრაფად მოაზროვნე ადამიანებს, რატომ უნდა ჰქონდეთ მეხსიერების პრობლემა. ზოგს ისიც კი ჰგონია, რომ სპეციალურად აკეთებენ ამას, არ სჯერათ რომ 5-ჯერ გამეორებულ ინფორმაციას მაინც ვერ იმახსოვრებენ. რეალობა კი ის არის, რომ Z თაობას არ სჭირდება ძლიერი მეხსიერება, მათ გარე მეხსიერება აქვთ ტელეფონების და Google-ის სახით, რომლის გამოყენებაც იდეალურად იციან.  

შესაბამისად მათი სწავლების პროცესიც და სამუშაო გარემო წინა თაობებისგან განსხვავებული უნდა იყოს.  

მესამე მნიშვნელოვანი რამ, რაც მათზე უნდა იცოდეთ არის რომ საერთოდ არ არიან ინერტულები. მაგალითად თუ X თაობას ახალ სამსახურთან შეგუებისთვის 6 თვე სჭირდებოდათ, Y თაობისთვის ეს დრო განახევრდა და 2-3 თვეში ახერხებენ ამას, ხოლო Z თაობას დღეები სჭირდება. უფრო მეტიც, ახალ სამსახურში ისინი მეორე დღესვე მაქსიმალურად პროდუქტიულები არიან. ასევე მარტივად შეუძლიათ ადაპტირდნენ ახალ გარემოსთან, ცვლილებებთან. თუ შესთავაზებთ, რომ ხვალიდან სრულიად განსხვავებულად იმუშაონ, დაფიქრდებიან, გაერკვევიან დეტალებში და გადაეწყობიან ახალ მოდელზე. სხვა თაობები ესეთ ტემპში ვერ ეწყობიან. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს სწრაფად გადაწყობის უნარს, როგორც წესი პრეტენზიად უყენებენ Z-ებს, მიზეზი კი არის თუ როგორ შეიძლება დღეს ადამიანს ეგონოს, რომ იურისტობა უნდა და ხვალ ფეხბურთელობა მოუნდეს.  

21-ე საუკუნის უნარების სახელმძღვანელოში მსოფლიოს მოაზროვნეები ამბობენ, რომ 21-ე საუკუნის ადამიანი საშუალოდ 6-ჯერ შეიცვლის პროფესიას. წასულია  ის დრო როდესაც სამსახური ვინმესთვის კერპია და მზადაა ცხოვრება შესწიროს.  

ფასეულობების სისტემაში თავისუფლება არის მათი დევიზი, ყველაფერში უნდათ თავისუფლება, სამსახურში, პირად ურთიერთობებში, გართობაში და ა.შ.  არც ერთი წინა თაობა ესე ძლიერად არ აფასებს თავისუფლებას, როგორც თაობა Z. მაგალითად, მილენიალები არიან დიდოსტატები რომ თავისი ნებით თავისუფლება შესწირონ იდეებს, იქნება ეს სამყაროს გადარჩენა, ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფა თუ სხვა ნებისმიერი მიზეზი, მთავარია, რომ მილენიალს სჯეროდეს იმ იდეის რისთვისაც შრომობს. X თაობის წარმომადგენლები დიდოსტატები არიან სამსახურისთვის თავისუფლების შეწირვაში.  

შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ Z თაობა საუკეთესოა. თუმცა ორგანიზაციებისთვის ეს პრობლემას წარმოადგენს, რადგან გრძელვადიან სამსახურში არ ჯდება მათი თავისუფლების იდეა. მათ მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ აქვთ ლოიალობა, მაგრამ ნაკლებად ლოიალურები არიან ორგანიზაციების და ბრენდების მიმართ. ასევე ნაკლებად ფიქრობენ ქორწინებაზე, უნდათ სიყვარული, შვილიც, მაგრამ გრძელვადიან კონტრაქტებს უნდობლად უყურებენ.  

გასათვალისწინებელია რომ დღეს მსოფლიოში Z თაობის წარმომადგენლები ყველაზე ბევრნი არიან, მაგრამ საქართველოში ეს თაობა ყველაზე ნაკლებია. როგორც აღვნიშნეთ 1997 წლიდან დაიბადნენ ამ თაობის წარმომადგენლები და ვიცით, რომ ამ პერიოდში საქართველოში რთული პერიოდი იყო, ამიტომ ძალიან ბევრი Z თაობის წარმომადგენელი არ დაიბადა. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ სამსახურში ვეძებთ 30 წლის ადამიანს, დაახლოებით 20 კანდიდატი შეიძლება გყავდეთ, ხოლო თუ ეძებთ 20 წლის ადამიანს 10-ზე ნაკლები კანდიდატი გეყოლებათ. საქართველოში ამ თაობის ნაკლებობას ემატება ის, რომ Z თაობა საერთაშორისო ბაზარზე, დისტანციურად მუშაობს, რაც კიდევ უფრო ამცირებს ქართულ ორგანიზაციებში მათი დასაქმების საშუალებას.

ეს არის Z თაობის ძირითადი მახასიათებლები.  

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
16 იანვარი 2023 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

Z თაობასთან მუშაობის პრობლემები

Gen Z-ის დარჩება ბურთი და მოედანი, ყოველმა შემდეგმა თაობამ აჯობა წინა თაობას, გამონაკლისი არც ეს ახალი თაობაა. . . .

როგორი სამსახური უნდა Z თაობას?

როგორი სამსახური უნდათ Z-ებს? მოკლე პასუხი არის, რომ არანაირი სამსახური არ უნდათ . . .

"დაკიდება" ანუ Quiet Quitting

Quiet Quitting ანუ უჩუმრად წასვლა სამსახურიდან. ეს ტერმინი აღნიშნავს იმას, რომ ვრჩები ორგანიზაციაში და „ფეხებზე ვიკიდებ“ საქმის კეთებას . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები