წარმატებული ადამიანების "საიდუმლო იარაღი" - დახმარების თხოვნა "არ ტეხავს"!

წარმატებული ადამიანების "საიდუმლო იარაღი" - დახმარების თხოვნა "არ ტეხავს"!


პატარა ისტორია მინდა მოგიყვეთ, რომელიც მე გადამხდა. 2017 წელს, ბათუმში ვესწრებოდი ძალიან საინტერესო კონფერენციას. იმ დროს სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობდი მინისტრის პოზიციაზე და ახალ დაწინაურებული ვიყავი ვიცე-პრემიერის პოსტზე. ამ კონფერენციაზე ჩამოსული იყო ბევრი საინტერესო ადამიანი, მათ შორის, მსოფლიო ჩემპიონი საჯარო გამოსვლებში (public speaking) სახელად, დანანჯაია ჰეტიარაჩი. დანანჯაიამ ჩაატარა პატარა დილის სესია ვიწრო წრისთვის, ამ ადამიანს ჩემი თავი გააცნეს, როგორც მინისტრი და ვიცე-პრემიერი, მე თავისთავად გამოწყობილი ვიყავი შარვალ კოსტიუმში. სესიაზე რჩევები გაგვიზიარა საჯარო გამოსვლაზე, პრაქტიკაში გვაჩვენა რაღაცები. რატომაც გიყვებით ამ ამბავს არის, რომ ერთი საინტერესო ეპიზოდი იყო ჩემთან მიმართებაში. სესიის დროს მომმართა და აღნიშნა, რომ ვარ ახალი დაწინაურებული, რაზეც დავეთანხმე. შემდეგ კი მკითხა: შეამჩნიე რომ შენი ჰალსტუხები უფრო ლამაზი გახდა? ანუ ხალხი უფრო მეტად გამჩნევს და კომპლიმენტებს გეუბნება? ისიც შეამჩნიე, რომ შენი ხუმრობები უფრო სასაცილოა, რაც თანამდებობა მოგემატა? არ შემეძლო ამაზე არ დავთანხმებოდი. შემდეგ კი მითხრა, რომ გასწავლი ერთ რამეს, რაც მიუხედავად იმისა, რომ ამხელა თანამდებობაზე ხარ შეიძლება არ იცოდეო ან არ გამოგდიოდესო. ამას ყველას თანდასწრებით მეუბნება. ცოტა კი ავნერვიულდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ცუდს არაფერს მასწავლიდა ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა ის რასაც მეუბნებოდა: მანდ იჯექიო, აწიე მარჯვენა ხელიო, ახლა კი ხმამაღლა წარმოთქვიო: მე მქვია სანდრო ჯეჯელავა და მე მჭირდება დახმარება, My name is Sandro Jejelava and I need help. ეს არის ის გაკვეთილი, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ვერ სწავლობს, მე კი ეს ამბავი და ეს ადამიანი ძალიან მძაფრად დამამახსოვრა. მისი ძალაც ხომ სწორედ იმაშია, რომ გადმოცემის ფორმა აქვს ძლიერი.  

დახმარების თხოვნის საკითხზე მანამდეც მიფიქრია, მაგრამ მას შემდეგ უფრო კონცენტრირებულად ვფიქრობ. ადამიანები რაც უფრო მაგრები ხდებიან თავის  საქმეში ჰგონიათ, რომ უფრო ნაკლები დახმარება სჭირდებათ. რეალურად კი საკუთარი თავის იმედად ყოფნა ძალიან დიდი პრობლემაა, არავის არაფერი თავისით არ მიუღწევია, რა თქმა უნდა, თქვენი თავის კონტრიბუცია დიდია თქვენივე წარმატებაში, მაგრამ მარტო არ ყოფილხართ ცხოვრების არცერთ ეტაპზე. თქვენ გეხმარებოდნენ ოჯახის წევრები, მეგობრები, მასწავლებლები, ლექტორები, კოლეგები, უფროსები და ა.შ. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით თქვენს წარმატებაში.

გამოდის რომ, რაც უფრო წარმატებული ხდებით მეტად უნდა მოითხოვოთ დახმარება. სტერეოტიპია, რომ რაც უფრო მეტი ვიცი და რაც უფრო მეტად შეძლებული ვარ, მით უფრო ნაკლებად მჭირდება დახმარება.  

წარმატებული ადამიანების ქცევის ანალიზი გვაჩვენებს, რომ ისინი, პირიქით, მეტ დახმარებას ითხოვენ, მეტი ადამიანის გაცნობას ცდილობენ, სხვებსაც ეხმარებიან გადაწყვეტილებების მიღებაში.  

როდესაც ამერიკაში პროექტებს ვაკეთებდი მძაფრად განვიცადე ამერიკული სასწაული იმ გაგებით, რომ ადამიანები არ გეშვებიან, იმდენად ცდილობენ რომ დაგეხმარონ. არ აქვს მნიშვნელობა შენ სთხოვე თუ არა მათ დახმარება, ისინი გეხმარებიან და ურთიერთობას ინარჩუნებენ, იციან, რომ საჭირო დროს ეს დახმარება უკან დაუბრუნდებათ და ისინი აუცილებლად მოგმართავენ მაშინ, როდესაც დახმარება სჭირდებათ.  

ჩვენს კულტურაში, სამწუხაროდ დადებით კონტექსტში განიხილება „ჩემით მივაღწიე“, „ყველაფერს თავისით მიაღწია“ ფრაზები. დახმარების თხოვნა კი ჯადოსნური ძალაა, რომელიც წარმატებისთვის აუცილებელია.  

საჯაროს სივრცეში მსმენელების 1%-იც კი არ სვამს შეკითხვებს. რატომ? არავის არაფერი აინტერესებს? არავის სჭირდება დახმარება? არა, უბრალოდ თავში გვაქვს ჩაბეჭდილი რომ არავინ შევაწუხოთ და ჩვენით მოვაღწიოთ ყველაფერს.  

ამიტომ, მეც მინდა გთხოვოთ, რომ მარჯვენა ხელი აწიოთ, თქვათ თქვენი სახელი და გვარი და თქვათ, რომ თქვენ გჭირდებათ დახმარება. 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
5 ოქტომბერი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები