ყველა ვინც არ ვითარდება “თამაშგარე” დარჩება! Up or Quit!

ყველა ვინც არ ვითარდება “თამაშგარე” დარჩება! Up or Quit!


დღევანდელ სტატიაში ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივ საკითხზე ვილაპარაკებთ, რასაც "ფლომასტერის" ტრენინგებზეც ხშირად ვახსენებთ. 

ყველა ვინც არ ვითარდება “თამაშგარე” დარჩება - ამ ფრაზის ტრადიციული გაგება არის, რომ თუ არ წახვალ წინ, (არ იგულიხმება მხოლოდ კარიერული და მატერიალური წინსვლა), უკეთესი თუ არ გახდები, დარჩები თამაშგარე. ეს მოსაზრება გულისხმობს, რომ უკეთეს ვიდეოებს თუ არ ჩავწერთ მსმენელი აღარ გვეყოლება, ხაჭაპურის მცხობელი უკეთეს ხაჭაპურებს თუ არ გამოაცხობს, მყიდველი აღარ ეყოლება.

ამის კარგად გასააზრებლად კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამთ კმაყოფილების ფორმულას. კმაყოფილება = რეალობის აღქმას - მოლოდინი. გამოდის, რომ თუ რეალობის აღქმა უფრო მაღალია ვიდრე მოლოდინი, მიღებული სხვაობა დადებითი იქნება. თუ რაღაც საკითხის თუ მოვლენის მიმართ მოლოდინი უფრო მაღალი გქონდათ და რეალობას არ შეესაბამებოდა, მაშინ უკმაყოფილო დარჩებით მიღებული შედეგით. არსებობს მესამე ვერსიაც, თუ რეალობა და მოლოდინი ერთმანეთს დაემთხვა ანუ ზუსტად ის მიიღეთ, რასაც ელოდით კმაყოფილები არ დარჩებით, იქნებით ნეიტრალურები. ამ შემთხვევაში სხვაობა ნულოვანი გამოდის. 

მაგალითად, წარმოიდგინეთ ახალი თანამშრომელი, რომელსაც ხელმძღვანელობა პირველად ავალებს საქმეს. როგორი მოლოდინი აქვს მენეჯერს ამ დროს? ერთის მხრივ, მენეჯერმა იმიტომ მიიღო ახალი თანამშრომელი, რომ მისგან შედეგს ელის, ეს კი ამაღლებს მოლოდინს. მეორეს მხრივ, ყველა მენეჯერმა იცის, რომ სანამ საქმეში არ გამოცდის ადამიანს, შეიძლება, სერიოზული გულდაწყვეტა მიიღოს, ამიტომ საშუალო მოლოდინი აქვთ ხოლმე. 

იმ შემთხვევაში თუ ამ თანამშრომელმა გადააჭარბა მოლოდინს და ძალიან კარგად შეასრულა დაკისრებული საქმე, გარშემო კმაყოფილება დაისადგურებს. რაც, თავისთავად კარგია. მაგრამ რა ემართება ამ დროს მოლიდინს? ის ამაღდლება და შემდეგი საქმის შესრულებამდე ხელმძღვანელობას და კოლეგებს ექნებათ კიდევ უფრო დიდი მოლოდინი, რომ ხსენებული ახალი თანამშრომელი კიდევ უფრო უკეთესად შეასრულებს საქმეს. და რა მოხდება თუ იგივენაირად შეასრულებს ის საქმეს? რეალობა დარჩება იგივე, მოლოდინი ამაღლებული და მივიღებთ ნულოვან შედეგს, რაც როგორც უკვე განვმარტეთ, კმაყოფილება არ არის. თუ დროთა განმავლობაში ამ ადამიანმა ისევ ისე გააგრძელა მუშაობა, საბოლოოდ მის მიმართ გაჩნდება უკმაყოფილება. ჩვენი მოსაზრების მიხედვით, გამოდის, რომ ეს ადამიანი არ ვითარდება. 

ყველას გქონიათ ალბათ შემთხვევა, როდესაც კონკრეტულ ადგილს გარკვეული დროის განმავლობაში სტუმრობდით და გაგჩენიათ უკმაყოფილება, რომ სერვისი გააფუჭეს. რეალურად შეიძლება არც გააფუჭეს, უბრალოდ არ განავითარეს, რაც თავისთავად გიჩენთ განწყობას, რომ გააფუჭეს. გამოდის, რომ ერთ ადგილას გაჩერება და დიდი ხნის განმავლობაში ერთნაირად საქმის კეთება უკუსვლაა. 

თუ გინდათ, რომ შეინარჩუნოთ თქვენი მდგომარეობა ამისთვისაც მოგიწევთ სულ უფრო კარგად აკეთოთ თქვენი საქმე. თუ უკეთეს ტრენინგებს ჩავატარებთ ეს იმას კი არ უზრუნველჰყოფს, რომ უფრო მეტს გავყიდით, ეს დაგვეხმარება, რომ დავრჩეთ ამ საქმეში და არსებული მომხმარებლები შევინარჩუნოთ. ხოლო თუ გვინდა, რომ ახალ აუდიტორიებზე გავიდეთ მაშინ საქმე კიდევ უფრო უკეთესად უნდა ვაკეთოთ. 

რომ დავუბრუნდეთ ფრაზას “Up or Out” ზუსტად იმას ნიშნავს, რომ თუ ხვალ უკეთესად არ გააკეთებთ საქმეს, ვიდრე აკეთებდით დღეს და მომავალ წელს უკეთესი თუ არ იქნებით თქვენს საქმეში, ჩაითვლება, რომ ხართ უარესი.

ჩვენ ვამბობთ, რომ მდინარეში ერთ ადგილას გაჩერება თუ არ გვინდა უფრო სწრაფად უნდა მოვუსვათ ნიჩბები, ხოლო თუ გვინდა, რომ მდინარის დინების საპირისპიროდ ვიცუროთ, კიდევ უფრო დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება. მხოლოდ წინსვლა და განვითარება უზრუნველჰყოფს საქმეში ყოფნას.

ხშირად გექნებათ მოსმენილი შეკითხვები, რომ სულ ასე ვაკეთებდი და ახლა რატომ აღარ მოსწონს უფროსს თუ დამკვეთს? ზუსტად იმიტომ, რომ სულ ასე აკეთებდით და არაფერი შეცვალეთ და განავითარეთ. 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
5 აპრილი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები