ვინ არიან მეხანძრე მენეჯერები?

ვინ არიან მეხანძრე მენეჯერები?


ამჯერად მინდა მეხანძრე მენეჯერებზე გელაპარაკოთ. ეს ჩვენი ტერმინია, რომელსაც ვიყენებთ ხოლმე ტრენინგებში. პრაქტიკაში ძალიან ბევრი მეხანძრე მენეჯერი შემხვედრია და დღესაც, როცა კომპანიებთან ვმუშაობ ეს შემთხვევა საკმაოდ ხშირია. 

პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ რას ნიშნავს და ვინ არის მეხანძრე მენეჯერი. მისი სუპერ ძალა, არის სამსახურებრივი ხანძრების ჩაქრობა ნებისმიერი საშუალებით, ანუ სამსახურებრივ რეალობაში, საქმეში რომ გაჩნდება ხანძარი ეს ადამიანი, ასე რომ ვთქვათ „გამოვარდება სცენაზე,“ და ნებისმიერი საშუალებით ცდილობს ხანძრის ჩაქრობას. ბუნებრივია, რომ სწორედ ნებისმიერი საშუალებით უნდა ჩააქრო ხანძარი, რეალურ ცხოვრებაში ხანძრის დროს არავინ უყურებს სწორად ვაქრობთ თუ არა ცეცხლს, მთავარია ჩავაქროთ. ეს ხომ გადაუდებელი შემთხვევაა რა დროსაც ნებისმიერი ინსტრუმენტი მუშაობს. ამ მენეჯერსაც მეხანძრე იმიტომ დავარქვით, რომ სპეციალიზდება ასეთი ხანძრების ჩაქრობაში.

რა არის ეს ხანძარი არ სამსახურებრივ საქმეებში? ხანძარი არის ისეთი საქმე, რომლისთვისაც არასაკმარისი დრო, რესურსები და ინფორმაცია გვაქვს. წარმოიდგინეთ, რომ რაღაც მოხდა ბაზარზე და დამკვეთმა გადაწყვიტა კომპანიასთან კონტრაქტის შეწყვეტა, არ ვიცით რატომ, არც დრო გვაქვს ინფორმაციის მოსაძიებლად და ხვალ უკვე კონკურენტთან აწერს ხელშეკრულებას ხელს. ამ დროს გამოდის მეხანძრე მენეჯერი და ნებისმიერი გზით აგვარებს ამ საკითხს.  

თითქოს, ერთი შეხედვით კარგ სცენარს აღვწერთ. რეალური მეხანძრე, ხომ კარგი პროფესიაა და კარგ საქმეს ემსახურება, შესაბამისად ჩნდება განცდა, მეხანძრე მენეჯერიც კარგი მენეჯერია.  

მაგრამ რომ დავუკვირდეთ, ხანძარი რადგან არის კრიზისი, კრიზისი ამართლებს ყველანაირ მახინჯ მენეჯერულ პრაქტიკას. ხანძრის დროს მენეჯერს შეუძლია გვიანობამდე დატოვოს თანამშრომლები სამსახურში, მინიმალური ანაზღაურება გადაუხადოს, უხარისხოდ გააკეთოს საქმე, აუაროს კონტროლის მექანიზმებს გვერდი, არ გაიაროს დადგენილი პროცედურები იმ მიზეზით, რომ სად არის კრიზისის დროს ამის დრო, არ მოაწესრიგოს დოკუმენტაცია და ა.შ. გადაწყვეტილებებს იღებს ანალიზის გარეშე, არ უყურებს გაყიდვების დინამიკას ან კლიენტთან ურთიერთობას სიღრმისეულად არ სწავლობს.  

გამოდის, რომ მეხანძრე მენეჯერი არც თუ ისე იდეალური მენეჯერია. წესებს არღვევს, შესაძლოა თანამშრომლებს უსამართლოდაც ექცეოდეს.  

მთავარი შეკითხვა მდგომარეობს იმაში რომ, რა სიხშირით აქრობს მეხანძრე მენეჯერი ხანძრებს? ყოველ დღე ხანძარი ხომ არ აქვს? მეხანძრე მენეჯერი რადგან სპეციალიზებულია ხანძრებზე, მას ხანძრები სჭირდება, რომ თავი წარმოაჩინოს და გაიტანოს. პრიორიტეტული თუ არა სასწრაფო საქმეები მეხანძრეებს არ უყვართ. ამ დროს უნდა დასხდნენ და დასახონ 3 წლიანი სტრატეგია, დაგეგმონ გაყიდვების გუნდის კვალიფიკაციის ამაღლება, რაც ხანგრძლივი პროცესია. მათ უყვართ სასწრაფო, გუშინ გასაკეთებელი საქმეები.  

გამოდის, რომ თუ მენეჯერი მუდამ აპრიორიტეტებს სასწრაფო საქმეებს და თუ გვერდზე რჩება სტრატეგიულები საქმეები, ხანძრები არ გამოილევა ამ ორგანიზაციაში, იმიტომ, რომ მომავალში რომ ხანძარი არ იყოს ეს სტრატეგიული სამუშაოა. კლიენტებმა რომ არ გაწყვიტონ მოულოდნელად კონტრაქტები ეს ხომ საფიქრალია? პრობლემებია აღმოსაჩენი, გასაუმჯობესებელია ურთიერთობები და ა.შ.  

მეხანძრე მენეჯერს არ უნდა სტრატეგიული სამუშაოების შესრულება, ამით ადრენალინს ვერ იღებს, ამიტომ აპრიორიტეტებს იმას რაც სასწრაფოა, ხანძრებს აქრობს, შედეგად კი ტაშს უკრავენ როგორც მაგარ მეხანძრეს.

რეალურად ამაში უხდიან ამ ადამიანს ხელფასს? მეხანძრედ დაიქირავეს? შრომით ხელშეკრულებაში ის უწერია რომ ხანძრები უნდა ჩააქროს თუ ის რომ ხანძრები არ უნდა გაჩნდეს?

მიმუშავია აიტი კომპანიაში, HR-ში, სახელმწიფო სამსახურში და ძალიან ბევრ მეხანძრე მენეჯერს შევხვედრივარ. იცით რას შვრება ეს მენეჯერი ხანძრებს შორის? არაფერს. სტრატეგიულ საქმეებს არ აკეთებს, უფრო მეტიც, ხანძრის არ არსებობის შემთხვევაში ხელოვნურადაც კი გააჩენს. ამ ადამიანს ეს ატმოსფერო სჭირდება. ადრენალინის მიღება სჭირდება და ხანძრის ჩაქრობის შემდეგ ტაშის მოლოდინი აქვს, უნდა რომ საგმირო საქმეები მოჰყვეს, თუ როგორ მოაგვარა გადაუდებელი საქმეები. არ უნდა რომ წესებით ითამაშოს და სტრატეგიული საქმეები აკეთოს.  

დაფიქრდით თქვენ ხომ არ ხართ მეხანძრე მენეჯერი, ხომ არ ცდილობთ რომ პრიორიტეტული სტრატეგიული საქმეები ხვალისთვის გადადოთ და ხანძარი რომ გაჩნდება მერე ჩააქროთ. 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
28 თებერვალი 2023 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

რა მნიშვნელობა აქვს უკუკავშირს და რა სარგებელი შეიძლება მივიღოთ მისგან?

უკუკავშირი მნიშვნელოვანი საჩუქარია განვითარებისთვის და გვეხმარება საკუთარი ქცევა სხვადასხვა მხრიდან დავინახოთ. . . .

მენეჯმენტი სხვადასხვა კულტურაში

მოგეხსენებათ, რომ კულტურების თემა ძალიან ფართო და მრავალფეროვანია. მასზე მსჯელობა ბევრი თვალსაზრისით შეიძლება. . . .

როგორ ავალებენ თანამშრომლები მენეჯერებს (უკუდელეგირება)

როგორ ახერხებენ თანამშრომლები იმას, რომ რაც მათ ევალებათ და მათი პასუხისმგებლობაა, ავალებენ თავიანთ ხელმძღვანელებს? . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები